თავაძე თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავაძე თამარ (დ. - 1898, თბილისი - გ. - 1980, თბილისი) - თეატრის მხატვარი.

ბიოგრაფია

1916-1917 წლებში სწავლობს მოსკოვის მხატვართა სტუდიაში. 1918 ბრუნდება საქართველოში და 1922 წლამდე მხატვრად მუშაობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თ. თავაძე ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენელია. 1920 წელს ის აფორმებს ბალეტს: „კარნავალი“, რომელსაც დგამს ცნობილი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, მიხეილ მორდკინი. ის იმხანად თბილისში იმყოფება თავის საბალეტო დასთან ერთად („მორდკინის ბალეტი“) და დგამს საბალეტო სპექტაკლებს საოპერო თეატრში. დასის წევრი და სოლისტია თამარ გამსახურდია, ცნობილი ბალერინა და შემდგომ დიზაინერი (გერმანია, ბერლინი). რამდენადაც ზუსტი ცნობები არ არსებობს (თუმცა ზოგ წყაროში აღინიშნება, რომ მორდკინმა სპექტაკლი თავისივე მუსიკაზე დადგა), უნდა ვივარაუდოთ, რომ „კარნავალი“ იყო მიხეილ ფოკინის, ცნობილი ბალეტმაისტერის, 1909-1912 და 1914 წლებში „რუსული სეზონების“ მთავარი მხატვრული ხელმძღვანელის და მოცეკვავის, დიაგილევის სცენოგრაფიით დადგმული, შუმანის საფორტეპიანო ციკლზე შექმნილი ერთმოქმედებიანი ბალეტი-პანტომიმა. შუმანის საფორტეპიანო ციკლის ბალეტისათვის ორკესტრირების ავტორები არიან: ანტონ არენსკი, ალექსანდრ გლაზუნოვი, ანატოლი ლიადოვი, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი, იმხანად, (1918-1921 წლებში) თბილისის კონსერვატორიის რექტორი, ნიკოლაი ჩერეპნინი.

1924 თ. თავაძე მონაწილეობს მუშათა და ჯარისკაცთა თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტეს“ დადგმაში (კოსტიუმების ესკიზები). 1928 წელს ამთავრებს მოსკოვის მხატვრულ-ტექნიკური ინსტიტუტის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განყოფილებას. 1927-1936 წლებში მუშაობს მოსკოვის დიდ თეატრში, თუმცა 1930 მისი ხელმოწერა ჩნდება საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციაზე. შემდეგ ბრუნდება თბილისში. ოპერისა და ბალეტის თეატრში აფორმებს როსინის ოპერას „სევილიელი დალაქი“ (1938), კოტე მარჯანიშვილის თეატრში - მოლიერისა და მარკ-ანტუან შარპანტიეს სამმოქმედებიან ბალეტ-კომედიას „ვითომდა ავადმყოფი“ (1943); ლევან გოთუას „მეფე ერეკლეს“ ბათუმის დრამატულ თეატრში (1944). მას შემდეგ, როგორც ჩანს, თ. თავაძეს ოპერასა თუ დრამატულ თეატრებში სპექტაკლები აღარ გაუფორმებია. ყოველ შემთხვევაში, მისი შემოქმედება დღემდე შეუსწავლელია.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

В. Беридзе, Н. Езерская, Искусство Советской Грузии, 1921-1970, Мос., 1975.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები