კარაევი ალი
კარაევი ალი ჰაიდარ ქერიმის ძე (დ. - 20.VI.1896 (1894?), შემახი - გ. - 24.IV.1938) - ზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა აზერბაიჯანის პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული „ჰუმეტის“ ფრაქციის ლიდერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
ბიოგრაფია
დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო შემახის რეალურ სასწავლებელსა და ბაქოს რუსულ სკოლაში. სწავლობდა ნოვოჩერკასსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხული იქნა ინსტიტუტიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო შემახის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე.
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1918 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მოითხოვა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება, რადგანაც არ იცოდა ქართული ენა და ვერ იღებდა მონაწილეობას კანონშემოქმედებითობაში, მისივე განცხადებით, არ უნდოდა მოეტყუებინა ის ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრად დაასახელა.
1919-1920 წლებში იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას „ჰუმეტის“ ლიდერი. აზერბაიჯანის პარლამენტში ყოფნისას გამოირჩეოდა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების და დათმობის პოლიტიკის ლობირებით, რის გამოც მმართველი „მუსავატის“ პარტია და მისი ლიდერები მოღალატედ მოიხსენიებდნენ
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოებისას ბოლშევიკთა მხარე დაიკავა და მალევე დაწინაურდა. იყო აზერბაიჯანის რევკომის წევრი, აზერბაიჯანულენოვანი „კომუნისტის“ რედაქტორი, შემდგომში გახდა შრომის სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი - სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი. იყო ბაქოს ქალაქის აღმასკომის მდივანი. დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ბერიას რეკომენდაციითა და სტალინის ბრძანებით, როგორც შპიონაჟში ბრალდებული, დააპატიმრეს და დაახვრიტეს ბაქოში.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
- გაზ. „ერთობა“, 1918, №240;
- N. AfandIyeVa MaXwell, Last ParlIament SessIon Before the BolsheVIks Came-1920. AzerbaIjan InternatIonal (7. 3), 1999.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი