კარატის ჯვარი
კარატის ჯვარი − ხევსურეთში, კერძოდ, ლიქოკის ხეობაში, ასე უწოდებენ კოპალას, რადგან იგი პირველად კარატის მთის წვერზე დაარსდა. კარატის ჯვარი ლიქოკის საყმოს მთავარი სალოცავი და პატრონია, ამიტომაც მას ლიქოკის ჯვარის სახელითაც იხსენიებენ. ფშავისა და ხევსურეთის ღვთისშვილთაგან კარატის ჯვარი იმით გამოირჩეოდა, რომ მის დროშას ჰქონდა წყალში დამხრჩვალთა ან ზვავში მოყოლილთა მოძებნის უნარი. ხალხის რწმენით ამგვარად დაღუპულებს ავსულები და ეშმაკები ეპატრონებიან. და სწორეთ ასეთ შემთხვევებში მოიყვანდენ კარატის ხუცესს, რომელსაც სულის ხუცესი ეწოდებოდა, და იგი კარატის დროშით ეძებდა დაკარგულს. სადაც დროშა მკვდარს იპოვნიდა, ხუცეს-მედროშე იმ ადგილას დროშას დაარჭობდა, ცხვარსაც დაკლავდნენ დაღუპულის სულის პოვნისა და დაბრუნების ნიშნად. თუმცა კარატის ჯვარი ლიქოკშია დაარსებული, იგი მთელ ხევსურთს – პირაქეთს და პირიქითს – ემსაურებოდა.