მანავის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანავის ციხე

მანავის ციხე − (ინგლ. Manavi Castle), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხესიმაგრე გარეკახეთში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: შიდაციხე ანუ ციტადელი (წყალსაცავიანი სასახლე, დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები, მცირე კოშკი, მოზრდილი კოშკოვანი სახლი, ორსართულიანი შენობის ნანგრევები), სამი დარბაზული ეკლესია წყალსაცავითურთ, მესამე წყალსაცავი, ქვედა ციხე საყარაულო კოშკით და გალავანი.

დარბაზული ეკლესიები

ზოგადი ნიშნებით ციხის ძველი ფენა X-XI საუკუნეებით თარიღდება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებით. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო, რადგან სრულად აკონტროლებდა თბილისიდან კახეთში მიმავალ ხეობას. XVIII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მეფეს დავით II-ს (იმამ-ყული ხანი) მანავი რეზიდენციად გაუხდია და აქედან მართავდა კახეთს. მასვე აუგია სასახლეც. მანავის ციხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ 1712 წელს აქ დაიწერა ჯვარი და იქორწინა თეიმურაზ II-მ, რომელიც 1732 წელს კახეთის, ხოლო 1744 წლიდან ქართლის მეფე გახდა.

ზედა ციხის გალავანიე

მანავის ციხე მიუდგომელია დასავლეთის მხრიდან. სხვა მხარეებიდან კი გალავანი იცავს. ციხე ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება: შიდაციხე ანუ ციტადელი და ქვედა ციხე. ციტადელი გეგმით უსწორო ოთხკუთხედია, რომლის სიგრძე დაახლოებით ორჯერ აღემატება სიგანეს. გარე კედლებიდან შემორჩენილია დასავლეთისა და ჩრდილოეთის, ხოლო დანარჩენის მხოლოდ კვალი ჩანს. ციტადელის ტერიტორიაზეა განლაგებული ქვედა ციხის (მეფის რეზიდენციის) ნაგებობებიც. ციტადელის ჩრდილოეთის კედლის შუა ნაწილში მეფის სამსართულიანი სასახლე მდგარა, რომლის ერთი, 6-7 მ სიგრძის კედელია შემორჩენილი. პირველ სართულზე შეინიშნება მცირე ზომის მართკუთხა წყალსაცავის კვალი. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხე ბურჯს ეჭირა. აქვე უნდა ყოფილიყო მცირე კოშკიც. მოზრდილი, 8 მ სიმაღლის, კოშკისებრი სახლი მდგარა გალავნის დასავლეთით, კედლის სამხრეთ ბოლოში (ნანგრევებია დარჩენილი). გალავნის შუაში ორსართულია-ნი შენობის ნანგრევებია. ციტადელის შუაში ჯგუფად დგას სამი ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, რომელთაგან ყველაზე დიდი ეკლესიის ქვეშ მოთავსებული ყოფილა წყალსაცავი. ამ ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ციხეს მესამე წყალსაცავიც ჰქონდა. ციტადელის აღმოსავლეთით მიდგმულია ქვედა ციხე, რომელიც ზომით თითქმის ორჯერ აღემატება ზედა ციხეს. აქ მეფის რეზიდენცია იყო განლაგებული. ციხის ჭიშკარი მდებარეობდა ქვედა ციხის ჩრდილო კედლის შუაში, სადაც საყარაულო კოშკიც მდგარა. გალავანი ძლიერ დაზიანებულია. იგი ადგილ-ადგილ გამაგრებული ყოფილა ნახევარწრიული მოყვანილობის ბურჯებითა და კონტრფორსებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები