თარანჯელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარანჯელოზ-ი (ოს. Таранджелоз) – ნაყოფიერების მფარველი ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თრუსოს ხეობის სოფლებში (აქ იგი მთელი ხეობის მფარველად ითვლებოდა), ასევე მამისონის ხეობის სოფ. თიბში და დიდი ლიახვის ხეობის სოფ. ერმანში. თრუსოს ხეობაში სოფ. ჩეთოითიყაუსთან ახლომდებარე მაღალ მთაზე დავანებული იყო თარანჯელოზის სახელობის სალოცავი, სადაც ყოველწლიურად მაისის თვეში მთელი ხეობის მოსახლეობა ღვთაების დღესასწაულს აღნიშნავდა. სალოცავთან ახლომდებარე სოფლებში (დესი, ჩეთოითიყაუ, სუათისი, ყარათიყაუ) სადღეობო მზადება დიდი ხნით ადრე იწყებოდა: საერთო ხარჯით ხარშავდნენ ლუდს, ხდიდნენ არაყს, იძენდნენ სამსხვერპლო ცხოველს (გარდა ამისა ყოველ ოჯახს სალოცავში ბატკანი მიჰყავდა). დღესასწაულზე სათანადო მსხვერპლშეწირვის პროცესში თარანჯელოზს საველე სამუშაოების წარმატებით დასრულებას, უხვმოსავლიან შემოდგომას, საქონლის დაცვა-გამრავლებასა და ადამიანთა კეთილდღობას ევედრებოდნენ.

ტერმინისათვის ამოსავალია ქართული „მთავარანგელოზი“. მისი კულტი ოსეთში საქართველოდან გავრცელდა, რაც თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება (XII ს.). როგორც სათანადო წყაროებიდან ჩანს, თამარ მეფის დავალებით წალკის ეპისკოპოსს თრუსოსა და ზაყის ხეობების მოსახლეობა გაუქრისტიანებია და იქ წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიები აუგია. შესაძლებელია, ეს მომენტია ასახული ნართულ ეპოსში, სადაც ნათქვამია: ბათრაძის სიკვდილის გამო ღმერთის მიერ დაღვრილი სამი წვეთი ცრემლიდან თარანჯელოზის, მიქალგაბირთას და რექომის სალოცავები წარმოიქმნა. აღსანიშნავია, რომ მთავარანგელოზთა კულტი მიქალგაბირთას (წმ. მიქაელი და წმ. გაბრიელი) სახელით ოსებში ცალკე არსებობდა.


ლიტერატურა

  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები