თაჰმა ურუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაჰმა ურუფი(ირან.) იგივე თახმურასი, აქედან თეიმურაზი, ვივაჰვანტის ძე. იგი მეორე ადამიანი იყო, რომელსაც ბედმა ბრწყინვალე ჰვარნა არგუნა; მასზე გადავიდა პირველკაცის გაიომართის კურთხევა. ემსახურებოდა აჰურამაზდას და ავრცელებდა მის სარწმუნოებას. ბრძოლა გამოუცხადა დაევებს, რომლებიც გამოქვაბულებსა და მიწის ღრმულებში დაიმალნენ, დრუგას მიმდევრებს და ჯადოქრებს. ქვეყანამ მოისვენა მათგან, მაგრამ მის წინააღმდეგ დაიძრა თავად ანჰრო მაინიუ. გმირმა მიიღო გამოწვევა და დათქმულ დროს შეებნენ ისინი. თაჰმა ურუფიმ ძლია ანჰრო მაინიუს, შავ ცხენად აქცია, შეკაზმა და ოცდაათი ზამთარი კიდით კიდემდე აჯირითა. თავისთვის ამსახურებდა, მასზე ამხედრებულმა მთელი სამყარო მოიარა. შავი ცხენი ამაოდ ღრღნიდა ლაგამს, ამაოდ ემუდარებოდა მხედარს, გაეთავისუფლებინა იგი. ბოლოს, სასოწარკვეთილმა ანჰრო მაინიუმ მეფეს გაუმხილა ანბანის საიდუმლოება, რასაც უმალავდა ადამიანებს. მან გაუცხადა თაჰმა ურუფის დამწერლობის შვიდი სახეობა იმ იმედით, რომ ახლა მაინც ეღირსებოდა თავისუფლება. მეფემ მიიღო ანბანისა და სხვა ხელოვნებათა საიდუმლო და გადასცა ხალხს. ქვეყანას მოეფინა განათლება, გაჩნდნენ პირველი ქურუმები, მართალი მსაჯულნი და ჭეშმარიტების მოძღვარნი, ყველგან დამკვიდრდა აჰურამაზდას კანონები. დაევებმა მიატოვეს თავიანთი საცხოვრებლები და მიმოიფანტნენ უღრან ტყეებსა და მიუწვდომელ ადგილებში, სადაც აჰურამაზდას სიმართლე ჯერ კიდევ ვერ აღწევდა.

გაიმარჯვა კეთილმა ფიქრმა, კეთილმა სიტყვამ და კეთილმა საქმემ. ძლევამოსილი მხედარი კი დააქროლებდა შავ ცხენს. ბოლოს, ცოლის ღალატით გაიცა თაჰმა ურუფის საიდუმლო. ანჰრო მაინიუმ მეფის ცოლისგან გაიგო, თუ რისი შიში ჰქონდა თაჰმა ურუფის: მას სიმაღლის ეშინოდა. შავმა ცხენმა, ეს რომ შეიტყო, ალბურზის მაღალ მთაზე გააქანა მხედარი, რომელსაც სიმაღლისგან თავბრუ დაეხვა და ძირს დაეცა, და ბოროტმა სულმა დაუყოვნებლივ შთანთქა იგი. ბოლოს, იიმამ მეფის გვამი გამოიღო ანჰრო მაინიუს მუცლიდან და დამარხა. სხვა, მოგვიანო გადმოცემით, იგი თავისი სიკვდილით მოკვდა და მის ნაცვლად მისი ძე იიმა გამეფდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები