თუშოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუშოლი ხ. იმაგოჟოვი

თუშოლი (ვაინ. Тушоли) – ნაყოფიერების ქალღმერთი, უზენაესი ღმერთის დჲალას ქალიშვილი ვაინახურ მითოლოგიაში; იყო შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის; შეთხოვდნენ უხვ მოსავალსა და საქონლის გამრავლებას, განსაკუთრებით უშვილო ქალები ეთაყვანებოდნენ. ინგუშურ კალენდარში მისი სახელით იწოდებოდა აპრილის თვე, როცა საგაზაფხულო საველე სამუშაოები და საძოვარზე საქონლის გარეკვა იწყებოდა.

ინგუშეთის მთიანეთში, სოფ. მოხდესთან ახლომდებარე თუშოლის სახელობის სამლოცველო აღწერა ვ. მილერმა, რომელსაც ეკუთვნის აქ გამართული ყოველწლიური დღესასწაულის შესახებ ცნობაც. თუშოლის ელგუცი (საკულტო ნაგებობა) იყო, აგრეთვე ჩეჩნეთში, მდ. ჩანთი-არღუნის ზემო წელში, სოფ. სახანოს ახლოს. მთიელ ინგუშთა გადმოცემით, სოფ. კოკში მდებარე სალოცავში დაცული იყო თუშოლის ვერცხლის გამოსახულება ქამრიანი ქალის ფიგურის სახით. ე. შილინგმა ინგუშეთის ხამხის თემში არსებულ თუშოლის სალოცავში აღმოაჩინა ქალღმერთის ლითონის ნიღაბი, რომელსაც ხატობის დროს უშვილო ქალები და ქალიშვილები მკერდით ეხებოდნენ, იმ რწმენით, რომ მათ თუშოლი შვილებს აჩუქებდა. ამავე მიზნით, სალოცავთან ახლოს მდგარ ქვის ფალიურ ქანდაკსაც ეხახუნებოდნენ („ყოაბალ ჴერ-ი“). კულტმსახური დღეობაზე ქალღმერთს შემდეგი ლოცვით მიმართავდა: „ო, ღმერთისგან მომავალო თუშოლი, ჯერ გაუჩენელს ჩვენს შორის ყოფნის შესაძლებლობა მიეცი, გაჩენილი ჩვენს შორის ამყოფე, ჩვენი საქონელი გაანაყოფიერე და გაამრავლე“ (ე. შილინგი). ლოცვის ტექსტის სხვა ვარიანტი მოცემული აქვს ბ. დალგათს: „უმართლონი ვიქნებით, გამოვკვებოთ (საქონელი) ჩვენთვის, გამოკვებილებს შენ შემოგწირავთ, თუშო, ღვთაებრივო სახევ, იყავ ჩვენი მწყალობელი. თაყვანს ვცემთ რა შენს დღეს, მოვდივართ შენთან, მოგვანიჭე კეთილდღეობა, რათა შევძლოთ, მუდმივად ვილოცოთ შენზე. ქმენი ისე, რომ უშვილო ქალებმა ბავშვები შობონ, დაბადებულები ჯანმრთელად გვიმყოფე, გვიწყალობე უხვი მოსავალი, მოგვეცი ცხიმიანი წვიმა და მკურნალი მზე“. მოგვიანებით თუშოლი მარიამ ღვთისმშობელთან გაიგივდა.


ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Доклад об археологических исследованиях в Чечне // Древности. Труды Императорского Московского археологического общества. М., 1888. Т. XII. Вып. I;
  • Ахриев Ч.. Избранное. Сост. А. Мальсагов. Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931;
  • მისივე, Культ Тушоли у ингушей. Орджоникидзе; Грозный, 1935;
  • Цароева М. Г. О некоторых теонимических параллелях ингушей с хуррито-урартским миром // Урарту-Ингушетия: культурно-исторические связы. Материалы научного семинара (21 апреля 2015 г., г. Магас). Магас, 2016.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები