ვეჯინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვეჯინის ამაღლების კომპლექსი

ვეჯინი – ისტორიული სოფელია საქართველოში, კახეთში (გურჯაანის რ.), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე.

ქართულ საისტორიო წყაროებში იგი X საუკუნის შუა წლებიდან მოიხსენიება. გვიანდელ საბუთებში ცნობილია ვეჯინ- და ვეჟინ- ფორმებით. ვახუშტი ბატონიშვილი სახელწოდება ვეჯინის წარმოშობის შესახებ არაფერს გვეუბნება, უბრალოდ აღნიშნავს, ვეჯინი ალაზნის დასავლით „ცივის მთის ძირს“ არის გაშენებულიო. „მატიანე ქართლისაჲ“, „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი“ და სხვა მემატიანენი მხოლოდ ვეჟინ-ს იცნობენ, მაგრამ ეს ფორმა არაფერს გვეუბნება ისეთს, სახელწოდების გარკეევაში რომ გვეხმარებოდეს. ადგილობრივ მოსახლეობას „გამოსავალი“ მაინც მოუძებნია და მშობლიური სოფლის სახელწოდების წარმოშობა თამარ მეფის ამ კუთხემი მოსვლასთან დაუკავშირებია: „თამარ მეფეს სპარსელები რომ დაუმარცხებია, შინ დაბრუნებულს კახეთის სოფლები მოუნახულებია. მოდენილა სოფელ-სოფელ და თავის ხალხს თურმე დიდძალ ოქრო-ვერცხლს ურიგებს. ჩვენს სოფელში რომ მოსულა, თამარს თავისი ამალა გაუჩერებია და უთქვამს: „დედას აი, აქ ვეჯინეო, ე.ი. დედას კალთაში აქ ვეჯექიო“ (ქეთევან ჯავშანაშვილი, ს. ჭანდარი). აღნიშნული გადმოცემა მცირეოდენი ცვლილებით ჩაუწერია ეთნოგრაფ-ისტორიკოსს ნ. მჭედლიშვილს.

საქართველოში სოფელ ვეჯინის გარდა არსებობს ვეჯინის უბანიც ს. გლდანში, მათი ურთიერთმიმართების საკითხი (პირველადობა) გასარკვევია.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები