ლატური ანრი დე ბაიე
ანრი დე ბაიე ლატური - ბელგიელი დიპლომატი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1925 -1942).
დაიბადა ბრიუსელში, ბელგიელ არისტოკრატთა ოჯახში 1876 წლის 1 მარტს. სამართლის განხრით დაამთავრა ლიუვენის უნივერსიტეტი. ჭაბუკობიდანვე და სტუდენტობისას სპორტს მისდევდა. გატაცებული იყო ცხენოსნობით.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მეფე ლეოპოლდ მეორის ქვეშევრდომმა, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა, საზღვარგარეთ სხვადასხვა მისიებში დიპლომატიური სამსახური დაიწყო. 1903 წელს მეფემ მას ბელგიაში სპორტული ღონისძიებების მოწყობა დაავალა. ახალი მისია კარგ დროს დაემთხვა იმავე წელს ანრი დე ბაიე ლატური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა. ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილ მის პირველ წვლილად 1905 წელს ბრიუსელში წარმატებით მოწყობილი მესამე ოლიმპიური კონგრესი შეიძლება მივიჩნიოთ.
ბაიე ლატურს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 1906 წელს ბელგიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში. ახლადდაარსებული ორგანიზაციის ერთერთი უმთავრესი ამოცანა გახდა ოლიმპიურ თამაშებზე ბელგიის წარმოჩენა, რაშიც ბაიე ლატური უშუალოდ მონაწილეობდა. ლატური ლონდონისა (1908) და სტოკჰოლმის (1912) ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ქვეყნის მისიებს ხელმძღვანელობდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველ ოლიმპიურ თამაშებს 1920 წელს ანტვერპენმა უმასპინძლა. ბაიე ლატურს, როგორც სოკის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, 1920 წლის თამაშების მოსაწყობად რთული ამოცანის შესრულება მოუწია. ლატურმა დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში, მწირი ბიუჯეტისა და დროის სიმცირის მიუხედავად, ომით დანგრეულ ქალაქში ყველა ღონე იხმარა თამაშების წარმატებით სამასპინძლოდ. მისი ლიდერული, დიპლომატიური და ორგანიზაციული თვისებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულმა რეპუტაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ 1925 წლის პრაღის კონგრესზე ბაიე ლატური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად და სოკის მეორე პრეზიდენტის, პიერ დე კუბერტენის მემკვიდრედ აირჩიეს.
კუბერტენისგან განსხვავებით, ბაიე ლატურმა ერთგვარად გააძლიერა შიდა მმართველობა დიდი ძალაუფლებით აღჭურვა სოკის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ღებულობდა სავალდებულო საფუძვლიანი განხილვის შემდეგ. ლატური ისწრაფვოდა სოკის სრული დამოუკიდებლობისკენ და ნაწილობრივ შეძლო კიდეც ამის გაკეთება.
სოკის მესამე პრეზიდენტი აქტიურად უჭერდა მხარს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეას, ოლიმპიურ მოძრაობაში ქალების მაქსიმალურ ჩართულობას. მისი პრეზიდენტობისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ოლიმპიურ პროგრამაში ქალთა დისციპლინების რიცხვი.
ბაიე ლატური გამოირჩეოდა პრაგმატულობით, დიდ ყურადღებას უთმობდა ტექნიკურ ასპექტებს. მისი დამსახურებით, ოლიმპიურ თამაშებზე პატივს სცემდნენ და მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ სოკის სესიებზე მიღებულ წესებს და გადაწყვეტილებებს. ასე მოხდა 1936 წლის ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში ჩატარდა. სოკმა ამ თამაშების მასპინძელი ქალაქები გარმიშ პარტენკირხენი და ბერლინი 1931 წელს, გერმანიის ხელისუფლების სათავეში ნაციონალსოციალისტების მოსვლამდე აირჩია. 1933 წლიდან არაერთხელ დადგა საკითხი ოლიმპიადების სხვა ქვეყანაში გადატანის თაობაზე, მაგრამ სწორედ ბაიე ლატურის ძალისხმევით, ძირითადი პოლიტიკური პრობლემები მოგვარდა. ბაიე ლატური მეორე ვადით აირჩიეს ვენაში, 1933 წელს და თანამდებობა გარდაცვალებამდე, 1942 წლამდე ეკავა.
აღსანიშნავია, რომ ბაიე ლატურის პრეზიდენტობისას, 1933 წელს საფუძველი ჩაეყარა Fair Play-ის (სამართლიანი თამაში) იდეას. განმტკიცდა სოკის თანამშრომლობა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, გაიზარდა სამოყვარულო სპორტის სტატუსი. ბაიე ლატურს მიაჩნდა, რომ სამოყვარულო სპორტი ოლიმპიური მოძრაობის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენდა, რაც ათლეტთა შორის თანასწორუფლებიანობის გარანტია უნდა ყოფილიყო - ფინანსური მხარდაჭერით უპირატესობა არ უნდა ჰქონოდა არცერთ სპორტსმენს.