თამარი (თქმულება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი – თამარის დედას სიზმარი ესიზმრა, თითქოს თამარს ღმერთმა მთელი ხმელეთი ჩააბარა საპატრონებლად, სიზმარი ახდა: სამი თვის რომ შესრულდა თამარი, აკვნიდან წამომდგარა, ჯერ ხელ-პირი გადაუბანია, მერე პირჯვარი გადაუსახავს, ჩიქილა დაუხურავს, შეუყრია ჯარი და წასულა ზღვის პირას ზღვასთან საბრძოლველად, თამარმა ზღვას გადაკრა თავისი ერთადერთი იარაღი – ჩიქილა, გააპო ზღვა და ხმელეთი გამოაჩინა. შუა ზღვაში სამანები ჩაყარა, რომ საზღვარი დაედო ზღვასა და ხმელეთს შორის, წყლის ერთი წვეთიც რომ არ გადმოღვრილიყო ხმელეთზე. მიწა რომ გამოსტაცა ზღვას და დაიპყრო, ყველაფერი გაამზადა ადამიანთა საცხოვრებლად: უსიერი ტყეები გაკაფა და გზები გაიყვანა, ქალაქი ააშენა და ხალხი დაასახლა, და რკინის ჭიშკარი შეაბა ქალაქს. ბოლოს კი, მაღალ ქედზე საყდარი ააგო და ზედ ოქროს ჯვარი დაადგა. თავად ერთ მაღალ მთაზე ავიდა და იქ გამართა თავისი სატახტო, იქიდან მართავდა ქვეყნიერებას. თამარს ხმელეთის და ცის ყველა ქმნილება ემორჩილებოდა და მის ნებას ასრულებდა: ფრინველებს ქვა და ქვიშა აჰქონდათ მიუწვდომელ კლდეებზე ციხე-კოშკებისა და ეკლესიების ასაშენებლად. თამარს მოთრგუნული ჰყავდა ეშმაკი და რაშად ქცეულს დააქროლებდა მთელს თავის საბრძანებელში: დილას რომ ქვეყნის ერთ კიდეზე აშენებდა, საღამოთი მეორე კიდეზე გაჩნდებოდა. მაგრამ ზღვა ბოლომდე არ იყო დამორჩილებული, თავისი სიმდიდრე ჯერ კიდევ არ გაეცა მისთვის. მაშინ ადგა თამარი და ხელმეორედ გაემართა ზღვასთან საომრად და მალე მოდრიკა იგი: ქარებს უბრძანა, ყოველი კუთხიდან მოეტანათ ჩალა და ბზე, გამხმარი ფიჩხი და თივა, რაც კი ხმელეთზე იპოვებოდა, და ზღვაში ჩაეყარათ. მერე თამარმა ნავთი დაასხმევინა ზედ და ცეცხლი მოაკიდებინა. აბრიალდა ცეცხლი ზღვის ზედაპირზე, შეწუხდა ზღვა და შეუთვალა თამარს, ოღონდ ნუ გადამბუგავ და, რასაც მთხოვ მოგცემო. დაეთანხმა თამარი და ზღვამ თავისი ჯურღმულებიდან გამოუგზავნა ცხოველები, თვალ-მარგალიტი და დიდძალი დოვლათი.

ხალხის თქმულებით, თამარი არ მომკვდარა, მხოლოდ მძინარე ოქროს კუბოში ასვენია, კუბო საიდუმლო ადგილას არის და ანგელოზები იცავენ. მოვა დრო და თამარი გაიღვიძებს. ეს მაშინ მოხდება, როცა ხალხი მეტისმეტად შეწუხდება და სიცოცხლის სასო გადაეწურება. მაშინ აღდგება თამარი, ძლევს მტერს და ქვეყნიერების ხელმწიფებას დაიბრუნებს. მის სამეფოში მარადიული გაზაფხული იქნება.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

იხილე აგრეთვე

თამარის სამოთხე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები