ზომბიეკონომიკა
ზომბიეკონომიკა – (zombyeconomy), ჩაისახა XX საუკუნის 90-იან წლებში იაპონიაში, არსებობს მხოლოდ საბაზრო ურთიერთობების პირობებში. მისი ფუნქციონირების სფეროა ზომბიფირმები, ხოლო წყაროა დაკრედიტების შეღავათიანი სისტემა, რომელსაც ახორციელებენ ზომბიბანკები (კრედიტებს აძლევენ ფირმებს საშუალო საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით). ასეთი ბანკების უკან, როგორც წესი, დგას მთავრობა (სამთავრობო გარანტიები და ა.შ.), რაც, საბოლოო ანგარიშით, იწვევს იმას, რომ ზომბიბანკები, გარკვეულწილად, გადასახადების გადამხდელთა, ე.ი. მოსახლეობის ხარჯზე ფუნქციონირებენ. აქედან გამომდინარე, ზომბიეკონომიკა, რომელიც ტვირთად აწვება ეკონომიკის ჯანსაღ ნაწილს, ზომბიფირმების, ზომბიბანკებისა და მთავრობის ერთობლივი საქმიანობის, მათი არაჯანსაღი ურთიერთობების შედეგია.
ზომბიეკონომიკის წარმოშობა უკავშირდება ფინანსურ კრიზისს, როდესაც საბანკო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ხელსაყრელი პირობები იქმნება საბიუჯეტო დაფინანსების გზით ფირმების გადარჩენისათვის: ფინანსური კრიზისის ფონზე, უმუშევრობის გაზრდა და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა მთავრობისაგან ლოგიკურად მოითხოვს ასეთ ქმედებას. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის სისტემის შენარჩუნებას ზომბიეკონომიკის სტრუქტურები ფინანსური კრიზისის დაძლევის შემდეგაც ცდილობენ. ზომბიეკონომიკა დამახასიათებელია არა მხოლოდ განვითარებული, არამედ განვითარებადი ქვეყნებისთვისაც.