კარნეგი ენდრიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდრიუ კარნეგი

კარნეგი ენდრიუ - (Andrew Carnegie, 25 ნიემბერი 1835 — 11 აგვისტო 1919), ამერიკელი მეწარმე, მილიონერი და ქველმოქმედი.

საშუალო დონის ამერიკელს რომ ჰკითხო, - ვინ იყო ვანდერბილტი, ის დაბეჯითებით გიპასუხებს - მილიონერი. ხოლო თუ ასეთივე კითხვას დაუსვამ მას კარნეგის შესახებ, მისი პასუხი იქნება განსხვავებული: - ფილანთროპი. ეს მარტივად აიხსნება. ვანდერბილტის მემკვიდრეებმა, რომელთაც მოიხმარეს მისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი, არ იზრუნეს კომოდორის სახელის უკვდავსაყოფად. ცოტამ თუ იცის აშშ-ის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მდებარე ვანდერბილტის სახელობის უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც ოჯახური ფონდის დახმარებით არის დაარსებული. ხოლო ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც მან დადგა თავისი ერთ-ერთი სასახლის ახლოს ნიუ-იორკში, განადგურდა შენობის მორიგი გადაკეთების დროს.

სულ სხვანაირად მოიქცნენ ენდრიუ კარნეგი და მისი მემკვიდრეები. მათ ნამდვილად გამოჰყვეს თავიანთი მრავალმილიონიანი ქონების ნაწილი ფილანთროპიული მიზნებისთვის. მთელს მსოფლიოში ცნობილია ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზი "კარნეგი ჰოლი" (Carnegie Hall), რომლის მშენებლობას თვითონ კარნეგი აფინანსებდა. ცნობილია კარნეგის სახელობის სხვა ფონდებიც, განსაკუთრებით საერთაშორისო მშვიდობის მხარდაჭერის ფონდი და რამდენიმე საგანმანათლებლო ფონდი. ყოველივე ამის წყალობით კარნეგის სახელი შთამომავლობას დარჩა როგორც ფილანთროპისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დინასტიის დამფუძნებლის კაპიტალის დაგროვების მეთოდები არსებითად არ განსხვავდებოდა იმდროინდელი სხვა მილიონერების მეთოდებისგან.

1892 წელს ენდრიუ კარნეგი უკვე რამდენიმე ფოლადჩამომსხმელი ქარხნის მფლობელი იყო, რამაც მას დიდძალი შემოსავალი მოუტანა. ერთ-ერთი მათგანი მდებარეობდა ქალაქ ჰომსტედში, (Homestead) პენსილვანიის შტატი, რომელიც იმ დროს და მერეც აშშ-ის მთავარ ფოლადჩამომსხმელ ცენტრს წარმოადგენდა. ჰომსტედში ქარხნის მუშები სხვებთან შედარებით ადრე შევიდნენ პროფკავშირებში, რითაც მათ შეძლეს მიეღოთ ზოგიერთი დათმობა ყოფილი მეპატრონეებისგან. როცა კარნეგმა იყიდა ეს ქარხანა, მან სხვა ვარიანტი აირჩია. მილიონერმა გადაწყვიტა, რომ მოგება გაეზარდა მუშებისთვის ხელფასის შემცირების გზით და ამ მიზნისთვის აუცილებელი იყო მათთვის პროფკავშირებში გაერთიანების აკრძალვა. ასე დაიწყო "ბრძოლა ჰომსტედში", - ერთ-ერთი უდიდესი კლასობრივი ბრძოლა იმდროინდელ ამერიკაში.

კარნეგის საჯარო ბიბლიოთეკა ილინოისში

კარნეგმა თვითონ შეადგინა განცხადების ტექსტი და მოაწერა ხელი, რომლითაც აცნობებდა ქარხნის მუშებს, რომ პროფკავშირის წევრებს ქარხანაში არ გააჩერებდა. განცხადება მან გადასცა თავისი საწარმოს გენერალურ დირექტორს, რის შემდეგაც შეგნებულად წავიდა შოტლანდიაში დასასვენებლად, რათა თავი აერიდებინა მუშებთან ბრძოლაში პირადი მონაწილეობისგან.

ქარხნის დირექტორი იყო თვითონაც დიდი კაპიტალის მფლობელი, ჰენრი კლეი ფრიკი (Henry Clay Frick), რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით. მან დაიბარა მუშათა წარმომადგენლები და განუცხადა, რომ ისინი უნდა დათანხმდნენ ხელფასების შემცირებას. მუშები ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ფრიკს ესეც გათვალისწინებული ჰქონდა და დაიწყო ბრძოლა ქარხნის კოლექტივთან თავისი განსაკუთრებული მეთოდებით.

პინკერტონის (Pinkerton) სახელი ევროპაში ძალიან პოპულარული იყო. ამერიკაში არაერთხელ უსარგებლიათ მისი სააგენტოს სახელით საწარმოთა ხელმძღვანელებს მუშების წინააღმდეგ. სააგენტოს მოჰყავდა შტრაიკბრეხერები და თავის თავზე იღებდა ქარხნის "დაცვას" მუშებისგან. ფრიკმაც მიმართა პინკერტონს და სთხოვა გამოეგზავნა მისთვის 300 აგენტი ჰომსტედში.

კარნეგის ფილანტროპია, ჟურნალი "Puck", 1903წ.

ქალაქ ჰომსტედში, პატარა მდინარე მონოგაჰელზე, 1892 წლის 6 ივლისს დილით ადრე ორი შეიარაღებული ბარჟა (კარპაჭი) გამოჩნდა. მუშები მაშინვე მიხვდნენ თუ ვინ მოჰყავდათ ამ ხომალდებით. თუმცა, ისინი ისედაც მზად იყვნენ ბრძოლისთვის. პირკენტონის აგენტებმა ჩამოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე დაიწყო სროლა მუშების მხრიდან. რამდენიმე ასეულმა აგენტმა ვერ შეძლო ათასობით გაბოროტებული მუშის შეჩერება. მუშების უპირატესობა ძალიან დიდი იყო და აგენტებს მოუხდათ ლამის ელოცათ დაზავებაზე. ბრძოლა ჰომსტედში 5 დღეს გაგრძელდა. როგორც მაშინდელი გაზეთები წერდნენ, მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება თავიანთ ქალაქში. მხოლოდ 12 ივლისს კარნეგის მოთხოვნით შემოყვანილ იქნა პენსილვანიის შტატის პოლიციის ძლიერი რაზმები "წესრიგის დასამყარებლად". ბრძოლის შედეგი ტრაგიკული იყო: 14 მოკლული და 163 მძიმედ დაჭრილი. პროფკავშირებმა ეს ბრძოლა წააგეს - რამდენიმე ხნის შემდეგ კარნეგის ფოლადსასხმელმა ქარხანამ ჰომსტადში ისევ დაიწყო ფოლადის გამოშვება, მაგრამ მისი მუშებიდან არავინ იყო პროფკავშირების წევრი.

საზოგადოებრივი რისხვა ფრიკს დაატყდა, რომელიც მიაჩნდათ ამ ხოცვა-ჟლეტაში მთავარ დამნაშავედ, თუმცა იგი მხოლოდ ასრულებდა თავისი პატრონის დავალებას. ხოლო შემდეგ მოხდა ისე, რომ ქარხნის დირექტორმა მიამიტ ამერიკელებში სიმპათია დაიმსახურა: მის კაბინეტში ანარქისტი შეიჭრა იმ გადაწყვეტილებით, რომ შური ეძია მოკლულ მუშებზე და მოეკლა ფრიკი, მაგრამ იგი გადარჩა - მხოლოდ დაიჭრა და საბოლოოდ დღის გმირი გახდა. მეორე დღეს მან გამოაქვეყნა ასეთი დოკუმენტი: "ვიმედოვნებ, რომ ცოცხალი დავრჩები. მაგრამ მე მოვკვდები თუ არა, კარნეგის ფირმა არ შეცვლის გადაწყვეტილებას და გაიმარჯვებს."

კარნეგმა და ფრიკმა შეასრულეს სიტყვა: ხანგრძლივი დროის განმავლობაში პროფკავშირებს მცირედაც არ მიუწვდებოდათ ხელი ამერიკის ფოლადჩამომსხმელ ქარხნებში. ბიზნესიდან წასვლის წინ კარნეგის ქონებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ვანდერბილტის რეკორდს.

კარნეგის მელონის უნივერსიტეტი

როცა 1848 წელს ენდრიუ კარნეგი ამერიკაში ჩავიდა, მისი მშობლები საკმაოდ ღარიბი ემიგრანტები იყვნენ შოტლანდიიდან. ენდრიუ მაშინ 13 წლისა იყო და ჯერ არც კი ოცნებობდა დიდ კარიერაზე. თავიდან მან ნამდვილად მორიდებით დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ სიჭაბუკეში გამოავლინა მოხერხება და სიმარჯვე. შედარებით ჩქარა დაიწყო კარგი ფულის კეთება და ისწავლა დიდი მოგებით ფულის დაბანდება სარფიან საქმეში. სამოქალაქო ომის წლები ამერიკაში, როგორც სხვა ბევრი მომავალი მილიონერისთვის, ისე მისთვისაც გახდა ზღაპრული, დაუჯერებლად ხელსაყრელი შემთხვევა კაპიტალის გაზრდისთვის.

1868 წელს, როცა უკვე შეძლებული კაცი იყო, კარნეგმა ჩაიწერა თავისი აზრები სიმდიდრისა და თავისი განზრახვის შესახებ. მისი ბიოგრაფები ხშირად აკეთებენ ამ თავისებური ჩანაწერის ციტირებას. კარნეგი იტყობინებოდა, რომ 33 წლისა იყო და წელიწადში 50 ათას დოლარს გამოიმუშავებდა. იგი წერდა: "არ არსებობს მსოფლიოში ადამიანისთვის უფრო დამამცირებელი ღვთაება, ვიდრე ფული... და მე კიდევ დიდხანს თუ ვიქნები დაკავებული ძირითადად ბიზნესში, თუ მთელი ჩემი ყურადღება გადატანილი იქნება იქითკენ, რომ დავაგროვო, რაც შეიძლება მეტი ფული უმოკლეს დროში, მე მემუქრება უიმედო გადაგვარება."

ახალგაზრდა კარნეგის გამოსავალი ასეთი იყო: ორი წლის შემდეგ გამოთიშვოდა ბიზნესის სფეროს, გადასულიყო ინგლისში, დაემთავრებინა ოქსფორდის უნივერსიტეტი, შემდეგ კი ლონდონში დაეარსებინა ჟურნალი ან გაზეთი და მხოლოდ "საზოგადოებრივი საკითხებით, განსაკუთრებით განათლებისა და ღარიბთა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესების პრობლემებით" დაკავებულიყო. ასეთი იყო კარნეგის კეთილი ზრახვები, მაგრამ, როგორც ცნობილია, მან ბიზნესს თავი დაანება არა ორი, არამედ 30 წლის შემდეგ.

Carnegie 1914.jpg

ამ ჩანაწერების გაკეთების შემდეგ, კარნეგი მალე დარწმუნდა იმაში, რომ ფოლადჩამომსხმელი წარმოების გაფართოება ამერიკაში იძლევა უზარმაზარ პერსპექტივას მილიონობით მოგების მიღებისთვის და იგი გახდა ერთ-ერთი შემქმნელი ამ დარგის მრეწველობისა, სადაც მან გამოავლინა დაუჯერებელი მოხერხება და გამომგონებლობა თავისი კონკურენტების განადგურებასა და მუშების ულმობელ ექსპლუატაციაში.

სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ 1870 წლისთვის რკინისა და ფოლადის წარმოებით აშშ მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ინგლისსა და საფრანგეთს. შემდგომი ორი ათეული წლის განმავლობაში ამერიკელმა მრეწველებმა გაუსწრეს ინგლისელებსა და ფრანგებს ამ სფეროში, ხოლო ამერიკული მეტალურგიული საწარმოების პროდუქციამ მთელი მსოფლიოს საერთო პროდუქტის მესამედს გადააჭარბა.

სწორედ ამ წლებზე მოდის მეტალურგიაში თავისებური რევოლუციის დასაწყისი, რომელიც განუყრელად დაკავშირებულია ჰენრი ბესემერის (Henry Bessemer) სახელთან და მისი კონვერტერის გამოგონებასთან. კარნეგის აზრი და გონება მთლიანად ბიზნესით იყო დაკავებული და არა ტექნიკით, ამიტომ თავიდან მან ჯეროვნად ვერ შეაფასა ფოლადის გამოდნობის ახალი მეთოდის მნიშვნელობა. თუმცა, იგი მალე დარწმუნდა კონვერტერის აუცილებლობაში და მაშინვე შეუდგა ამერიკაში პირველი თანამედროვე ფოლადსასხმელი ქარხნის მშენებლობას.

ამ პერიოდში ფოლადის ფართო მომხმარებლები რკინიგზის კომპანიები იყვნენ და, თუ ვანდერბილტის სიმდიდრე რკინიგზის მშენებლობისა და მისი ექსპლუატაციის შედეგი იყო, კარნეგმაც მნიშვნელოვან წილად იგივე წყაროდან მოიკლა წყურვილი, მხოლოდ შედარებით სხვაგვარად: რაც უფრო მეტს აშენებდნენ რკინიგზას, მით უფრო მეტი იყო რელსებზე მოთხოვნა.

კარნეგის შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდებოდა. ეჩვენებოდა და თვითონაც სჯეროდა, რომ მის გაბატონებულ მდგომარეობას ფოლადჩამომსხმელ მრეწველობაში არავინ და არაფერი ემუქრებოდა.

მაგრამ XIX საუკუნის ბოლო წლებში კარნეგს მრისხანე კონკურენტი გამოუჩნდა ჯონ პირპონტ მორგანის სახით. ამ დროს მორგანი სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა მეტალურგიით და დაიწყო ამ დარგში კონკურენციული ბრძოლა ენდრიუ კარნეგთან. ბოლოს და ბოლოს 1900 წელს ორივე მაგნატს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება.

მორგანმა იყიდა კარნეგისა და მისი კომპანიონების ყველა საწარმო ფანტასტიკურ თანხად, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად. მათ შორის 300 მილიონი ნაღდი და აქციების სახით მიიღო თვითონ კარნეგმა. რამდენიმე წლის შემდეგ ორივე მილიონერი შეხვდა ერთმანეთს ტრანსატლანტიკური ლაინერის ბორტზე. გაზეთმა "უოლ-სტრიტ ჯორნელმა" (Wall Street Journal) გამოაქვეყნა მათი კერძო საუბრის შინაარსი. კარნეგმა უთხრა: "მე შეცდომა დავუშვი ჩემი ქარხნების გაყიდვისას. მე უნდა მომეთხოვა 100 მილიონი დოლარით მეტი. ამაზე მორგანმა თითქოს უპასუხა: "თუ თქვენ ამას მოითხოვდით, მე იძულებული ვიქნებოდი, გადამეხადა, თუნდაც იმიტომ, რომ თავი დამეხსნა თქვენგან."

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ენდრიუ კარნეგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესს და უცბად აღმოჩნდა სრულიად კერძო პირი, როგორც დიდი კაპიტალის მფლობელი. მაშინ ის დაუბრუნდა ახალგაზრდობის ოცნებას, - თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის გადადო. კარნეგის სიკვდილის დღისთვის (1919 წ.) მისი უზარმაზარი ქონებიდან მხოლოდ 10% დარჩა. ხოლო მისი ფონდები დღესაც არსებობენ და გამოიყენება არა მარტო საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

ენდრიუ კარნეგის სკოლა.
ჰიუსტონი, ტეხასი
სირაკუზას უნივერსიტეტთან არსებული კარნეგის ბიბლიოთეკა.
ნიუ იორკი
კარნეგის ბიბლიოთეკა.
ჰორნელი, ნიუ იორკი

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები