ზეკოთჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეკოთჰა (ადიღ. ЗекIуэтхьэ. зекIуэ –„თარეში“, Тхьэ – „ღმერთი“)თარეშისა და მოთარეშეების მფარველი ღვთაება ადიღურ მითოლოგიაში. სალაშქროდ მიმავალი ჩერქეზები ზეკოთჰას გულის მოსაგებად და გამარჯვების დასანათლად ღვთაების სახელზე სპეციალურ სალაშქრო სიმღერას (зекIуэ уэрэд) ასრულებდნენ. პოპულარულ სალაშქრო სიმღერებს შორის ხან-გირეი ყაისინის ძველ სიმღერას ახსენებს. იგი წერს: „უნდა ნახოთ ყაისინის მომღერალი მოლაშქრე ჩერქეზები და მაშინ გაიგებთ ჩერქეზული სიმღერების გავლენის ძალას. სიმღერის ერთი სტროფის დასრულების შემდეგ, მომღერლები იხდიან ქუდებს და თავს ცხენის ფაფარზე დებენ. ყაისინის სიმღერის შესრულების ჟამს ... ვერცერთი მთიელი ვერ შეიკავებს თავს, რომ ცხენი არ აათამაშოს. არცთუ იშვიათად, მის ხელში შიშველი გორდაც გაიელვებს“.

ლაშქრის წინამძღოლი სათარეშოდ წასვლის წინ ზეკოთჰას მსხვერპლს (ცხვარს ან თხას) სწირავდა, სათანადო ლოცვას აღავლენდა და სამსხვერპლო ცხოველის ძვლით (ბეჭით ან კოჭით) მკითხაობდა. თუკი მკითხაობა კეთილსასურველ შედეგს იუწყებოდა, სალაშქროდ მიდიოდნენ, თუ არადა, განმეორებით მსხვერპლშეწირვას დაელოდებოდნენ. ლაშქრობიდან გამარჯვებით დაბრუნებული ჩერქეზები ზეკოთჰას პატივსაცემად კვლავ მსხვერპლს სწირავდნენ. საამისოდ წმინდაკორომში (тхьэшIагъ мэз) მიემართებოდნენ, სადაც კულტმსახურები, განსაკუთრებული წესის დაცვით, სამსხვერპლო ცხვრებსა და თხებს კლავდნენ, მოხარშულ ხორცს დამსწრეებს შორის გაანაწილებდნენ, ხოლო სამსხვერპლო ცხოველების თავებს ხეებზე მიამაგრებდნენ. მოლაშქრეები ნადავლის საუკეთესო ნაწილს, როგორც თავიანთი მფარველისადმი შესაწირს, ხეებზე ჰკიდებდნენ („ჴუენთხი“).


ლიტერატურა

  • Люлье. Л. Я. Черкессия. Историко-этнографическиестатьи // Материалы для истории черкесского народа. Краснодар, 1927;
  • Хан-Гирей Султан. Мифология черкесских народов // Кавказ. № 35, 1846;
  • Шортанов А. Т. Адыгские культы. Нальчик, 1992;
  • Марзей А. С. Черкесское наездничество «ЗекIуэ» (Из истории военного быта черкесов в XVIII – первой половине XIX века). М., 2000.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები