კირკადოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კირკადოლ-ი || კირკადუ || კირკალდუ („გორგალი“) – სვანური საწესო პურისეფისკვერის ოდენა გულცარიელი დისკოსებრი კვერი შუაში ნაჩვრეტით, ნაპირებზე მრავალიმუჭუარით (ქიმებით); აცხობენ ნაკურთხი წყლით შუშხუამზე და ზომხაზე თითო ცალს, ხოლო ნათლისღებაზე – 7 ცალს. ნათლისღების გახვრეტილი და ბაწარზე აცმული კირკადოლები, რომლებსაც დიდმარხვამდე ინახავენ, წარმოადგენს დიდმარხვის სვანურ სიმბოლოს (შდრ. „ბობოლა“, „კონჭოლოზი“). დიდმარხვის ყოველ კვირა დილას ოჯახის რომელიმე წევრი აცმას ერთ კირკადოლს მოხსნის, მაღლიდან სამჯერ დააგდებს კერაზე და სამჯერვე იტყვის: „ასე ჩამოვარდეს აგდებული დიდი მარხვა“. შემდეგ ოჯახი პურს გაინაწილებს და „მიიღებს, როგორც ევლოგიას“ (ბ. ნიჟარაძე).

სვანები დიდმარხვის განმავლობაში ექვს კირკადოლს შემდეგი წესით ჭამენ: დაიბანენ ხელ-პირს, მარცხენა ხელში დაიკავებენ პურს, თავზე გადაიდებენ და პირში მარჯვნივ ჩაიდებენ. მეშვიდე კირკადოლს შეაბამენ ლალაშზე (გოდორზე), რომლითაც ყანაში თესლი დააქვთ. თესვის დროს კი მის ნაფშვენებს თესლში გაურევენ. როგორც ჩანს, კირკადოლს, ლაწდაშ ლემზირთან ერთად, თესლის ბარაქიანობისა და პურეულის მოსავლიანობის გაზრდის ფუნქცია ჰქონდა. სავსებით მართებულად წერს ვ. ბარდაველიძე: „კირკადუ და ლაწდააშ ლემზირი... თავისი გარეგანი მოყვანილობით მნათობის გამოსახულებას ემსგავსებოდნენ. ამ საკულტო ობიექტების ამგვარი მნიშვნელობით დადგენა გასაგებს ხდის რიტუალის დეტალს: თესლის საცავ გოდორზე გარედან კირკადუს შებმით და შემდეგ თესლთან ერთად მის მიწისქვეშ მოქცევით ოდესღაც სვანი, უეჭველია, მნათობის ემბლემაკვერს თესლსა და მიწასთან აახლოვებდა, რომ ამ გზით მათ მნათობის ცხოველმყოფელური ძალა განეცადათ და პურეული აღმოცენებულიყო“. ასეთ მნათობად მკვლევარს სავსე მთვარე მიაჩნია.


ლიტერატურა

  • ვ. ბარდაველიძე. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. I. ახალწლის ციკლი. ტფ., 1939, გვ. 98, 153, 206;
  • ვ. ბარდაველიძე. ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები. თბ., 1953, გვ. 85-90;
  • ბ. ნიჟარაძე. სვანების ზოგიერთი ჩვეულებანი და ცრუმორწმუნეობანი (შეკრებილია თავისუფალ სვანეთში) // ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე. თბ., 1973, გვ. 75.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები