კოჯორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოჯორი

კოჯორი – დაბა და კურორტი თბილისში. ფეოდალურ ხანაში იყო ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ხოლო XIX საუკუნეში წარმოადგენდა რუსული მმართველი ელიტის სააგარაკე ადგილს.

მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1350 მ-ის სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 20 კილომეტრში. კოჯორს ჩრდილოეთიდან აკრავს უძოს, სამხრეთიდან კი აზეულას მთები. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ზაფხული აქ ხანგრძლივია და გრილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,1 °C), ზამთარი — ცივი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,6 °C), საშუალო წლიური ტემპერატურა 7,4 °C, აბს. მინიმუმი -26 °C, აბს. მაქსიმუმი 33 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა 875 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ.

ქართულ საისტორიო ძეგლებში სახელწოდება კოჯორი ჩნდება XIV ს-ის შუა წლებიდან. 1338 წელს შედგენილ ერთ-ერთ წყალობის სიგელში კოჯორი კოჟორ- ფორმით არის დადასტურებული: „გიორგი მეფემ თორელ ივანე ჯავახიშვილს უბოძა მონასტერი ათენაგუენი კოჟრის ძირს“. ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაშიც“ კოჟორი იკითხება: „კიკეთის ქვეით, ჴევსა შინა, არს მონასტერი კაბენისა… აღაშენა მეფემან თამარ. სამჴრით, მას ზემორ, არს ციხე აზეულასი და აწ კოჟრისა, თხემსა ზედა კლდისასა. ამ ციხის სამვრით არს სასახლე მეფისა კოჟორი, აღაშენა მეფემან როსტომ, უმეტეს… მეფემან გიორგიმ და… მეფემან ვახტანგ“. როგორც აქედან ირკვევა, კოჯორს (კოჟორს) ძველად აზეულა||აზეულას ციხე რქმევია. ამ ცნობის მიხედვით კოჟრის ციხე XVII საუკუნის შუა წლებში აუგია მეფე როსტომს, დავით X-ის (დაუთხანის) ძეს (1632-1658), ხოლო შემდგომ განუვრციათ გიორგი მეფეს და ვახტანგ VI-ს. ვახუშტის ეს ცნობა თითქოს არ ეთანხმება ძველ საისტორიო წყაროთა მონაცემებს: კოჟორი ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან იყო ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი შესაძლებელია სხვა რომელიმე პუნქტს გულისხმობდეს, რადგან კოჟორი, კოჟრები გვიანფეოდალური ხანის (XVII-XVIII ს.ს.) საქართველოში სხვაგანაც ჩანს. ასე, მაგალითად, 1948 წელს ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის დროს აკად. ნ. ბერძენიშვილს ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია დღიურში: ფარცხის-ტბის შორის ორი ნასოფლარი ჩანს ეკლესიების ნანგრევებით. გამყოლმა (ფარცხისელმა) ერთ მათგანს კოჟრები უწოდა. უეჭველია, ამ სოფელს კოჟორი ერქვა.

ხალხური გადმოცემის მიხედვით ტოპონიმი კოჯორი თურმე სომხური ჯურ („წყალი“) სიტყვისაგან გვქონია მიღებული: „სომეხი მიდენილა კოჯრის გზაზე და ტყის პირას წყარო უპოვნია; დაულევია, მოსწონებია და უთქვამს: „კო ჯურ!“ („არის წყალი!) (დავით აზარიაშვილი, დ. კოჯორი, ჩაწერ. 1971 წ.), როგორც ჩანს, ამ ვერსიას საკმაო ხნის ისტორია აქვს, რადგან იგი ამავე სახით 1900-იან წლებში ჩაუწერია კონსტ. ჰანს: к „есть“ и жур „вода“ . აქვე კ. ჰანი თვალსაზრისის შესამაგრებლად დასძენს: თბილისის ახლოს მდებარე სააგარაკო ადგილზე, ადრე უეჭველად ბევრი წყაროები უნდა ყოფილიყო, ახლა კი ტყის საფარის განადგურებამ ისინი დააშროო. მკვლევარმა ამგვარი ვერსია, ეტყობა, არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და ამიტომ კოჯრის ეტიმოლოგიის დასადგენად მეორე სომხური სიტყვა хожор („დიდი“) გაიხსენა. კ. ჰანმა მესამე ვარაუდიც წარმოგვიდგინა: კოჯორი შეიძლება ქართული „ქოჩორი“ სიტყვისაგან მომდინარეობდესო.

სხვათა შორის კ. ჰანისეული ვარაუდი კოჯრის სიტყვა ქოჩორისაგან მომდინარეობის თაობაზე ზოგიერთმა ავტორმა სარწმუნოდაც კი მიიჩნია.

სპეციალურ ლიტერატურაში უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს თვალსაზრისი ტოპონიმ კოჯრის სვანური კოჯა („ქვა“, „კლდე“) სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე.

მართალია, აღნიშნული ვარაუდი მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევიც, მაგრამ იგი ტოპონიმიკის სპეციალისტთა დიდი ნაწილის მიერ მაინც არ არის საბოლოოდ გაზიარებული. ამიტომაცაა, რომ ტოპონიმ კოჯორის წარმოშობის თაობაზე კვლავ არაერთი თვალსაზრისი ჩნდება. უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის თვალსაჩინო მკვლევარმა მ. გეგეშიძემ. მისი ვარაუდით ტოპონიმი კოჯორი ორი სიტყვისაგან შედგენილი რთული სახელია; ეს სიტყვებია რკო („მუხის ხე“) და ჯვარი, რომელთაც ფონეტიკური ცვლილების გზით კო-ჯორი მოუციათ. ამ მტკიცების მიხედვით კოჯორი („მუხა-ჯვარი“) ისეთივე აგებულებისა და წარმოშობის ტოპონიმია, როგორიცაა ვაშლიჯვარ-ი, პანტისჯვარ-ი…

საფიქრებელია, რომ ტოპონიმი კოჯორი მომდინარეობს არა სვანური კოჯა||კოჯ- სიტყვისაგან, ან რკო-ჯვარი-საგან, არამედ ქართული ენის დიალექტებშიი გავრცელებული კოჟორ- სიტყვისაგან, რაც საზოგადოდ ქვიან ადგილს, შემაღლებულ ბორცვს, გორაკს, ზურგს აღნიშნავს. კოჯორის ეს მნიშვნელობა დადასტურებულია ქვემო ქართლში· (ალგეთის ხეობა, ს. ფარცხისი), იმერეთში,აჭარაში (კოჟორტალი, კილდიკოჟორი); ამ სიტყვის მიხედვით არაერთი მიკროტოპონიმიც შექმნილა:

კოჟორ-ი მაღალი მთა ზეკარის გადასასვლელზე (ახალციხის რ.);
კოჟორ-ი სოფ. ინწკირვეთის (შუახევის რ.) ერთ-ერთი ბანი;
კოჟორა ბორცვი, გორაკი სოფ. მიქელგაბრიელსა და შუა ისნარში (ოზურგეთის რ.).
კოჟრებ-ი ტერასებად გაკეთებული ადგილებია მესხეთში.
კოჟრი ზეგანი შემაღლებული ადგილია ზემო იმერეთში (სოფ. მერევი, ჭიათურის რ.) და სხვ.

მიკროტოპონიმებად კოჟორი ხშირად დასტურდება ზემო იმერეთის სხვადასხვა სოფლებში (ხედა ორღული, თვალუეთი, მერევი, პერევისა, სხვიტორი, ქორეთი, ღონა). კიდევ უფრო ხშირია ამ არეალში კოჟ- სიტყვის შემცველი მიკროტოპონიმები (სოფ. გრიგალათი, მაჭარაშვილები, მღვიმევი, წირქვალი, ხალიფაური, ზედა საქარა, თაბაგრები, პერევისა, რგანი, ითხვისი, სარეკი…)

კოჟ-ი იმერულში საზოგადოდ ეწოდება ამაღლებულ ქვიან ადგილს, პატარა სერს ამავე მნიშვნელობით ლეჩხუმურში გვხვდება კოჟე||კოჯე სიტყვები.

ჩვენს მიერ მოხმობილი მასალა კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ტოპონიმი კოჯორი (||კოჟორ-ი) ადგილობრივი (ქართლური) სიტყვაა. იგი შემაღლებულ, კლდიან ადგილს ნიშნავს, რასაც კოჯრის ოროგრაფიაც ზუსტად შეესატყვისება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები