კიდი თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თომას კიდი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას კიდი

თომას კიდი − (ინგლ. Thomas Kyd, 1558-1594), აღორძინების ეპოქის ადრეული პერიოდის ინგლისელი დრამატურგი, შექსპირის წინამორბედი, „სისხლიანი დრამის“ ჟანრის ფუძემდებელი.

ესპანური ტრაგედია

ინგლისური დრამატურგიის ისტორიაში შევიდა, როგორც შურისძიების პირველი ტრაგედიის ავტორი. „ესპანური ტრაგედია” XVI საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწერა და პირველად 1593 წელს „ლორდ სტრეინჯის მსახურთა” დასმა დაიდგა. ნაწარმოები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ „ესპანური ტრაგედიის” მთავარ თემად შურისძიება ითვლება, ის თემატურად გაცილებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ნაწარმოებში კარგად ჩანს ეპოქა და ადამიანთა ლტოლვა სიმდიდრისა და ძალაუფლებისადმი, რაც მათ უღირსი საქციელების ჩადენისაკენ უბიძგებს. ვერაგულად მოკლული ჰორაციოს მამის − ჰიერონიმოს სახეში დიდი მამობრივი სიყვარულის გამოვლინებას და სამართლიანობისადმი სწრაფვას ვხედავთ, ხოლო ბელიმპერია შეყვარებული ქალის თავდადებას გვაჩვენებს. ამასთან, კიდის ტრაგედია სამყაროს, საზოგადოებისა და ადამიანების მანკიერ ბუნებაზე დაგვაფიქრებს. ჰიერონიმოს სახეში, ზოგი მკვლევარი ჰამლეტური მოტივების ჩანასახსაც ხედავს. ტრაგედიის კომპოზიცია კიდმა განსაკუთრებული ოსტატობით ააგო და თეატრი თეატრში ხერხი გამოიყენა. დასაწყისში ჰიერონიმო მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, მაგრამ მოვლენათა განვითარებასთან ერთად, ის ვითარების ცენტრში ექცევა და ბელიმპერიასთან ერთად ჰორაციოს მკვლელებზე − ლორენცოსა და ბალთაზარზე შურისძიებას გეგმავს. ესპანეთის მეფე გადაწყვეტს, რომ ბელიმპერია ბალთაზარს მიათხოვოს. ქორწილის დღეს ჰიერონიმო სპექტაკლს დგამს (ტრაგედიას „სოლიმანი და პერსიდა”, რომლის ავტორობა ასევე კიდს მიეწერება), რომელშიც ბელიმპერიასთან, ბალთაზართან და ლორენცოსთან ერთად თამაშობს. სწორედ სპექტაკლის დროს კლავენ ბელიმპერია და ჰიერონიმო ჰორაციოს მკვლელებს, შემდეგ კი ორივე თავს იკლავს, რადგან მათი მისია შესრულებულია.

„ესპანურ ტრაგედიაში” კიდის მიერ მიგნებული ხერხები მის თანამედროვე დრამატურგთა პიესებში გვხვდება, მათ შორის შექსპირის „ჰამლეტში”. „ესპანური ტრაგედიის” და „სოლემანისა და პერსიდას” გარდა, კიდს კიდევ რამდენიმე ტრაგედიას მიაკუთვნებენ, მათ შორის ჰოლინშედის ქრონიკის მიხედვით შექმნილ „არდენს”. არსებობს მოსაზრება, რომ კიდმა ე. წ. „ურ-ჰამლეტიც” (ურ − პირველსაწყისი) დაწერა, რომელიც შექსპირმა თავის ტრაგედიაზე მუშაობისას გამოიყენა. თუმცა ამ პიესას დღევანდელობამდე არ მოუღწევია და მისი არსებობაც დადასტურებული არ არის.

თამარ ბოკუჩავა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები