ინიციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინიციაცია – ახალგაზრდობის ასაკში მოსვლის აღსანიშნავი ჩვეულება, მიძღვნა, თავისებური მონათვლა, მეორედ დაბადების ინსცენირება. უმთავრესად ცნობილია საგვარეულო წყობაში.

პირველყოფილ საზოგადოებაში, საწარმოო ძალთა განუვითარებლობის პირობებში, შრომის განაწილების გავრცელებულ ფორმას ასაკობრივი დაყოფა წარმოადგენდა. ამ დროს მოზარდის ასაკში მოსვლას, უფროსთა წყებაში გადაყვანას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამის შემდეგ ვაჟსაც და ქალსაც დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება და კოლექტივში მონაწილეობა.

ქალ-ვაჟის ასაკად მოყრას სხვადასხვა ტომები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. საჭიროა ჭაბუკების გამოცდა, ყველა საყოფიერო თუ სამეურნეო პროცესთა საიდუმლოების გაცნობა, ცოდნისა და ამტანობის გამომუშავება; აქ მოგვთა ფუნქციას უხუცესები კისრულობენ. ასაკად მოყრილი ბიჭები მიყავთ ტყეში, აცხოვრებენ განმარტოებით და ნაირნაირ სახიფათო წვრთნას უტარებენ. აქ საიდუმლოდ განასახიერებენ სიკვდილსა და მეორედ დაბადებას. გამოცდა-წვრთნის მეტად მძიმე ჩვევები არსებობდა. მასში შედიოდა, მაგალითად, წინადაცვეთა, ნაღვერდალში ფეხშიშველა ჩადგომა, ურჩხულისგან ჩაყლაპვის ინსცენირება და ა. შ. ინიციაციის პერიოდში მკაცრად განსაზღვრულ წესებს იცავენ არა ძარტო თვითონ „მოსანათლავი“ ბიჭები და გოგონები, არამედ მათი მშობლებიც, განსაკუთრებით, დედა. ეს უკანასკნელი ოჯახში თავისი მოქმედებითა და ქცევით ცდილობს შეუმსუბუქოს საიდუმლო ადგილას მყოფ შვილს მძიმე წვრთნა და უზრუნველყოს მისი უვნებლად დაბრუნება.

ინიციაციის მაგალითები ქართულ ფოლკლორშიც შეიმჩნევა. მას უნდა ასახავდეს რიგი ზღაპრული მოტივები და ამირანის ჩაყლაპვა–განთავისუფლების ეპიზოდები, ასევე კუროს ფაშვში მოთავსება ზრდადაუმთავრებელი ჩვილისა და სხვ. ინიციაცია ჩვენი ზეპირსიტყვიერების მიხედვით ჯერჯერობით შეუსწავლელია.

მ. ჩიქოვანი


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები