ენათმეცნიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლინგვისტიკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენათმეცნიერება, ლინგვისტიკა – მეცნიერება ადამიანის ენის შესახებ.

ენათმეცნიერება, ლინგეისტიკა, არის მეცნიერება ადამიანის ენის შესახებ. ენათმეცნიერებას აინტერესებს ყეელა ენა – ამჟამად თუ ოდესმე არსებული, ან მომავალში შესაძლებელი; განურჩევლად იმისა, ვინ ან რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ამა თუ იმ ენაზე – მაღალი ცივილიზაციის წარმომადგენელი თუ კულტურის განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ათასობით, მილიონობით (მილიარდიც კი), თუ მხოლოდ რამდენიმე ათეული (რამდენიმე ინდივიდი). ენათმეცნიერების ობიექტია ადამიანის სამეტყველო მოქმედება თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებებით, ანუ ენათმეცნიერებას აინტერესებს ყეელაფერი ენის შესახებ. აქ შემოდის პრობლემათა ფართო წრე, მაგრამ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება პასუხი კითხვაზე – რა არის ენა?

ენის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს, რაც გამოწვეულია თვით ენის ბუნებით. ენა მრავალასპექტიანი, მრავალკომპონენტიანი, სტრუქტურულად ურთულესი მოვლენაა. იგი ერთსა და იმავე დროს წარმოგვიდგება როგორც ფსიქიკური და ფიზიკური, სოციალური და ინდივიდღუალური, დროის ყოველი მონაკვეთისათვის ჩამოყალიბებული სისტემა და მუდმივ ცვეალებადობაში მყოფი მოვლენა, სემიოტიკური ბუნების მქონე და, ამასთანავე, ბიოლოგიურად განპირობებული წარმონაქმნი და ა.შ. ენა გვევლინება ამ ჰეტეროგენიული კომპონენტების ერთიანობად, რომელთაგან თითოეული აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი ენის დასახასიათებლად. ენის შემადგენლობაში ისინი მოქმედებენ ერთდროულად, ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ღა ამით განაპირობებენ თვით ენის არსებობას. ამიტომ ენის განსაზღვრა მათგან რომელიმე ერთის მიხედვით (რისი ნიმუშებიც ენათმეცნიერების ისტორიაში მრავლად არის) იქნება არასრულყოფილი და, ამდენად, არაადეკვატური, სანამ არ დადგინდება ენის არსი და ამით არ დამყარდება აღნიშნულ კომპონენტებს შორის „ბუნებრივი წესრიგი“ (ფ. დე სოსიური). ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანა არის ენის არსის დადგენა. ამ (და ენასთან დაკავშირებულ მრავალ სხვა) საკითხზე პასუხი დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ ენის რომელი მხარეა აღებული კვლევის საგნად, არამედ იმაზეც, თუ რა მოთხოვნებს აყენებს ეპოქა ენათმეცნიერის კვლევის წინაშე, და როგორია ეპოქის კულტურულ-ინტელექტუალური დონე. ამის მიხედვით ენის შესახებ ცოდნა იცვლება, შესაბამისად იცვლება (ვიწროვდება ან ფართოვდება) ენათმეცნიერული კელევის ფარგლებიც. მაგრამ ძირითად პრობლემად ყოველთვის რჩება ენის არსის პრობლემა. ფაქტობრივად აქ იყრის თავს ენის შესწაელასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: ენა და მეტყველება, ენა და აზროვნება, ენობრივი ფორმა და სუბსტანცია, ენა და საზოგადოება, ენა და ეთნოსი, ენა და კულტურა, ენის წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებები, ენის სისტემურ-სტრუქტურული ორგანიზაცია, ენობრივი კომუნიკაცია და მრავალი სხვ.

სარჩევი

ენათმეცნიერების სათავეებთან

ბუნებრივია, ენის შესწავლასთან დაკავშირებული მთელი ეს პრობლემატიკა ერთბაშად არ წარმოქმნილა. თანამედროვე ლინგვისტიკური დონის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა გამიზნული დაკვირვებებისა და ძიებების ხანგრძლივი, თითქმის სამათასწლოვანი, ტრადიციები. სწორი არ იქნება მათი შეფასება როგორც „არამეცნიერული“, ან თუნდაც „მეცნიერებამდელი“ კვლევისა (რაც უფრო ცალმხრივი შეფასების შედეგია). ეს ტრადიციები ისახებოდა და ვითარდებოდა სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იქ არსებული კულტურული დონის საფუძველზე წამოჭრილი პრაქტიკული მოთხოვნების შესაბამისად. ცნობილია კვლევის ისტორიულად ჩამოყალიბებული შემდეგი კერები: ევროპული, ინდური, არაბული, ჩინური და იაპონური. გარკვეული ისტორიულ-გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორების გამო მათ თანაბარი მონაწილეობა არ მიუღიათ უშუალოდ თანამედროვე ენათმეცნიერების ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ ეს ფაქტი არ ამცირებს ამ ტრადიციების მნიშენელობას ლინგვისტიკური აზრის ისტორიისათვის. უფრო მეტიც, დასახული მიზნებითა და, რაც მთავარია, მიღწეული შედეგებით ეს იყო კვლევა, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ენის გარკვეული ასპექტების შესწავლაში და ამით თავისი წელილი შეიტანა თანამედროვე ლინგვისტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ბაზის შექმნასა და მის გამდიდრებაში.

ანტიკური პერიოდი

ლინგვისტიკა, როგოც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, რომელმაც თანდათანობით შეძლო ფართოდ მოეცვა ენის პრობლემები და გამხდარიყო არა რეგიონალური, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერება, ჩამოყალიბდა ევროპული ტრადიციების ბაზაზე. თავის მხრივ, ეს ტრადიციები სათავეს იღებს ანტიკურ მეცნიერებაში. ამან მნიშენელოვანწილად განსაზღვრა არა მხოლოდ ანტიკური გრამატიკიული მოძღვრების ხასიათი, არამედ საბოლოოდ ლინგვისტიკური აზრის განვითარება ევროპაში.

ანტიკური გრამატიკული მოძღვრება თავის დროზე ჩაისახა წმინდა ფილოლოგიური მიზნებით („ილიადასა“ და „ოდისეას“ ძველი, IX-VII სს. ტექსტების შესწავლა), მაგრამ ადრევე შეიძინა ფილოსოფიური შინაარსი (საკუთრივ გრამატიკა იმ ჰერიოდისათვის წარმოადგენდა ვიწრო „ხელოვნებას“, უშუალოდ წერა-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებულ პრაქტიკას და, ბუნებრივია, შეზღუდული იყო ამ პრაქტიკის ინტერესებით). ანტიკური მეცნიერების სინთეზურმა ხასიათმა განსაზღვრა ლინგეისტიკური კვლევის მიმართულებაც: იგი დაკაეშირებული აღმოჩნდა ზოგადფილოსოფიურ პრობლემატიკასთან და ძირითადად ამ პრობლემატიკის ფარგლებში ვითარდებოდა. ცნობილი კამათი, რომელიც მიმდინარეობდა ძვ. ბერძნულ, ფილოსოფიაში „ფიუსეისა“ და „თესეის“ მომხრეებს შორის სახელთა „სისწორეზე“ (არსებითად სახელდების პრინციპზე), ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ენის საკითხების კვლევისათვის. მუშავდებოდა ბგერათა კლასიფიკაციები, ჩამოყალიბდა მოძღვრება მეტყველების ნაწილთა შესახებ, განიხილებოდა ზმნისა და სახელის კატეგორიები, ბრუნების სისტემა, სინტაქსის პრობლემები და სხვ. ფილოსოფიასთან კავშირი არ გაწყვეტილა ელინისტურ პერიოდშიც კი, როდესაც ალექსანდრიელმა გრამატიკოსებმა შექმნეს ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი გრამატიკული მოძღვრება, რომელმაც დასრულებული სახე მიიღო დიონისე თრაკიელის „Τηχγη Υραμματικπ“-ში.

ბერძნული გრამატიკის პრინციპები დაედო საფუძვლად ლათინური ენის ადრინდელ (ძვ.წ. II–ახ. წ.I სს.) გრამატიკებს (ელიუს სტილო, მარკ ტერენციუს ვარონი, მარკ ფაბიუს კეინტილიანი). ამავე პრინციპებს (გარკვეული ცვლილებებით) ეყრდნობიან გვიანდელი რომაელი გრამატიკოსებიც, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ დონატუსი (IV ს. და პრისციანუსი (VI ს). სწორედ მათი გრამატიკები გახდა ის ძირითადი წყარო, რომლითაც სარგებლობდნენ შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ლათინური, როგორც რელიგიისა და მეცნიერების ენა, პრაქტიკული შესწავლისა და ფილოსოფიური რეფლექსიის ერთადერთ საგნად იქცა.

შუა საუკუნეები

მაგრამ შუა საუკუნეები გრამატიკის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით არ შეიძლება ერთგეაროვნად შეფასდეს. გვიან შუა საუკ-ში (XI-XII-იდან) ანტიკიკური ფილოსოფიის, განსაკუთრებით არისტოტელეს დიდი გავლენით იწყება ლოგიკის აღმავლობა, რამაც თეოლოგიასა და ცოდნის ყველა სფეროში შეაღწია. თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ეს გავლენა გრამატიკაშიც (როგორც ეს ანსელმ კენტერბერიელის, ჟილბერტის, პიერ აბელარის ნაშრომებიდან ჩანს). ხდება გრამატიკის ლოგიზაცია, რეალურად ჩნდება ლოგიკის მხრიდან გრამატიკის „ჩაყლაპვის საფრთხე“ (ი. პინბორგი). მაგრამ ამ პერიოდშივე თავი იჩინა საპირისპირო ტენდენციამაც. სამონასტრო და საუნივერსიტეტო სწავლების პრაქტიკაში, ტექსტის კომენტირებასთან დაკავშირებით, ჩნდება ახალი იდეები, იწყება პრისციანუსის კრიტიკა (უილიამ კონჩიელი). არის ცდები გრამატიკის დამოუკიდებლობის დაცვისა (პეტრე ჰელიელი), მაგრამ ამ სიახლეებს გრამატიკულ აზროვნებაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია. ურყევი რჩებოდა ამ პერიოდისათვის გაბატონებული თვალსაზრისი, რომ ენის ლოგიკური არსი საერთოა ყველა ხალხისათვის (ენებს შორის განსხვავება მხოლოდ გარეგნულია). სწორედ ამ იდეებმა დაუდო საფუძველი უნივერსალური გრამატიკების შექმნას. მაგრამ ენის ფილოსოფიის ფარგლებშიც კი ლინგვისტიკური კვლევის თვალსაზრისით მაინც გარკვეული წარმატებები იქნა მიღწეული (უპირატესად სინტაქსისა და სემანტიკის სფეროებში).

აღორძინების ეპოქა

მდგომარეობა არსებითად შეიცვალა აღორძინების პერიოდიდან (XV საუკუნიდან ფაქტობრიეად XVII ს. დასასრულამდე), როდესაც ეპოქის მოთხოვნილებებმა, ისეეე როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა დარგში, ენათმეცნიერული კვლევის წინაშეც ახალი ამოცანები დააყენა. ხალხთა შორის პოლიტიკური თუ რელიგიური კონტაქტების ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერესი სხვა, განსაკუთრებით ცოცხალი, ზოგ შემთხვევაში მანამდე უცნობი, ენების მიმართ. ლათინური გრამატიკების გვერდით იწერებოდა მათ ყალიბზე შექმნილი ნაციონალური გრამატიკები. ასე, XV-XVI სს-ში შეიქმნა ესპანური, ბრეტონული, ფრანგული, ინგლისური, უნგრული, ჩეხური, პოლონური, ბასკური, სლაური, ლიტვური და სხვა ენების გრამატიკები. მართალია, მათი ძირითადი მიზანი, XVI ს. სლოვენი გრამატიკოსის ლავრენტი ზიზანის სიტვეებით, იყო სწორად მეტყველებისა და წერის შესწავლა, მაგრამ ახალ ენებთან ერთად ევროპელები ეცნობოდნენ ახალ გრამატიკულ ტრადიციებსაც (ეს განსაკუთრებით ითქმის არაბულ გრამატიკულ მოძღვრებაზე). გაფართოვდა კვლევის ჰორიზონტი, დაიწყო უნივერსალური ენებისა და ანბანური სისტემების, უნივერსალური გრამატიკების დამუშავება, მ. შ. შეიქმნა პორ-როიალის ზოგადი გრამატიკა, რომლის იდეების შეფასება მხოლოდ XX ს-ში მოხდა (ფ.დე სოსიური ნ. ხომსკი). მაგრამ მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება სხვა გზით განვითარდა.

კელევის ჰორიზონტის გაფართოებას შედეგად მოჰყვა მრავალენოვანი შედარებითი ლექსიკონების შექმნა (3 ს. პალასის ლეკსიკონი 272 ენის. ლ. გერვასის – 307 ენის. ი. კადელუნგისა და ი.ს ფატერის – 500 ენის მასალაზე). რომელთა დონე არც თუ ისე მაღალი იყო. მაგრამ მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლინგვისტიკური კვლევის განვითარებაში. შუა საუკუნეებში გაბატონებული ტრადიციული პრობლემატიკის, განსაკუთრებით ენათა უცვლელობის შესახებ თეზისის, გვერდით თანდათანობით ფეხს იკიდებდა ენათა ისტორიული განვითარებისა (ჯ. პრისტლი, მონბოდო, ი. გ. ჰერდერი) და ენათა ნათესაობის (ი. ი. სკალიგერი,მ. ლიტუანუსი, ლ. კატე, ფ. რუჰიგი, გ. ლაიბნიცი, მ. ლომონოსოვი, და სხვა) იდეები. ენათმეცნიერებამ იდეების განვითარებას გარკვეულწილად ხელს უწყობდა აგრეთვე იმდროინდელი სამეცნიერო ატმოსფერო (ისტორიული და საბუნებისმეტყვველო დარგების განვითარება). ყოველივე ამას არ შეიძლებოდა გარდატეხა არ გამოეწვია ლინგვისტურ აზროვნებაში და ასეც მოხდა. როდესაც ინდოეთში მოღვაწე იურისტი და ორიენტალისტი უ. ჯონსი 1786 ინგლისის სამეფო აზიური საზოგადოების წინაშე წარდგა თავისი დაკვირვებებით სანსკრიტის (ძვ. ინდ. სალიტერატურო ენა) სიახლოვეზე ბერძნულ და ლათინურ, ასევე გოთურ, კელტურ და ძვ. სპარსულ ენებთან, აგრეთეე ამ ენათა შესაძლო საერთო წყაროზე, ნიადაგი ახალი მიმართულებისათვის მომზადებული იყო. სანსკრიტის „აღმოჩენა“ გახდა უკანასკნელი ბიძგი, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ევროპილი ლინგვისტური კვლევის მიმართულება. ევროპელ მკვლევართა მიერ სანსკრიტი გამოყენებულ იქნა არსებითად როგორც ენობრივი მასალა, რომელიც საგრძნობლად იფართოვებდა შედარების პერსპექტივებს. მაგრამ იმ ეპოქის ლინგვისტური აზროვნება ვერ აღმოჩნდა მზად სათანადოღ გაეაზრებინა ცოდნის ის დონე, რომელსაც ინდოელმა გრამატიკოსებმა მრავალი საუკუნით ადრე მიაღწიეს სანსკრიტის შესწავლაში. უფრო გვიან ლინგვისტური კელევის პრაქტიკამ ანალოგიური საკითხები ხელახლა წამოჭრა.

XIX საუკუნე

XIX ს. დასაწყისიდანვე გაიშალა ფართო შედარებით-ისტორიული კვლევა. მართალია, ამ კვლევაში ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევი ან დასაზუსტებელი იყო, მაგრამ თავისი მასშტაბებით, სხვა მეცნიერებათაგან დამოუკიდებელი საგნითა და საკუთარი მეთოდებით უკვე მოასწავებდა ახალი მეცნიერული დარგის ჩამოყალიბებას. ეს იყო სრულიად ახალი მიდგომა, ახალი მეცნიერული პარადიგმა, რომელმაც უმნიშენელოვანესი როლი შეასრულა ენათმეცნიერების, როგორც მაღალგანვითარებული მეცნიერების, სტატუსის მიღწევაში.

მაგრამ, მიუხედავად კომპარატივისტიკაში დიდი წარმატებებისა, რომელსაც შედარებით-ისტორიულმა ენათმეცნიერებამ მიაღწია XIX ს-ში, მან ვერ შეძლო მოეცვა ენობრივი კვლევის უმნიშვნელოვანესი ასპექტები, „ვერ გახდა ისტორიული მეცნიერება“ (ფ. დე სოსიური). გამოსავალი თვით კვლევის პროცესმა აჩვენა. თუ იმ პერიოდის ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპის თანახმად, ენის მეცნიერული შესწავლა ნიშნავდა მხოლოდ ისტორიულ შესწავლას, დიაქრონიული კვლევის გაღრმავებასთან დაკავშირებით უფრო და უფრო მეტად იგრძნობოდა სინქრონიული კვლევის აუცილებლობა (ჰ. პაული, ი. ბოდუენ დე კურტენე). განსაკუთრებით გაიზარდა სინქრონიული კვლევის როლი ფ. დე სოსიურის შემდეგ. სწორედ სოსიურიდან იწყება სინქრონიული ენათმეცნიერების, როგორც დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი მეცნიერების, აღიარება.

XX ს-ში უკეე სინქრონიული ენათმეცნიერების ბაზაზე მოხდა როგორც ტრადიციული დარგების გადასინჯვა ახალი მეცნიერული პრინციპების მიხედვით, ისე ახალი მიმდინარეობებისა და დარგების წარმოშობა, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველს. (ი. ქობალავა)

ენათმეცნიერების თანამედროვე მიმართულებები

XX ს. II ნახ-ში ზედიზედ წარმოიშვა ენათმეცნიერების ახალი მიმართულებები, რომლებმაც ენის სისტემისადმი იმანენტური მიდგომის არასაკმარისობა გამოავლინეს. ისინი ყალიბდებოდა სტრუქტურული ენათმეცნიერების ერთგვარი დაძლევითა და ახლო წარსულში ფართოდ გავრცელებული კონცეფციების კრიტიკით. ახალი შეხედულებების მიხედვით, არაადეკვატურია ენობრივ ერთეულთა ანალიზის შემოფარგვლა ენის მხოლოდ მოდელებისა და სტრუქტურების ანალიზით, ასევე, ცალმხრივობა ახასიათებს თეორიებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ იმას, რომ ენობრივი კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია, რომელშიც მონაწილეობს როგორც მოლაპარაკე (მეტყველების წარმომქმნელი), ისე მსმენელი (მეტყველების აღმქმელი), რომ კომუნიკაცია მხოლოდ მზა ენობრივი ფორმების რეალიზაცია არ არის, არამედ ამ ფორმათა წარმოქმნაც. იდეა მომდინარეობს ე. ფონ ჰუმბოლდტისაგან (1767-1835), რომელიც ენას განიხილავს როგორც „უკვე შექმნილის, უკვე ნაწარმოების“ („ერგონის“) და „შექმნის პროცესში მყოფის“, „შემოქმედი ძალის“ („ენერგეის“) დიალექტიკურ ერთიანობას, ამასთანავე, მთავარი როლი ამ უკანასკნელს ენიჭება. თანამედროვე ენათმეცნიერებაში მოხდა ჰუმბოლდტის თეორიის აქტუალიზება, რაც ენის ახალ გაგებაშიც აისახა – ენა განისაზღვრება არა როგორც ნიშანთა სტატისტიკური სისტემა, არამედ როგორც სისტემა რეალურ მოქმედებაში, ადამიანთან, მეტყველ სუბიექტთან მჭიდრო კავშირში.

თანამედროვე კომუნიკაციური თეორიის თანახმად, ენის შესწავლა უნდა მიმდინარეობდეს როგორც შიდაენობრივი (ინტრალინგვისტური), ისე გარეენობრივი (ექსტრალინგვისტური) ფაქტორების გათვალისწინებით, რადგან ისინი არსებითად განაპირობებენ ენობრივი ურთიერთობის სტრუქტურასა და შინაარსს. შესაბამისად, ენის ანალიზი გახდა კომპლექსური, ხოლო ანალიზის საგანი – უფრო ვრცელი (ტევადი). მაგ. სიტყვის მნიშვნელობის კვლევისას საკმარისი აღარ არის საკუთრივ ენობრივი კონტექსტი, აუცილებლად გასათვალისწინებელია პრაგმატიკული კონტექსტიცა და სიტუაციაც; სინტაქსური კვლევაც გასცდა წინადადების ფარგლებს და მან მეტყველების აქტთა ბმულ თანამიმდევრობაზე, ანუ დისკურსზე გადაინაცელა, რომელიც სხვადასხვა ასპექტის (პრაგმატიკული, სემანტიკური, რეფერენტული, ემოციურ-შემფასებლური) გათვალისწინების საშუალებას იძლევა.

ადამიანის ფაქტორის შემოყვანას ენის ანალიზის სფეროში, რამაც ლინგვისტიკის ჰორიზონტის გაფართოება გამოიწვია, თან ახლდა ენათმეცნიერების დაახლოება ადამიანის შემსწავლელ დისციპლინებთან (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კულტუროლოგია, კოგნიტოლოგია, ბიოლოგია, ნევროლოგია…). მათ მიჯნასა და გადაკვეთაზე წარმოიშვა ინტერდისციპლინარული მეცნიერებები, რომლებიც თანამედროვე ჰუმანიტარული ცოდნის ანთროპოცენტრულ, დინამიკურ, ფუნქციონალურ, კოგნიტიურსა და, საბოლოო ჯამში, კომუნიკაციურ პარადიგმაში განიხილება. ახალ დისციპლინათა მეცნიერებათაშორისი ბუნება და სტატუსი გამოხატულებას პოულობს თითოეული მათგანის ცნებით აპარატსა და კომპოზიტურ სახელწოდებაში.

ფსიქოლინგვისტიკა

ფსიქოლინგვისტიკა შეისწავლის ბუნებრივი ენით გადმოცემული შეტყობინების წარმოქმნისა და აღქმის თვისებებსა და ბუნებას, იკვლევს. მეტყველების პროცესს შინაარსის, მეტყველების აქტის კომუნიკაციური ღირებულებისა და კომუნიკაციურ მიზანდასახულობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ფსიქოლინგვისტიკის პრობლემატიკა უკავშირდება ენის დაუფლებისა და გამოყენების მექანიზმებსა და მენტალურ პროცესებს, ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართების გარკვევას, ბავშვის მეტყველებასა და სხვ.; ქმნის თეორიულ საფუძველს პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ისეთ სფეროებმი, როგორიცაა ენის (დედაენის) სწავლება, სკოლამდელთა აღზრდა და ლოგოპედია, ფსიქოთერაპია, სასამართლო ექსპერტიზა, კრიმინალისტიკა, აგრეთევ, მეტყველების ფონოლოგიურ, გრამატიკულ ლექსიკურ და სემანტიკურ მოშლილობათა გამოვლენა. ეს უკანასკნელი სფერო ფსიქოლინგვისტიკას საერთო აქვს ნეიროლინგვისტიკასთან.

ნეიროლინგვისტიკა

ნეიროლინგვისტიკასთან, სპეციალურად არის ორიენტირებული სხვადასხვა სახის აფაზიათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. იგი შეიქმნა ნევროლოგიისა და ენათმეცნიერების მიჯნაზე და ენის სისტემას შეისწავლის ენობრივი ქცევის მიმართებით ტვინის სუბსტრატთან. ნეიროლინგვისტიკის პრაგმატიკული განშტოებაა ნეიროლინგვისტური პროგრამირება, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. ენის ნევროლოგიურ მექანიზმებს სწავლობს ბიოლინგვისტიკაც, მაგრამ მოლეკულური გენეტიკის თვალსაზრისით. იგი იკვლევს ენობრივ ჩვევათა და სტრუქტურათა თანდაყოლილობის საკითხს, ლინგვისტურ და გენეტიკურ კოდებს შორის სტრუქტურულ მსგავსებასა და იმ გენეტიკურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მიერ ენის ათვისებასა და ენის გამოყენებას, ანუ ენობრივი უნარის განვითარების ბიოლოგიურ წანამძღვრებს.

სოციოლინგვისტიკა

სოციოლინგვისტიკა ვითარდება ენათმეცნიერების, სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიისა და ეთნოგრაფიის გადაკვეთაზე. იგი შეისწავლის ენის სოციალურ ბუნებასთან დაკავშირებულ პრობლემათა ფართო კომპლექსს, იკვლევს სოციალური ფაქტორების გავლენას ენაზე, სწავლობს ენის არსებობის ფორმებსა და ენის ფუნქციონირებას საზოგადოებაში, საერთოდ, ენის სოციალური დიფერენციაციის პრობლემებს, რაც უკავშირდება სხვადასხვა სახის განსხავავებებს, რომლებიც ენობრივ ერთეულთა თავისებურებებს განაპირობებს. ამ განპირობებულობის შედეგია სოციალური დიალექტი, ენის ვარიანტი, სტილი (ფუნქციონალური და ინდივიდუალური), საზოგადოების გარკვეული მოთხოვნების საფუძველზე შექმნილი სალიტერატურო ენა.

სოციოლინგვისტიკურ კვლევათა სფეროში შედის ორენოვნებისა და მისი განსაკუთრებული სახეობის – დიგლოსიის პრობლემები, აგრეთვე, ნორმალიზაციასა და კოდიფიკაციასთან დაკავშირებული მეტყველების კულტურის საკითხები. მეცნიერების ამავე სფეროში იქმნება თეორიული საფუძვლები ენობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.

სოციოლინგვისტიკის ფარგლებში განიხილება ენობრივი თავისებურებები ენის „შინაგანი სტრუქტურისა და გარე სოციოლინგვისტური მახასიათებლების ურთიერთმიმართების ფონზე. აღნიშნული მახასიათებლები გულისხმობს მოლაპარაკისა და მსმენელის, კომუნიკაციის გარემოს, სიტუაციის, სოციალური კონტექსტისა და სხვ. ნაირგვარ მაჩვენებლებს. ამავე დროს, ყურადღება ექცევა კომუნიკაციის ეთნოგრაფიულ მხარეს, ანუ კულტურული ფაქტორების გავლენას ენობრივი ურთიერთობის პროცესზე. სოციოლინგვისტიკის, როგორც ინტერდისციპლინარული, კომპლექსური მეცნიერების მეთოდები ენათმეცნიერების და სოციოლოგიური პროცედურების სინთეზს წარმოადგენს.

ეთნოლინგვისტიკა

კულტურის და სოციალური ფაქტორების გავლენას ენობრივი ურთიერთობის პროცესზე იკვლევს ეთნოლინგვისტიკა, მაგრამ განსხავავებული კუთხითა და აქცენტებით. ენის ფუნქციონირება და განვითარება მას აინტერესებს ენობრივი, ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური ურთიერთქმედების თვალსაზრისით. იგი ენის ანალიზის მეშვეობით შეისწავლის ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ფსიქოლოგიას, მითოლოგიას, ისტორიასა და კულტურას, ეყრდნობა რა იმ პოსტულატს, რომ ხალხები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამყაროს ენობრივი ხედვით. ენათმეცნიერების მეთოდების გარდა. ფართოდ იყენებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მეთოდებსაც სემანტიკის ეთნოლინგვისტიკური პრობლემების შესასწავლად. ეთნოლინგვისტიკას ეთნო-ფსიქოლინგვისტიკასაც უწოდებენ, როცა სურთ გახაზონ, რომ იგი სამეტყველო მოქმედებას, ენობრივ ცნობიერებასა და კომუნიკაციის ეროვნულ სპეციფიკას იკელევს.

ლინგვოკულტუროლოგია

ეთნოფსიქოლინგვისტიკურ კვლევათა წიაღში იშვა მეცნიერების სულ ახალი დარგი – ლინგვოკულტუროლოგია, რომლის ყურადღების ცენტრშია ენისა და კულტურის, ენისა და ეთნოსის, ენისა და ხალხის მენტალიტეტის ურთიერთმიმართების შესწავლა და აღწერა. ორივე დარგს საერთო ზოგადთეორიული საფუძველი აქვს – სეპირ-უორფის ცნობილი ჰიპოთეზა ენის ფარდობითობის (ლინგვისტური რელატივიზმის) შესახებ. ჰიპოთეზის დებულებათა მიხედვით, ენა განაპირობებს ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანის აზროვნების ტიპს; სამყაროს აღქმის ხერხი დამოკიდებულია ენაზე, რომითაც ხორციელდება აზროვნება. აქედან გამომდინარე, ყოველი ხალხის მსოფლხედვისა და მსოფლგაგების საფუძეელია საგნობრივ მნიშენელობათა საკუთარი სისტემა, სოციალური სტერეოტიპები, კოგნიტიური სქემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება დეტერმინირებულია ეთნიკურად. ეთნოსოციოკულტურული ფაქტორი აზრის ჩამოყალიბებისა და ფორმულირების ეროენულ-ეთნიკური თავისებურებებით ვლინდება. ამ ზოგად დებულებებში იკვეთება ენის (დედაენის) როლი ადამიანის შემეცნებით მოღვაწეობაში.

კოგნიტიური ლინგვისტიკა

ენის აღნიშულ როლს საგანგებოდ იკვლევს კოგნიტიური ლინგვისტიკა. იგი ენას განიხილავს როგორც ზოგად კოგნიტიურ მექანიზმს, როგორც ნიშანთა სისტემას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამყაროს შესახებ ცოდნის რეპრეზენტაციასა (კოდირებასა) და ტრანსფორმირებაში. ამ მიმართულების ცენტრალური პრობლემაა ენობრივი ურთიერთობის, როგორც ცოდნის გაცვლის ძირითადი ბაზისის, მოდელის აგება. მას აინტერესებს კულტურული კონცეპტები (კულტურაში შექმნილი საზრისები), რადგან შემეცნება სწორედ მათი წარმოქმნისა და ტრანსფორმაციის პროცესად მიაჩნია. კოგნიტიური ლინგვისტიკა ეროენულ-სპეციფიკურსა და უნივერსალურ კონცეპტუალურ სისტემებს კოგნიტიური მექანიზმის თვალსაზრისით შეისწავლის; აღწერს და იკელევს ადამიანის აზროვნებით მოქმედებასთან დაკავშირებულ ენობრივ მოვლენებს, აგრეთვე – ენობრიე პროცესებს მეხსიერებასთან, წარმოსახვასა და აღქმასთან მათი მიმართებით. ისევე როგორც ეთნოლინგვისტიკა და ლინგვოკულტუროლოგია, კოგნიტიური ლინგვისტიკაც დიდ ყურადღებას უთმობს სამყაროს ენობრივი სურათის პრობლემებს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტული მაინც სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების, გადამუშავებისა და გადაცემის პროცესებში წარმოდგენილი სხვადასხეა ცოდნა და მისი ენობრივი კატეგორიზაციისა და კონცეპტუალიზაციის ენობრივი საშუალებებია. კოგნიტიური ლინგვისტიკის ეს ასპექტი მას უკავშირებს კიდევ ერთ ინტერდისციპლინარულ დარგს – კომპიუტერულ ლინგვისტიკას, რომლის პრობლემატიკა მოიცაეს მონაცემთა ბაზების შედგენა-დამუშაევების, ენის სტრუქტურათა მოდელირებისა და ამოცნობის, მანქანური თარგმნისა და ტექსტის ავტომატური რეფერირების, ხელოვნური ინტელექტის შექმნის, მეტყველების სინთეზისა და ანალიზის საკითხებს. მათი გადაწყეეტა კოგნიტიური ლინგვისტიკის მიღწევათა გათვალისწინებას მოითხოვს.

პრაგმალინგვისტიკა

ენის შესწავლის პრაგმატიკულმა ასპექტმა უკანასკნელ ხანს ენათმეცნიერულ კვლევათა მთელი სფერო შექმნა, რომელსაც პრაგმალინგვისტიკა ეწოდება. პრაგმალინგვისტიკამ მოიცვა საკითხები, რომელთა შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქეს ბერძნულ რიტორიკასა და სტილისტიკაში. ფილოლოგიური ცოდნის ეს დარგები იმთავითვე მეტყველების გამომსახველობით საშუალებებსა და მსმენელზე (ადრესატზე) მათ ეფექტურ შემოქმედებას იკვლევდნენ. ამ თვალსაზრისით, რიტორიკა უკვე იყო პრაგმატიკა შეზღუდული ფორმით. XX ს-ში პრაგმატიკულ ასპექტს მიუბრუნდნენ კომუნიკაციისა და ფუნქციურ სტილთა თეორიები, სოციოლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა, დისკურსის თეორია და სხვ., რომ არაფერი ეთქვათ თანამედროეე სემიოტიკური მოძღერების პრაგმატიკულ იდეებზე (ჩ. პირსი, ჩ. მორისი), რომლებმაც პრაგმალინგვისტიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ბიძგი მისცეს. „პრაგმატიკა“, როგორც სპეც. სემიოტიკური ტერმინი, გულისხმობს „დისციპლინას, რომელიც შეისწავლის ნიშანთა მიმართებას მათ ინტერპრეტატორებთან. მას საქმე აქვს სემიოზისის ბიოტიკურ ასექტებთან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციოლოგიურ მოვლენასთან, რომელიც შეიმჩნევა ნიშანთა ფუნქციონირებისას“ (ჩ. მორისი). ის მოსაზრება, რომ პრაგმატიკული წესების დადგენის გარეშე ვერ მოხერხდება ენის სრული სემანტიკური დახასიათება, პირველად იმავე სემიოტიკური თეორიის ფარგლებში გამოითქვა. აღნიშნული შეხედულებები ფუძემდებლური აღმოჩნდა გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან როგორც სსვადასხვა პრაგმატიკული კონცეფციისათვის (ჯ. ოსტინი, ჯ. სერლი, ჰ. გრაისი, ლ. ლინსკი, პ. სტროსონი), ისე ენობრივი ურთიერთობის პრაქტიკული კვლევებისთვისაც. პრაგმატიკულ კვლევათა გამაერთიანებელი კატეგორია სუბიექტის კატეგორიაა. „სუბიექტურობა“, როგორც ენის ზოგადი თვისება, სჭვალავს კომუნიკაციის ყველა მხარეს, მოლაპარაკე სუბიექტისა და მეტყველების ადრესატის ურთიერთმიმართებათა რთულ კომპლექსს. აქ შეისწავლება გამონათქვამის ცხადი და ფარული მიზნები, მეტყველების ტაქტიკა, მეტყველებითი ქცევის ტიპები და ურთიერთობის ფორმები, საუბრის წესები, კომუნიკაციის სოციალურ-ეტიკეტური მხარე, მოლაპარაკის განწყობა, გამონათქვამის შინაარსის შეფასება, გამონათქვამის ორგანიზება იმის შესაბამისად, რასაც მეტი მნიშვნელობა ენიჭება შეტყობინებაში, მეტყველების ინტერპრეტაცია, მეტყველის განზრახვა, გამონათქვამის ზემოქმედება ადრესატზე, მისი ესთეტიკური ეფექტი და მრავალი სხვ. მნიშენელოვანი ფაქტორი, რომლებიც კომუნიკაციის მიმდინარეობის რეალური პირობებისა და პრაგმატიკული კონტექსტის შესაბამისად განსაზღვრავენ ენობრივი გამოხატულების თავისებურებებს. პრაგმალინგვისტიკა, როგორც დარგი, ჯერჯერობით მკაფიოდ შემოსაზღვრული არ არის, რადგან მას სხვა ენათმეცნიერულ დისციპლინებთან და მიმართულებებთან ბევრი საერთო პრობლემა და კვლვეითი ინტერესების გადაკვეთის ვრცელი სფერო აქვს. ამ სფეროს ერთ-ერთ უბანს წარმოადგენს პარალინგვისტიკა.

პარალინგვისტიკა

ტერმინი „პარალინგვისტიკა“ (ბერძნ. – para-თან, ახლო) ენათმეცნიერებასთან ახლოს მყოფ დარგს ნიშნავს, ხოლო მისი შესწავლის ობიექტი – პარაენობრივი ერთეულები – არავერბალურ ფაქტებს გულისხმობს, რომებიც ენობრივი გამოხატულებისათვის არაენობრიევ კონტექსტს ქმნიან. თუ წმინდა არავერბალური კომუნიკაცია ლინგვისტიკის სფერო არ არის, ვერბალურ ურთიერთობასთან შერწყმით იგი ენათმეცნიერების შესწავლის საგანი ხდება როგორც დამხმარე, მეორადი საკომუნიკაციო სისტემა. ამგვარად, პარალინგვისტიკა შეისწავლის რეალურ სამეტყველო ურთიერთობაში ჩართულ არაენობრივ საშუალებებს (პარალინგვიზმებს), რომლებიც ხელს უწყობენ გაგებინების პროცესს, აჩქარებენ მას, ასუსტებენ ცალკეულ. ენობრივ მნიშვნელობას და ზეგაელენას ახდენენ კომუნიკაციის მონაწილეებზე. არავერბალური საშუალებებით გამოიხატება მოლაპარაკის ემოცია, მიმართება ადრესატთან, ურთიერთობის სიტუაციასა და გარემოსთან; გადაიცემა დამატებითი (ზოგჯერ არსებითი) ინფორმაცია კომუნიკანტებისა და საუბრის საგნის შესახებ. პარალინგვიზმებს სამეტყველო აქტის (დისკურსის) მაორგანიზებელი ფუნქცია აქვთ, ისინი მნიშენელოვან როლს თამაშობენ გამონათქვამის სემანტიკურ-სინტაქსური აგებულებისა და შინაარსის ჩამოყალიბებაში, რაც პარალინგვისტიკის, როგორც ენათმეცნიერების დარგის, სტატუსს განსაზღვრავს.

კომუნიკაციის არავერბალური საშუალებები ნაირგვარია როგორც გამოხატვის, ისე ფუნქციის თვალსაზრისით. გამოიყოფა ფონაციური და კინეტიკური პარალინგვიზმები. ფონაციური პარალინგვიზმები ბგერადი (ზეპირი) მეტყველების წარმონაქმნია, რომელიც ვარაუდობს სმენით აღქმას როგორც მსმენელის, ისე მოლაპარაკის მხრივ, ვინაიდან სმენითი კონტროლი მისთვის უკუკავშირის როლს ასრულებს. ფონაციურ პარაენობრივ საშუალებებს განეკუთვნება: ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი, ხმის აწევ-დაწევა, გამოწვეული კომუნიკაციის სიტუაციით, მოლაპარაკის სულიერი მდგომარეობითა თუ ეთნოკულტურულ-ეთიკური ნორმებით; შეყოვნების (ეზიტაციური) პაუზები და მათი შემავსებელი ბგერები („იი…“, „ეე…“ , „მმ…“); პროსოდიის შემადგენელი მხოლოდ ის გარკვეული მელოდიკური კომპონენტები, რომლებიც სხვადასხვა ინტონაციურ ქარგას ქმნიან და განსხვავებულია ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის, აგრეთვე, ემოციის რაგვარობის მიხედვით: წარმოთქმის იდიოლექტური, დიალექტური და სოციალური თავისებურებანი. კინეტიკური პარალინგვიზმებია სხეულის გამომსახველობითი მოძრაობები (კინემები): ჟესტი, მიმიკა, პანტომიმა; აქვე განიხილება პოზა (როგორც მოძრაობის შედეგი) და პროქსემიკური (ლათ. proxemus − „უახლოესი“, სხეულთან ახლოს მყოფი) ელემენტები, რომლებიც სივრცულ ფონს, „სამუშაო სივრცეს“ შემოსაზღვრავენ. სივრცული ფონის სტრუქტურას განაპირობებს ეთნიკურად დეტერმინირებული პროქსემიკური დისტანციები, რომლებიც ქმნიან ინტიმურ, პირადულ, საზოგადოებრივსა და სხვ. ზონებს, განსაკუთრებით მრავალფეროვანია ჟესტები (მისალმებისა და დამშვიდობების, ყურადღების მისაპყრობი, მოხმობისა და მოპატიჟების, აკრძალვის, მუქარის, შეურაცხყოფის, დათანხმების, მოწონების, შეკითხვის, მადლიერების, თხოვნის, შერცხვენის, დაბნეულობის გამომხატველი და სხვ), მ. შ. ჟესტ-მიმიკური კომპლექსები, რომლებიც დადებითს და უარყოფით შეფასებას, არცოდნას, დავიწყებას, აღფრთოვანებასა და სხვ. გადმოსცემენ. მაგ. შეკითხვის კომპლექსური გამოხატვა შეიძლება ხდებოდეს აწეული წარბებით, ცხვირისკენ წამოწეული ტუჩებითა და ერთდროულად თავის ჰორიზონტალური რხევით.

პარალინგვიზმები ლექსიკურად არის ასახული ყველა ენაში. მათი სიტყვიერი აღწერა ფრაზეოლოგიური ფონდის უდიდეს ნაწილს შეადგენს. კერძოდ, კინემათა ვერბალური ეკვივალენტების (სომატონიმების) მონაწილეობით ფრაზეოლოგიური გამოთქმების შექმნა ერთ-ერთი ლინგვისტური უნივერსალიაა.

პარალინგვისტიკური კვლევის შედეგების გამოყენება ხდება პრაგმალინგვისტიკაში, ფსიქოლინგვისტიკაში, სოციოლინგევისტიკაში, ეთნოლინგეისტიკასა და დისკურსის თეორიაში, აგრეთვე, მხატვრული ტექსტის გაღრმავებული ანალიზის დროს პერსონაჟთა ხასიათის წვდომისას. თავის მხრივ, მხატერული ტექსტი, როგორც პარალინგვისტურ მოვლენათა სუბსტიტუტი, მათი შესწავლის მდიდარი წყაროა.

გ. კვარაცხელია

ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ენათმეცნიერება როგორც ინტეგრალური მეცნიერება ენის შესახებ «თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები», I თბ, 1967;
  • რამიშვილი გ. ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით, თბ, I906;
  • ლებანიძე გ. ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა თბ. 1998;
  • ომიაძე თ. პარალინგვისტიკა და მეტყველების თანმხლებ საშუალებათა აღწერა ენაში. საკანდ. დის. ავტორეფ., თბ., 1998;
  • გამყრელიძე თ. კიკნაძე ზ, შადური ი. შენგელაია ნ. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბ., 2003;
  • ომიაძე ს. ქართული დისკურსის ლინგვოკულტურულ შემადგენელთა სტრუქტურა. სემანტიკა და ფუნქციონირება. სადოქტ. დის. ავტორეფ. თბ.,2006.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები