კაოლინიტი
კაოლინიტი − (ჩინ. kao lin < ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია ცზიან ცის ადგილმდებარეობის სახელის მიხედვით) – თეთრი ან ნაცრისფერი თიხის მინერალი ალუმინის წყლიანი სილიკატების ჯგუფიდან. ქიმიური ფორმულა – Al2Si2O5(OH)4. შეიცავს 39,5% Al2O3, 46,5% SiO2 და 14% H2O. სიმკვრივე – 2160-2680 კგ/მ3. წარმოიქმნება ალუმინსილიკატური მინერალების (მაგ., მინდვრის შპატი) ქიმიური გამოქარვით.
კაოლინიტით მდიდარი კლდოვანი ქანები ცნობილია როგორც კაოლინი (კელეციტი) ან ფაიფურის თიხა. კაოლინიტი კაოლინის მთავარი კომპონენტია. 500-600°C ტემპერატურაზე გაცხელებისას კაოლინიტი კარგავს წყალს, ხოლო 1000-1200°C-ზე იშლება სითბოს გამოყოფით და გარდაიქმნება ჯერ სილიმანიტად, შემდეგ კი – მულიტად. სწორედ ეს რეაქციაა საფუძველი კაოლინიტის კერამიკული წარმოებისა. კაოლინიტის გამოყენების სფეროებია: ცემენტებისა და ქაღალდის წარმოება, კერამიკა, გეოპოლიმერული შენაერთები, კოსმეტიკა, საღებავის პიგმენტები, მცენარეების შეწამვლა მავნე მწერებისგან დასაცავად, როგორც ადსორბენტი წყლის გასაწმენდად, ფარმაცევტიკა, მედიცინა და სხვ.