ლაზარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზარია − აჭარაში, განსაკუთრებით, ხულოსა და ქედის რაიონებში დღემდეა შემორჩენილი ტაროსის, ამინდის ღვთაების − ვობის დღესასწაული. ლაზარობა ამ ღვთაების თაყვანისცემისა და განსახიერების ნაშთად არის მიჩნეული. ლაზარობა, იგივე, ლაზარია, აჭარაში, გვალვის ანდა ხშირი წვიმების საწინაღმდეგო რიტუალი იყო.

სოფლის გოგო-ბიჭები, ზოგჯერ, ყავრის ორი ნაჭრისაგან ჯვრის მაგვარ დედოფლის მოზრდილ ფიგურას აკეთებდნენ, ჩააცმევდნენ კაბას და ზედა გაფართოებულ ნაწილზე დედოფლის სახეს გამოსახავდნენ. თორმეტი-ცამეტი წლის ბავშვები კალათებითა და კოლოფებით სოფელს ჯგუფურად შემოივლიდნენ, ცეკვა-თამაშობით სოფელს დაუვლიდნენ, ერთ ბავშვს დედოფლის − ლაზარიას ფიგურა ეჭირა, სხვები ლაზარიას უკან მისდევდნენ. მასზე წინგასწრება ცოდვად ითვლებოდა. ბავშვები თან ლაზარიას მღეროდნენ: „ბაღვები დედოფალს – გოგოს სურეთს ასე შეკაზმავდნენ: ციცხვს თავს გუუკეთებდნენ, გუუკეთებდნენ კლავებს, ჩააცმევდნენ გოგოს ტანისამოსს, მოჭუჭკვილი ბაღვებიდან ერთი ერთ კლავზე მოკიდებდა ხელს, მეორე − მეორეზე და წეიღებდნენ სოფელში. ყველა კარზე მიიტანდნენ და ულოცავდნენ. თუ წვიმა ესაჭიროებოდათ ერთი იმღერებდა”: „ლაზარ მოდგა კარსა,/აღურღულებს თავსა (ზოგან − არაკუნებს თავსა),/შინო, შინო, შინაო, ჩიტმა შემაშინაო,/ცალი ფხარი მომტეხა,/ცალი შემარჩინაო,/აბლახანუმ, ადექი, თაროზეა კარაქი,/აბლა მიდგა თაროსაო,/დიემზგავსა თვარესაო,/აღარ გვინდა მზისა თვალი,/ღმერთო, მოგვე წვიმა-წყალი”. თუ ტაროსი იყო საჭირო, მაშინ იმღერებდნენ: „აღარ გვინდა წვიმა-წყალი,/ღმერთო მოგვე ბზისა თვალი” ანდა ამა თუ იმ სახლეულის კარმიდამოში ოჯახს კართან მიუმღერდნენ: „ლაზარ მოდგა კარსა,/არღურღულებს თავსა,/ჩიტმა შემაშინაო.../აღარ გვინდა ზისა თვალი,/ღმერთო მოგვე წვიმა-წყალი”. ბავშვები ერთად შეჰღაღადებდნენ: ამინ!. ასე მეორდებოდა ორ-სამჯერ.

ბავშვები ოჯახისაგან პროდუქტებს ითხოვდნენ. მასპინძელი გამოუტანდა ცოტ-ცოტა პროდუქტს და თან თუნგით წყალს მიასხამდა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით კი − ლაზარია დაესველებინა. ასე ჩამოივლიდნენ ოჯახებს და მერე ერთ ოჯახში მოიყრებოდნენ, შეგროვილი პროდუქტით საჭმელს გააკეთებდნენ და შეექცეოდნენ. სწამდათ, რომ ამის შემდეგ წვიმა მოვიდოდა. ზოგიერთ ქართველურ ტომში ამ რიტუალს ცეკვები თან ახლდა. სასურველი ამინდის, განსაკუთრებით, წვიმის გამოწვევისათვის ლაზარობის ინსცენირება და ლაზარეს სადიდებელი ლექს-საგალობლები ზემო აჭარაში ფართოდ იმიტომაც იყო შემორჩენილი, რომ წყლის სიუხვეზე ოცნება და სათანადო ზრუნვა ამ მხარის მკვიდრს, მიწათმოქმედს, მესაქონლეს − მწყემსს უძველესი დროიდანვე თან სდევდა.

ლაზარობის რიტუალს მარტივი საცეკვაო მოძრაობები თან ახლდა. კარდაკარ მოსიარულე ლაზარობის მონაწილენი სახლის მეპატრონის გამოწვევას ლექს-სიმღერასთან ერთად ცეკვითაც განასახიერებდნენ. საფერხულო ცეკვები შუამთობის პერიოდში გამართული ლაზარობის დროსაც იცოდნენ. სამწუხაროდ, ეს რიტუალი, მისი ფორმები, ლაზ მეთევზეთა ცეკვების მსგავსად, თანამედროვე ქორეოგრაფიაში ვერ დამუშავდა და იგი მხოლოდ ძველი ტრადიციული სახით აგრძელებს სიცოცხლეს. ძველად სიმღერა და ცეკვა განუყოფელი იყო. აქედან გამომდინარე თვლიან, რომ ლაზარეს სიმღერის დროსაც ნელსა და ნარნარ საწესჩვეულებო ცეკვას თავისი რიტმული მონახაზით ასრულებდნენ




ლიტერატურა

  • ნიჟარაძე, 1971:235;
  • ნოღაიდელი, 1935:49; 1967:61-62; 1971:131;
  • თანდილავა, 1974:5;
  • ლომთათიძე, 2014:109.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები