ედისონი თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თომას ედისონი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას ედისონი

თომას ედისონი – (ინგლ. Thomas Alva Edison; 11 თებერვალი 1847, მაილენი, ოჰაიოს შტატი — 18 ოქტომბერი 1931, უესტ-ორინჯი, ნიუ-ჯერსის შტატი), ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი.

სარჩევი

ბავშვობა

თომას ედისონი დაიბადა მაილენში, ოჰაიო. სემიულ ოგდენ ედისონის (1804 - 1896) და ნენსი მატიუს ელიატის (1810 - 1871) მეშვიდე და ბოლო შვილი.

ედისონმა ბავშვობიდანვე დაიწყო მუშაობა. იგი ჯერ ჟურნალ-გაზეთებსა და ხილს ყიდდა მატარებლებში, მერე სატელეგრაფო საქმით დაინტერესდა. 22 წლისამ დააპატენტა პირველი გამოგონება არჩევნებზე ხმების ავტომატურად დამთვლელ მანქანაზე, რასაც მოჰყვა ნოვაციები ელექტროობასა და ტელეგრაფში. 1876 წელს ნიუ-იორკის მახლობლად, მენლო პარკში თომასმა დააარსა უახლესი მოწყობილობებითა და საუკეთესო სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობდა მუშაობა ახალ გამოგონებებზე. ედისონს „მენლო პარკის ჯადოქარი“ შეარქვეს.

ფონოგრაფი

1877 წელს თომას ედისონმა გამოიგონა „ფონოგრაფი“ – ხმისა და მუსიკის ჩაწერისა და რეპროდუქციის აპარატი (მაგნიტოფონის წინაპარი), რითაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. ეს იყო არა გასართობი, არამედ სასამართლოებსა და სხვა დაწესებულებებში გამოსაყენებელი ზუსტი ჩანაწერების ხელსაწყო. მომდევნო 40 წელიწადში მან 80 დეტალი შეცვალა „ფონოგრაფში“ და კიდევ უფრო გააუმჯობესა. მოღვაწეობის განმავლობაში ედისონმა დააპატენტა რამდენიმე ათასი გამოგონება (ელექტრონათურა, ელექტროსკამი, სითბური ელექტროსადგური, სხვადასხვა სახის აკუმულატორი, ნახშირბადის გადამცემი მექანიზმი სატელეფონო მიკროფონისათვის და ა. შ.). საყოველთაო აღიარების მიუხედავად, კოლეგების ერთი ნაწილი მას პლაგიატორსა და ეგოისტს ეძახდა.

მოძრავი ფოტოგრაფი

„ფონოგრაფის“ შემდეგ მისმა გამომგონებელმა გადაწყვიტა, გაეკეთებინა ხელსაწყო, რაშიც გააერთიანებდა „მოძრავი ფოტოგრაფიების“ ჩვენებასა და მათ გახმოვანებას, ანუ როგორც თავად ამბობდა, აპარატი, რომელსაც იგივე დანიშნულება ექნებოდა თვალისათვის, რაც „ფონოგრაფს“ – ყურისათვის. ამ მიზნით იგი შეუდგა მუშაობას 1887 წელს საგანგებოდ ქრონოფოტოგრაფიული ცდებისათვის მოწყობილ ვესტ ორანჟის ლაბორატორიაში. მან კარგად იცოდა, რომ აშშ-შიცა და სხვა ქვეყნებშიც უკვე მიმდინარეობდა საქმიანობა ასეთი აპარატისათვის და პირველი, თუნდაც დაუხვეწავი შედეგებიც უკვე იყო მიღწეული. ედისონმა ახალ გამოგონებაზე, რასაც პირობითად „ოპტიკური ფონოგრაფი“ უწოდა, უშუალო ხელმძღვანელობა დაავალა დიდი ბრიტანეთიდან ემიგრირებულ ინჟინერ-ელექტრიკოსს, უილიემ დიქსონს, რომელიც ვესტ-ორანჟში მსახურობდა მისი ასისტენტის რანგში.

1888 წელს ედისონი დაესწრო მაიბრიჯის ლექციას, რომელიც ქრონოფოტოგრაფიის ამ ცნობილმა ოსტატმა ჩაატარა ვესტ ორანჟის მიუზიკჰოლში თემაზე „ცხოველები მოძრაობაში“ და აჩვენა თავისი კვლევების შედეგები. ედისონმა იგი მიიწვია ლაბორატორიაში, რათა დაეგეგმათ, როგორ შეერწყათ ერთმანეთისათვის „ფონოგრაფი“ და მაიბრიჯის „ზუპრაქსისკოპი“. სტუმარმა მიწვევა კი მიიღო, მაგრამ თანამშრომლობა ვერ შედგა, რადგან პირველივე ერთობლივმა ცდამ არ გაამართლა.

უილიემ დიქსონი გაეცნო მაიბრიჯის ნაშრომებს, „ლატერნა მაჯიკას“ სხვადასხვა ვერსიას, ფოტოგრაფიის საწყისებს. მას სრული ინფორმაცია ჰქონდა სხვა გამოგონებებზე. მან გადაიღო პატარა თანმიმდევრობითი ფოტოები ცილინდრზე, შემდეგ მათი პოზიტივები თანმიმდევრობით დააწება მეორე ცილინდრზე, რომლის სწრაფი ტრიალით შეიქმნა მოძრაობის ილუზია, რასაც თვალს ადევნებდა გამადიდებელი შუშით. არც ედისონი და არც დიქსონი ამას არ დასჯერდნენ და განაგრძეს ექსპერიმენტები, რათა გაეკეთებინათ დიდი აპარატი, რაშიც თანმიმდევრულად გატარდებოდა 12-დან 40 ფოტომდე წამში, თუმცა ეს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ფირს უნდა გაევლო ობიექტივის წინ და ყოველი ორი სანტიმეტრის შემდეგ წამიერად უნდა გაჩერებულიყო, რა დროსაც აპარატის ჩამკეტი გაიხსნებოდა და ისევ დაიხურებოდა. მთელი ეს ქმედება მათემატიკური სიზუსტით უნდა გამეორებულიყო წამში მინიმუმ ოცჯერ მაინც 300-მეტრიანი ფირის რულონით.

1889 წლის გაზაფხულისათვის პირველი საცდელი აპარატი თითქმის მზად იყო, მაგრამ ედისონმა ამისათვის ვერ მოიცალა, რადგან გაემგზავრა ევროპაში, პარიზში, სადაც ჩატარდა მსოფლიო გამოფენა, „საუკუნის გამოფენა“ რომ უწოდეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 38 ათასი ექსპონატი 70 ჰექტარის ფართობზე განლაგებულ პავილიონებში. რასაკვირველია, ცალკე იდგა პავილიონი, სადაც განთავსდა ედისონის ნამუშევრებიც. ამერიკელი გამომგონებელი დაესწრო მარეს „ქრონოფოტოგრაფის“ დემონსტრირებას და უფრო გაუღვივდა ინტერესი „მოძრავი ფოტოგრაფიებისადმი“.

კინეტოფონი

უკან დაბრუნებულ ედისონს დიქსონმა დაახვედრა გამზადებული ხელსაწყო, რომელსაც დროებითი სახელიც კი შეურჩია – „კინეტოფონოგრაფი“ (შემოკლებით „კინეტოფონი“), რომელიც პირველი ვარიანტისაგან განსხვავებით შედარებით დიდ გამოსახულებებს აჩვენებდა დრეკადი ცელულოიდის ფირით. ნიჭიერმა ინჟინერმა მას წარუდგინა ქრონოფოტოგრაფიებით გადაღებული მცირე „მოლაპარაკე“ ფილმი, სადაც თავად ქუდს იხდიდა და ესალმებოდა თავის ხელმძღვანელს. იგი ამბობდა: „გამარჯობა, ბატონო ედისონ! მოხარული ვარ, რომ დაბრუნდით. ვიმედოვნებ, მოგეწონებათ „კინეტოფონი“. სინქრონიზაციის საჩვენებლად ხელს ავწევ და ათამდე დავითვლი“. შემდეგ დიქსონი ითვლიდა ათამდე, მაღლა სწევდა და დაბლა უშვებდა ხელს. ეს პროექტორი მიერთებული იყო „ფონოგრაფთან“, რომელზეც ჩაწერილი იყო ხმოვანი რიგი, თუმცა ამგვარი სინთეზი სათანადო სინქრონს ვერ აკეთებდა. ედისონს ძალიან მოეწონა ასისტენტის ნახელავი და ის აჩვენა ლაბორატორიაში მიწვეულ სტუმრებს, მაგრამ ამან არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ფირი სქელი იყო, ხოლო ფოტო კარგად არ აღიბეჭდებოდა მასზე. მალე მან გააკეთა მომავალი აპარატის ნახაზი, რომელიც მთლიანად ემთხვეოდა მარეს გამოგონების პრინციპებს.

ერთხელ დიქსონმა, ვესტ ორანჟის მუზეუმის დათვალიერებისას, სადაც გამოფენილი იყო ედისონისეული გამოგონებების ასობით მოდელი, შეამჩნია ავტომატური ტელეგრაფირებისათვის განკუთვნილი პერფორირებული ფირი და გადაწყვიტა ასეთის გამოყენება. მალე ლაბორატორიის ხელმარჯვე მექანიკოსმა, უილიემ ჰაისმა დაუმზადა პერფორატორი, რომელიც აკეთებდა ორ მრგვალ ნახვრეტს თითოეულ ცალკეულ გამოსახულებაზე, ანუ კადრზე.

ედისონმა და დიქსონმა გამოიყენეს ისტმენის კომპანიის გამჭვირვალე ცელულოიდის ფირი, რომელიც საუკეთესოდ ითვლებოდა. მის პრეზენტაციას დაესწრო დიქსონი, ფირის ნაჭერი წაუღო ედისონს, რომელმაც ჩათვალა, რომ სწორედ ამგვარი მასალა გამოადგებოდათ. იგი დაუკავშირდა ისტმენს და ამით დაიწყო მათი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. აღნიშნულ ფირს ჰქონდა ნახვრეტები კადრის ზემოთ და ქვემოთ. ედისონმა მათ ნაცვლად გააკეთა ოთხ-ოთხი ნახვრეტი (პერფორაცია) გვერდებზე, რაც დღემდე არსებობს. ამასთანავე, მისი არჩევანი შეჩერდა 35-მილიმეტრიან ფირზე, რომელსაც „ედისონის სტანდარტი“ ეწოდა.

კინეტოსკოპი

ახალი მონაცემების მიხედვით, 1890 წლის ნოემბერში დიქსონმა დაამზადა კინოკამერა – „კინეტოგრაფიული კამერა“ („კინეტოგრაფი“), რომელიც იღებდა გამოსახულებებს, ხოლო 1891 წლის მაისში – პროექტორი „კინეტოსკოპი“. ეს უკანასკნელი იყო იატაკზე დადგმული, ხის მძიმე და დიდი ყუთი. მას ჰქონდა ოკულარი გამადიდებელი ლინზით, რაშიც მაყურებელი იხედებოდა და უყურებდა „გაცოცხლებულ ფოტოებს“. პირველი „კინეტოგრაფი“ იღებდა ჰორიზონტალურად, მაგრამ ვერ გაამართლა, ამიტომ დიქსონმა გააკეთა ვერტიკალურად მოძრავი მექანიზმი, რომელიც წამში 40 კადრს ატარებდა. „კინეტოსკოპის“ დემონსტრაცია ედისონმა მოაწყო რამდენიმე დღეში, როცა მის ლაბორატორიას მისივე ცოლის მიწვევით ესტუმრა ქალთა კლუბების ფედერაციის 147 წევრი. მათ და საგანგებოდ მიპატიჟებულ ჟურნალისტებს აჩვენეს ის ფილმი, რომელიც დიქსონმა დაახვედრა ედისონს. ამასთან დაკავშირებით ერთი გაზეთი წერდა, რომ „კინეტოსკოპი“ არაა სათამაშო, არამედ მას უფრო მეტი და დიდი შესაძლებლობები გააჩნიაო.

90-იანი წლების დასაწყისში ედისონი დაკავებული იყო სხვა პროექტებითაც და დიდად არც სჯეროდა, რომ „კინეტოსკოპი“ ოდესმე პოპულარული გახდებოდა, ამიტომ როცა ამერიკული პატენტის მისაღებად განაცხადი წარადგინა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა, საერთაშორისო საავტორო უფლებების მოსაპოვებლად აღარ გაიღო ფული. იმისათვის, რომ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დაეპატენტებინა „კინეტოსკოპი”, მას დაენანა 150 დოლარი.

ახალი აპარატისათვის საჭირო გახდა ბევრი კინოსურათის გადაღება, რაც მიმდინარეობდა კიდეც ლაბორატორიის ეზოში და საგანგებოდ გამოყოფილ ოთახში. 1892 წლისათვის დიქსონმა იქვე, ლაბორატორიის ფლიგელში, გააკეთა ახალი პრიმიტიული სტუდია. მას ოფიციალურად ერქვა „კინეტოგრაფის“ წარმოების ცენტრი“, მაგრამ ერთმა ხუმარა თანამშრომელმა დაარქვა „ბლექ მარია“ სევე შავი ფერის ნაჭრით დაფარული შიდა კედლებით ის ძალზე წააგავდა პოლიციის საბადრაგო კარეტას, რომელსაც იმავე მეტსახელით მოიხსენიებდნენ ამერიკელები. მისი ინტერიერი ორი ნაწილის: სცენისა და პატარა სააპარატო ოთახისაგან შედგებოდა. მას ჰქონდა მოძრავი სახურავი, რომელსაც გადაღებისას ხსნიდნენ, რათა მეტი ბუნებრივი განათებით ესარგებლათ. სცენა ეყრდნობოდა ფოლადის ბორბლებს, საჭიროების შემთხვევაში ტრიალებდა მზის შუქის მოძრაობის პარალელურად, ხოლო კინოკამერა დამაგრდა რელსებზე დადგმულ სკამზე, რომელსაც ფოკუსის გასასწორებლად წინ და უკან ამოძრავებდნენ. „ბლექ მარიას“ აშენება და გაწყობა ედისონს 637 დოლარი დაუჯდა.

კინოსტუდიის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1893 წლის 1 თებერვალს ჩატარდა. მოგვიანებით მას კიდევ ერთი მეტსახელი – „პედის ოთხთვალა“ შეარქვეს. ეზოში ჩასატარებელი გადაღებისათვის დიქსონმა ააგო მაღალი და გრძელი კედელი, რომლის ფონზე თამაშდებოდა ცალკეული ეპიზოდები, რასაც აღბეჭდავდნენ კინოფირზე. ესენი იყო: მოკრივეთა ასპარეზობები, საცირკო სანახაობები, ვოდევილების სცენები და სხვ. თითოეული მათგანი გრძელდებოდა 20-30 წამს. ფილმების ხანგრძლივობის გაზრდა შეუძლებელი იყო, რამეთუ უფრო გრძელი ფირები ხშირად წყდებოდა საპროექციო აპარატში გავლის დროს. ამ კინოპროდუქციისათვის იღებდნენ ცირკისა და ვოდევილის მსახიობებს, სპორტსმენებს, ბალერინებს, გამოწვრთნილ ცხოველებს. ხანდახან ლაბორატორიისა და სტუდიის დასათვალიერებლად მისულ გამოჩენილ ადამიანებსაც სთავაზობდნენ გადაღებაში მონაწილეობას.

ამასობაში ედისონმა დააპატენტა თავისი კინემატოგრაფიული გამოგონებების საბაზისო კონცეფცია. მისი კომპანიის ახალმა გენერალურმა მენეჯერმა, უილიემ გილმორმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ამ გამოგონებებთან დაკავშირებით მიეჩქმალა დიქსონის სახელი და მათზე მხოლოდ ედისონის ავტორობა დაემტკიცებინათ.

1893 წლის მაისში ედისონმა ბრუკლინის ხელოვნებისა და მეცნიერების ინსტიტუტში მოაწყო „კინეტოსკოპის“ პირველი ოფიციალური საზოგადოებრივი ჩვენება, ხოლო როცა, მცირე ხნის შემდეგ, ნიუ-იორკის ერთ გამოფენაზე წარადგინა აპარატი, მას თხოვეს, გაეკეთებინა ისეთი ხელსაწყო, რომელიც არა ერთი მაყურებლისათვის იქნებოდა გათვლილი, არამედ კინოეკრანზე გაუშვებდა ფილმს, რასაც ბევრი ადამიანი ნახავდა ერთდროულად. ედისონს არ ეპიტნავა ეს თხოვნა და ყურადღება არ მიაქცია.

მან დაიწყო „კინეტოსკოპების“ სერიული წარმოება, საქმიანი ურთიერთობა გააბა ერთ-ერთ სააგენტოსთან, რომელიც 200 დოლარად ყიდულობდა თითოეულ აპარატს და 300-350 დოლარად ყიდდა. საერთო ჯამში, ედისონის კომპანიამ დაამზადა 1000 „კინეტოსკოპი“, რომელთაგან დღემდე ექვსია შემორჩენილი.

1894 წელს ედისონმა ნიუ-იორკში ააშენა კიდევ ერთი სტუდია, რადგან ვესტ ორანჟში ვეღარ აუდიოდნენ ფილმების კეთებას. იმავე წლის თებერვალში, ბროდვეიზე მოეწყო „კინეტოსკოპის“ ფილმების დემონსტრირება. 14 აპრილს ძმებმა ენდრიუ და ჯორჯ ჰოლენდებმა გახსნეს „კინეტოსკოპის“ პირველი სალონი, სადაც დადგეს ათი აპარატი. სეანსი რამდენიმე ფილმისაგან შედგებოდა. მისი ბილეთი ღირდა 25 ცენტი (კვალიფიციური მუშაკის საშუალო ანაზღაურება ერთ საათში) და ერთ წუთს გრძელდებოდა. მაყურებელი „კინეტოსკოპში“ აგდებდა მონეტას, რის შედეგად ბატარეებზე მომუშავე აპარატი ავტომატურად იწყებდა მუშაობას: პატარა ძრავა დაატრიალებდა ცელულოიდის კოჭს, რომელზეც დახვეული ფირი გაივლიდა ანთებულ ელექტრონულ ნათურასთან და ამით შესაძლებელი ხდებოდა მოძრავი გამოსახულების დანახვა. პირველივე დღეს ჰოლენდებმა 120 დოლარი მოაგროვეს და ამაზე პრესაშიც დაიტრაბახეს. ერთი წლის განმავლობაში მათ 16000 დოლარი შეუვიდათ. მალე აშშ-ის ტერიტორიაზე გაკეთდა „კინეტოსკოპების“ ასეულობით სალონი, სადაც უამრავი მაყურებელი დადიოდა.

ედისონის კომპანიის ყველაზე პოპულარული ფილმი „ფრედ ოტის დაცემინება” (1894), გადაიღო დიქსონმა. ფრედ ოტი იყო ედისონის ლაბორატორიის მექანიკოსი, საკმაოდ ენაკვიმატი კაცი. ეს ნამუშევარი გახდა პირველი, რომელმაც მიიღო საავტორო უფლება, ხოლო თავად ოტი კიდევ რამდენიმე კინოსურათში გამოჩნდა. იმ წელს გაკეთებული სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „აკრობატი ქალბატონი ბერთოლდი”, „ენი ოუქლი”, „ბაფალო ბილი”, „ბალერინა რუთ დენისი”, „ღონიერი მამაკაცი იუჯინ სენდოუ”, „ჭიდაობა”, „ძაღლების ორთაბრძოლა”. ვესტ ორანჟის ეზოში გადაღებისათვის მიიწვიეს მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში ჯეიმზ კორბეტი, რათა კამერის წინ რამდენიმე რაუნდი ეასპარეზა მავან მეტოქესთან, მაგრამ როცა შერკინებისათვის გამზადებულმა მეორე მოკრივემ გაიგო ამის შესახებ, შეშინებული ჩუმად გაიპარა ლაბორატორიის ეზოდან, ამიტომ დიქსონს მოუწია სხვა სპორტსმენის დაყოლიება. ყველა ფილმის მწარმოებელი, რეჟისორი და ოპერატორი იყო დიქსონი, რომელსაც ხანდახან ჰაისი ეხმარებოდა.

ერთმა ამერიკულმა ფირმამ ედისონისაგან იაფად შეიძინა „კინეტოსკოპის” საზღვარგარეთ ჩვენებების უფლება და 1894 წლის ოქტომბერში ის ჯერ ლონდონელებს, შემდეგ კი პარიზელებს გააცნო. საფრანგეთის დედაქალაქში „კინეტოსკოპმა” უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე ნიუ-იორკში. ამას დაემატა დემონსტრაციები ევროპისა და დანარჩენი სამყაროს ქვეყნებში. ედისონის აპარატებს ყიდდნენ მისი სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც.

1894 წელს ჟურნალ „მილენიემში” დიქსონმა და მისმა დამ, ანტონიამ გამოაქვეყნეს სტატია „კინეტოსკოპზე”, რომელსაც თავად ედისონმა წაუმძღვარა შესავალი, სადაც აცხადებდა, რომ ეს იდეა დაიბადა პლატოს, მაიბრიჯის, მარესა და სხვათა გამოგონებების გაცნობის შედეგად და მათ შემდგომ გასაუმჯობესებლადო. იგი წინასწარმეტყველებდა, რომ უახლოეს მომავალში „კინეტოსკოპის” საშუალებით შეიძლება მაყურებელმა სახლში ნახოს საოპერო სპექტაკლი და ამისათვის აღარ იყოს საჭირო თეატრში წასვლა. მომდევნო წელს დიქსონებმა გამოსცეს წიგნი „კინეტოგრაფის”, „კინეტოსკოპისა” და „კინეტოფონოგრაფის” ისტორია”, რომლის შესავლის ავტორობა ისევ ედისონმა იკისრა.

ყოველივეს მიუხედავად, „კინეტოსკოპებისადმი” ინტერესმა იკლო. ამასობაში, საფრანგეთში გამოჩნდნენ ძმები ლუმიერები თავიანთი აპარატით. ედისონმა მათ ორჯერმისწერა წერილი, რომ მიეყიდათ მისთვის „სინემატოგრაფი”, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. იგი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა აინუნშიც არ ჩააგდო საპროექციო სისტემის განვითარება, რადგანაც მანამდე სავსებით აკმაყოფილებდა ერთი მაყურებლისათვის გათვლილი „კინეტოსკოპი”. იგი მისთვის წარმოადგენდა თავისებურ გაფეტიშებულ ზარდახშას, რომელსაც არ განიხილავდა ხელოვნების მომავალ დარგად. მასზე თანამშრომლებიცა და ნაცნობებიც ქილიკობდნენ: მან კინო ყუთში ჩაკეტაო.

ვაიტასკოპი

1896 წლის 23 აპრილს ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში, დიდ ეკრანზე ედისონმა მოაწყო „ვაიტასკოპის“ სახალხო დემონსტრირება. სეანსზე მან აჩვენა 12 ფილმი, რომელთაგან ნაწილი იყო მის სტუდიაში გადაღებული, „კინეტოსკოპებისათვის“ განკუთვნილი კინოსურათები, ნაწილი კი ძმები ლუმიერებისა და ბრიტანელების – ბირთ ეიქრსისა და რობერტ პოლის ნამუშევრების არალეგალური ასლები. პროგრამა დასრულდა გაფერადებული ფილმით „ენაბელის პეპლის ცეკვა“ (1896), რომელმაც დიდი ოვაცია გამოიწვია. ედისონი კინოს ფუძემდებლად აღიარეს და „მოძრაობის ოპტიკური ჩანაწერის დიდოსტატად“ შერაცხეს, თუმცა „ვაიტასკოპი“, რომელსაც „ედისონის ბოლო სასწაული“ უწოდეს, ტექნიკური მონაცემებით ჩამოუვარდებოდა ლუმიერების „სინემატოგრაფს“ და საპროექციო განათების თავისებური პრობლემებიც ჰქონდა. პრემიერას დაესწრო „ლატერნა მაჯიკას“ სპეციალისტი უილიემ რიდი, რომელიც ედისონის გვერდით იჯდა და დიდად შეუქო აპარატი, რომლითაც, ედისონისავე ნებართვით, თავად მოაწყო ტურნე ქვეყნის სამხრეთის შტატებში.

1897 წელს ედისონმა გაწყვიტა ურთიერთობა არმატთან, უარი თქვა „ვაიტასკოპზეც“ და თავად გააკეთა ახალი საპროექციო აპარატი „პროჯექტოსკოპი“, რომელიც გაცილებით სჯობდა „ვაიტასკოპს“.

საპატენტო ომი

ედისონი არ მოელოდა, რომ მისი სხვა თანამემამულეებიც გააკეთებდნენ „კინეტოგრაფის“ ან „კინეტოსკოპის“ იმიტაციებს, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და მას სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ, შეშფოთებულმა „მენლო პარკის ჯადოქარმა“ მათ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა: 1897 წელს წამოატივტივა თავისი ადრეული საპატენტო განაცხადი, 31 აგვისტოს ხელახლა დაამოწმა იგი პატენტების განყოფილებაში და იჩივლა სასამართლოში. ედისონი დეკლარირებდა, რომ სწორედ თავად იყო „მოძრავი ფოტოსურათების“ გადამღები და საჩვენებელი აპარატების გამომგონებელი, ხოლო სხვებმა მოპარეს მისი პრინციპები, ამიტომაც მათ ფული მისთვის უნდა გადაეხადათ. აქედან მოყოლებული, დაიწყო ე. წ. „საპატენტო ომი“, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა და მიმდინარეობდა არა მარტო სასამართლოებში, არამედ ყველგან, სადაც კი კინოწარმოება გაჭაჭანდებოდა. თომას ედისონის მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივები ააშკარავებდნენ ისეთებს, რომლებიც არ იხდიდნენ საპატენტო გადასახადს, უნადგურებდნენ მათ აპარატურას, უწვავდნენ კინოფირებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, თუმცა თანხის გადახდას არავინ აპირებდა. ერთადერთი წარმატება, რასაც აღნიშნული ბრძოლის დასაწყისში მიაღწია ედისონმა აქტიურობით, მდგომარეობდა იმაში, რომ მან მოახერხა ძმები ლუმიერების წარმომადგენლების გაძევება აშშ-დან. ამგვარი სიტუაციის გამო პატარა კინოკომპანიების უმეტესობა არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა.

„ვაიტაგრაფთან“ დროებით ჩამოგდებული ზავის შედეგად ეს კომპანია პატიოსნად იხდიდა გადასახადს, მაგრამ 1902 წელს, როცა ედისონმა მას შეუწყვიტა ლიცენზია, მისმა მესვეურებმა სასამართლოს ძალით ისევ აღიდგინეს დამოუკიდებლად ფილმების წარმოების უფლება, რამაც მდგომარეობა დაძაბა. სხვა მწარმოებლებმაც მალე ისწავლეს, როგორ გაეცურებინათ ედისონის წარმომადგენლები. როცა ესა თუ ის კინოკომპანია გადაწყვეტდა ფილმის გადაღებას, მისი ოფისიდან ჯერ სხვა მიმართულებით გაუშვებდა დეკორაციების ჯგუფს, ვისაც გაეკიდებოდნენ დაქირავებული დეტექტივები, ამასობაში ძირითადი გადამღები კოლექტივი გადიოდა გადასაღებ მოედანზე და აუღელვებლად მუშაობდა.

ედისონი და მისი ადგილობრივი მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან ბრძოლით დაიღალნენ. თავისთავად, ისინი ფიქრობდნენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან ორივე მხარე გაკოტრდებოდა და ასპარეზი უცხოელებს დარჩებოდათ. 1908 წლის 18 დეკემბერს ედისონმა ვესტ ორანჟის ლაბორატორიაში მიიწვია „ბაიოგრაფის“ წარმომადგენლები და შეთანხმდნენ, შეექმნათ ახლებური გაერთიანება „მოუშენ ფიქჩერ პათენთზ ქომფანი“ („მოძრავი სურათის საპატენტო კომპანია“), რომელსაც სხვებმა „ედისონის ტრესტი“ შეარქვეს. გაერთიანებაში შევიდნენ როგორც ამერიკული, ისე საზღვარგარეთული კინოკომპანიები: „ედისონი“, „ბაიოგრაფი“, „ვაიტაგრაფი“, „კალემი“, „ესენეი“, „სილიგი“, „ლუბინი“, ჟორჟ მელიესისა და შარლ პატეს აშშ-ში არსებული ფილიალები და ჯორჯ კლაინის სადისტრიბუციო სააგენტო, რომელსაც ნება დაერთო ევროპიდან შეეტანა ფრანგული და ბრიტანული წარმოების პროდუქცია. „ედისონის ტრესტის“ მეთაურად დაინიშნა კომპანია „ბაიოგრაფის“ პრეზიდენტი ჯერემაია კენედი, მძიმე ხასიათის პიროვნება, რომელიც არასოდეს უხვევდა ერთხელ აღებული კურსიდან.

ახალმა ორგანიზაციამ გასცა შეზღუდული რაოდენობის ლიცენზიები კინოკომპანიებზე, რათა მათ გამოეყენებინათ „ედისონის ტრესტის“ კინომასალები და კამერები. კინოთეატრების მფლობელებს მიეცა საპროექციო აპარატების თავისუფლად გამოყენების უფლება, დამყარდა ახალი ურთიერთობები ისტმენის „კოდაკთან“, რომელმაც ივალდებულა, რომ მხოლოდ „ტრესტს“ გადასცემდა თავის დამზადებულ კინოფირს. უარი ეთქვა დანარჩენ ამერიკულსა და უცხოურ კინოკომპანიებს, მათ შორის იტალიურ „ჩინესს“, დანიურ „ნორდისკს“ და სხვ. ევროპაში ამას ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. სამაგიეროდ, ერთობ გაიხარა „ტრესტის“ ზოგიერთმა წევრმა, ვინც ადრეც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კინოს თამამ შეჭრას ამერიკის შეერთებული შტატების კინობაზარზე.

ედისონს წარმოუდგენლად მიაჩნდა, რომ პირველი არ ყოფილიყო კინობიზნესში, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, ხელთ ეგდო ლიდერობა. მისი ოფიციალური მოწოდებით ნიუ-იორკის პოლიციამ დახურა ხუთასი კინოთეატრი, რომელთა მფლობელებმა არ შეასრულეს „ედისონის ტრესტის“ მოთხოვნები. ერთადერთი უცხოური კინოკომპანია, რომელიც არ დაემორჩილა ახალ წესებს, იყო „ნორდისკი“. მის ხელმძღვანელობას შეეძლო შარლ პატესთან გაერთიანება და ერთობლივი ძალით ამ „ტრესტის“ დამარცხება, მაგრამ ასე არ მოხდა. თომას ედისონი კარგად აცნობიერებდა, რომ ახალი გაერთიანებიდან პატეს გაგდება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან ამით გამოიწვევდა სავაჭრო ომს, რაშიც თავად აუცილებლად დამარცხდებოდა. ამიტომ მან ხელი შეუშალა ძლიერი ევროპელი კონკურენტების ამგვარ შეკავშირებას და მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილა.

1909 წლის თებერვლიდან დაუმორჩილებელმა კინოკომპანიებმა თავს „დამოუკიდებლები“ უწოდეს და შეუდგნენ არალეგალურ მუშაობას. ედისონმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დააარსა „ტრესტის“ ფილიალი და კვლავ იხმო კერძო დეტექტივები. ამჯერად, უფრო სასტიკი დაპირისპირება გაჩაღდა. ედისონის დაქირავებული აგენტები არც აკრძალული აპარატურის თუ ფირების ოფიციალურ კონფისკაციას ერიდებოდნენ და არც ცემა-ტყეპას. იყო შემთხვევა, როცა „ტრესტისა“ და „დამოუკიდებლების“ წარმომადგენლები ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ მათ გასაშველებლად სერიოზული ძალის – ეროვნული გვარდიის ნაწილების გამოძახება და ჩარევა გახდა საჭირო.

1909 წლიდან ედისონმა დააფუძნა პერიოდული კინოჟურნალი „კინეტოგრამი“, რომელშიც იბეჭდებოდა სტატიები მისი კინოკომპანიის მიღწევებზე, კინოტექნიკის სიახლეებზე, წარმოებაში ჩაშვებულ კინოსურათებზე, მაგრამ ეს კინოპროდუქცია აუდიტორიას აღარ მოსწონდა.

„დამოუკიდებლების“ სწრაფვამ რეალური დამოუკიდებლობისაკენ შედეგად გამოიღო ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს 1915 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით „ედისონის ტრესტს“ აეკრძალა მონოპოლისტობა კინოწარმოებაში, გაქირავებასა და დისტრიბუციაში. „მენლო პარკის ჯადოქარი“ აღშფოთდა და საქვეყნოდ განაცხადა: ქურდებმა მომპარეს კინოს საიდუმლოება, ხოლო ხელისუფლება რატომღაც არ დადგა ჩემს გვერდითო. ამაო გამოდგა ორი წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, რის შედეგადაც ედისონმა უკან წაიღო ყველა ინვესტიცია, რაც კი კინემატოგრაფში ჰქონდა ჩადებული და თავი მიანება ამ ბიზნესს.

გარდაცვალება

თომას ედისონი გარდაიცვალა დიაბეტის გართულებით 1931 წლის 18 ოქტომბერს, საკუთარ სახლში ვესტ-ორანჯში, ნიუ ჯერსიში, რომელიც მან 1886 წელს იყიდა მინა მილერისთვის საქორწილო საჩუქრად. ედისონი დაკრძალეს თავისი სახლის ეზოში.

წყარო

მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია - უხმო კინო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები