თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია – წარმართავდა ქართული სალიტერატურო ენის უნიფიკაციის (სადავო საკითხების მოგვარების, ერთიანი ნორმების შემუშავებისა და დანერგვის) საქმეს. პირველად (1934) განსახკომთან შეიქმნა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა რესპუბლიკური კომისია 30 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე მ. ტოროშელიძე, მოადგილე ა. თათარაშვილი, მდივანი ე. თოფურია). კომისიას ევალებოდა სადავო საკითხების მოსაგვარებლად ძირითადი პრინციპების შემუშავება და მათზე დაყრდნობით საყოველთაო-სავალდებულო ნორმების დადგენა.

კომისიის მუშაობას წინ უძღოდა გამოცდილება იმ საქმიანობისა, რაც გასწიეს სახელმწიფო სამეცნიერო საბჭომ (1921 თავმჯდომარე ი. ჯავახიშვილი); 1921 განსახკომთან თბილისის უნივერსიტეტის ძალებით შექმნილმა კომისიამ (ა. შანიძე (თავმჯდომარე), გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძე, ს. გორგაძე, ვუკ. ბერიძეს რომელმაც მოამზადა სადავო საკითხთა მოგვარების პროექტები (გამოიცა ცალკე წიგნაკად – „სალიტერატურო ქართულისათვის“, თბ,, 1921); აგრეთვე განსახკომთან შექმნილმა ცენტრალურმა სატერმინოლოგიო კომისიამ (1925, თავმჯდომარე ვუკ. ბერიძე), რომელიც საბოლოოდ ადასტურებდა სამეცნიერო-სატერმინოლოგიო კომისიის მიერ შემუშავებულ და მიღებულ ტერმინოლოგიას და სატერმინოლოგიო მუშაობასთან სალიტერატურო ენის სიწმინდის საკითხების შეხამებაც ევალებოდა; საქართველოს სსრ ცაკ-თან დაარსებულმა მთავარმა სატერმინოლოგიო კომიტეტმა (1926, თავმჯდომარე ფ. მახარაძე), რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან შექმნილმა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენმა სამუშაო კომისიამ (1933, თავმჯდომარე ა. ჭყონია), რომელსაც დაეკისრა საკითხთა დოკუმენტური მეცნიერული შესწავლა.

კომისია ძირითადად მაინც ეყრდნობოდა ენისა და ტერმინოლოგიის კომიტეტისა და რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან დაარსებული სამუშაო კომისიის შედეგებს. მან არნ. ჩიქობავას მოხსენების მიხედვით შეიმუშავა სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის ძირითადი პრინციპები. მათ საფუძველზე დადგინდა 18 ნორმა. კომისიის მიერ შემუშავებული პრინციპებიცა და ნორმებიც დაამტკიცა საქ. სსრ განათლების სახალხო კომისარიატმა, „როგორც სავალდებულო სახელმძღვანელო ყველა სახის სასწავლებლებისა, გამომცემლობებისა და პერიოდული გამოცემებისათვის“.

1936 დაიბეჭდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმები”, I (84 გვ), რომლის პროექტები 1932 წაკითხულ იქნა მოხსენებებად სატერმინოლოგიო კომისიისა და ხელგამის მიერ მოწყობილ კურს-კონფერენციაზე. გამოქვეყნდა (1932-33) 10 ნაკვეთი საერთო გრიფით „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენისათვის.“

„ელხის“ რეორგანიზაციის (1934 წლის 20 ივლისი) შედეგად ჩამოყალიბებულ ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით 1935 წლის 10 ივლისს შეიქმნა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია“ 18 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე ა. შანიძე, მოადგილე ვ. თოფურია); კომისიას უნდა დაემუშავებინა სადავო საკითხები, შეედგინა თეზისები და პროექტები და წარედგინა რესპუბლიკური კომისიისათვის.

განათლების სახალხო კომისარიატის მიმართვისა და სსრკ აკად. საქართვ. ფილიალის პრეზიდიუმის 1937 წლის თებერვლის დადგენილების საფუძველზე ენიმკის ქართველურ ენათა სექტორთან ჩამოყალიბდა სალიტერატურო ქართული ენის ნორმებისა და ქართული ორთოგრაფიის ახალი სამუშაო კომისია (თავმჯდომარე ა. შანიძე).

1937 საჭირო გახდა კომისიის შევსება, რის შესახებაც განსახკომს თხოვნით მიმართეს ენიმკის დირექტორმა ს. ჯანაშიამ და კომისიის თავმჯდომარემ ა. შანიძემ. განათლების სახალხო კომისარს ეთხოვა აგრეთვე, რომ ორთოგრაფიული ლექსიკონის მასალები ლიტერატურის ინსტიტუტიდან გადასულიყო ენიმკის განკარგულებაში, რათა ისინი დაჩქარებით განეხილა სალიტერატურო ქართული ენის ნორმათა დამდგენ კომისიას.

გამოქვეყნებულ ნორმათა საფუძველზე 1941 ვ. თოფურიამ და ი. გიგინეიშვილმა გამოსცეს სასკოლო „ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (II გამოც. 1946, III – 1949).

საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1946 წლის 25 მაისის დადგენილების საფუძველზე 1946-48 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მუშაობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია ჯერ ს. ჯანაშიას, შემდეგ – ა. შანიძის თავმჯდომარეობით.

1953 მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმთან შეიქმნა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისია, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან – თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა შემმუშავებელი სამუშაო კომისია (თავმჯდომარე ი. გიგინეიშვილი).

მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 1953-იდან ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა ნორმათა კომისიის სამეცნიერო ბაზა – ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილება. 1966-იდან ნორმების განყოფილება გარდაიქმნა „ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებად“. მას ევალებოდა სადავო საკითხების შესწავლა და სახელმწიფო კომისიისათვის პროექტებისა და საჭირო მასალების მომზადება. განყოფილებაში დამუშავებული პროექტები ჯერ განიხილებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე და მოწონებული პროექტი დასამტკიცებლად წარედგინებოდა ნორმათა დამდგენ კომისიას.

1954 ნორმების დამდგენი კომისიის რეორგანიზაციის საფუძველზე მინისტრთა საბჭოსთან ამოქმედდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია (თავმჯდომარე გ. ჯავახიშვილი, დ. ქართველიშვილი, (თავმჯდომარის მოადგილე ქ. ლომთათიძე, მდივანი ი. გიგინეიშვილი).

ნორმათა კომისიის მიერ მიღებულ წესებს ემყარებოდა პირველი ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც 1968 გამოვიდა (ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ შემდგენლები: ე. თოფურია, ი. გიგინეიშვილი, ე. თოფურიას რედაქციით). ლექსიკონს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამკვიდრებისა და დაცვის თვალსაზრისით. 1998 გამოვიდა ამ ლექსიკონის მეორე, შევსებული გამოცემა.

1970 გამოქვეყნდა „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ პირველი კრებული.

1972 დაარსდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების ბეჭდვითი ორგანო „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, რომლის XII წიგნი გამოვიდა 2004.

საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით (1984 წლის-31 აგვ.) ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები ქვეყნდებოდა თანდათანობით ბიულეტენების სახით, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედო ნორმათა II კრებულს („თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“), გამოვიდა „ბიულეტენი“ №1-2, 1985 (10 ნორმა) და №3, 1987 (7 ნორმა).

1995-2004 მოქმედებდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია (თავმჯდომარე ე. შევარდნაძე, მოადგილე გ. კვარაცხელია).

ლ. ლეჟავა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები