კოკოლაანთ საყდარი
კოკოლაანთ საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნიჩბისის განაპირას, სამხრეთით მთის ფერდობზე. თარიღდება X საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (5,8X4,3 მ.) ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვით. წყობა ირეგულარულია. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით შეკუმშული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გადაჭიმულია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვეშ, კედელთან მთლიანი ქვის სატრაპეზოა მოდგმული. სატრაპეზო დგას საფეხუეზე რომელიც მთელ საკურთხეველს გასდევს. დარბაზის კამარა უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. ჩრდილოეთის სარკმელთან ნუსხური ქარაგმებიანი წარწერაა - "ქრისტე შეიწყალე გიორგი".
ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო (კვალი შემორჩენილია სარკმლის გადამხურავ ფილაზე). ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადზე სარკმლის თაღები ერთ ქვაშია ამოკვეთილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს თაროსებრი ლავგარდანი.