კაცხის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაცხის მონასტერი

კაცხის მონასტერი (ინგლ. Katskhi Monastery) – ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლი. მდებარეობს იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში, გზის პირას. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო.

გარსშემსავლელი
გარსშემოსავლელის ფრაგმენტი

აშენებულია 1010-1014 წლებში საქართველოს მეფის ბაგრატ IV კურაპალატისა და მისი მეუღლე ელენეს (საბერძნეთის იმპერატორის რომან არგირის ძმისშვილი) დროს (დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანის წარწერით). კაცხის ტაძრის ორიგინალურობას განაპირობებს ის, რომ მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება (ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოღწეული არაა არც ძეგლი და არც ძეგლის აღწერილობა). ნაგებობა საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი მოცულობისგანაა შემდგარი. ესენია: გარშემოსავლელი, საკუთრივ ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი. ტაძარი ექვსაფსიდიანია. შენობის გარეთა ზომებია (გარსსემოსავლელის გარეშე): სიგრძე – 13,5 მ, სიგანე – 12 მ, სიმაღლე შიგნით – დაახლოებით 17,5 მ. წახნაგები დასრულებულია ფრონტონით, რაც ქმნის ტეხილს – ხერხისებრ ლავგარდანს. გუმბათის სახურავი კი ნახევრადგაშლილ ქოლგას ჰგავს. გუმბათის ქვეშ მოქცეულია ექვსი ნახევარწრიული აფსიდი, რომლებიც გარდა საკურთხევლის აფსიდისა, უბემოდ, სხივებივით უერთდებიან ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის მცირედ შვერილ აფსიდს გარედან ხუთწახნაგოვანი მოხაზულობა აქვს. თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი აფსიდების კუთხეებს ებჯინება და ამრიგად, მას ექვსწახნაგოვანი საყრდენი აქვს. წახნაგებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ბრტყელი ტრომპების ორი რიგის საშუალებით; ქვემო რიგის ექვსი უფრო დიდი ტრომპი უშუალოდ კონქის თაღს უკავშირდება. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ლომის და წვეროსანი ანგელოზის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფი შემკულია ასომთავრული წარწერებით, რომელთა უმრავლესობა დაქარაგმებულია.

ჯვრის ამაღლების რელიეფი

გარშემოსავლელი ტაძრის მშენებლობის დამთავრებიდან 30 წლის შემდეგაა აგებული და მას სამი მხრიდან აკრავს. თავდაპირველად, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ (მარჯვენა) ნაწილს გარედან ღია თაღები ჰქონდა. მისი მარცხენა ნაწილი, რომელსაც მარტო ეკლესიის შიგნიდან აქვს შესასვლელი, მლოცველთა ფართო მასებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი. გარშემოსავლელის მორთულობა ყველაზე უკეთაა შემორჩენილი. რელიეფიდან გადარჩა მისი მდიდარი საპირეები და კარნიზი. აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია ქართული პლასტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რომელიც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.

ტაძარს გარს უვლის ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937 წ.), რომლის აღმოსავლეთ კუთხეშია ჩაშენებული, სავარაუდოდ, XVI-XVII საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. მისი პირველი სართული გალავნის შიგნით შესასვლელის (კარიბჭის) ფუნქციასაც ითავსებს კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში (ბერობაში ანტონი).


იხილე აგრეთვე

გიორგი

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები