ვასკულური დემენცია
ვასკულური დემენცია - ცერებროვასკულური დაავადებების შედეგად განვითარებულ დემენციას, წარსულში „ათეროსკლეროზულ ფსიქოზს” უწოდებდნენ. მოგვიანებით ასაკში განვითარებული სხვა ფსიქოზებისგან განსხვავებით, ასეთ შემთხვევაში დემენცია ასოცირებულია თავის ტვინში მრავლობითი ინფარქტის კერებთან, ამიტომ მას მულტიინფარქტული დემენცია ეწოდება (Roth et al., 1955; Hachinski et al., 1974). ეს ტერმინი კვლავ იხმარება, თუმცა, კვლევებით გამოვლინდა, რომ ეს მდგომარეობა წარმოადგენს უფრო ფართო ჯგუფის „ვასკულური დემენციის” ქვეჯგუფს. ამიტომ დღეს უპირატესად გამოიყენება ტერმინი „ვასკულური დემენცია”. პათოგენური მექანიზმები განსხვავებულია და მოიცავს წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების არტერიოსკლეროზს, ემბოლიას, ვასკულიტს, ამილოიდურ ანგიოპათიას და ინტრაკრანიალურ სისხლჩაქცევებს. განსხვავებული ქვეჯგუფების დასახასიათებლად შემოტანილია ტერმინები: ბინსვანგერის დაავადება, ლეიკოარეოზი და état lacunaire (ლაკუნური სინდრომი).
დემენციის გამომწვევ მიზეზებს შორის ვასკულური დემენცია მეორე ადგილზეა. შედარებით უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. დაავადების სიხშირე ასაკთან ერთად მატულობს და ყოველ 5 წელიწადში 2-ჯერ იზრდება. გეოგრაფიული გავრცელების თვალსაზრისითაც დაავადება განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს; მაგ., ჩინეთში, იაპონიასა და რუსეთის ფედერაციაში უფრო ხშირად გვხვდება.
ვასკულური დემენციის კლინიკური ნიშნები
დაავადება, ჩვეულებრივ, ცხოვრების მეშვიდე ან მერვე ათწლეულში ვლინდება. უპირატესად, მწვავე დასაწყისი ახასიათებს და ხშირად ინსულტის შემდეგ ვითარდება. თავდაპირველად თვალსაჩინოა პიროვნული და ემოციური ცვლილებები, რასაც შემდგომ მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითება მოჰყვება. გაუარესება საფეხურებრივად პროგრესირებს. ხშირია დეპრესია, დამახასიათებელია ემოციური ლაბილობისა და ცნობიერების დარღვევის ეპიზოდები, განსაკუთრებით, ღამის საათებში. შეიძლება განმეორდეს ტრანზიტორული იშემიური მდგომარეობები ან მიკროინსულტი. კრიტიკა, ჩვეულებრივ, გვიანი სტადიის დადგომამდეა შენახული. ქცევითი დარღვევები და შფოთვა უფრო გამოხატულია, ვიდრე ალცჰაიმერის დროს.
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები მოიცავს რამდენიმე დამახასიათებელ სიმპტომს (Gold et al., 2002). ვასკულური დემენციის მიმდინარეობას ახასიათებს საფეხურებრივი პროგრესი. გაუარესების პერიოდებს მოსდევს გაუმჯობესების ან ნაწილობრივი აღდგენის ეტაპი, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. პაციენტების 50% კვდება გულის იშემიური დაავადების შედეგად, ხოლო დანარჩენი - ცერებრული ინფარქტის ან თირკმლის უკმარისობის გამო. დიაგნოზის დასმის შემდეგ დაავადების ხანგრძლივობა ფართო დიაპაზონს მოიცავს. კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ დაავადების მიმდინარეობა ვასკულური დემენციის შემთხვევაში, ალცჰაიმერის დაავადებასთან შედარებით, ხანმოკლეა.
ძნელია ვასკულური დემენციის დიაგნოზის დაზუსტებით დადგენა, თუ არ გვაქვს ინსულტის ანამნეზი ან ლოკალური ნევროლოგიური ნიშნები. დამახასიათებელი სიმპტომებია:
- (1) მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური დეფიციტი,
- (2)მდგომარეობის გაუარესების არათანაბარი პროგრესი და
- (3) შედარებით შენახული პიროვნება.
ფიზიკური გამოკვლევებისშედეგად, როგორც წესი, აღინიშნება ჰიპერტენზია, პერიფერიული და თვალის სისხლძარღვების არტერიოსკლეროზი. შესაძლებელია არსებობდეს ისეთი ნევროლოგიური ნიშნები, როგორებიცაა ფსევდობულბარული დამბლა, რიგიდულობა, აკინეზია, გაცხოველებული რეფლექსები. ზოგჯერ გამოიყენება ჰაჩინსკის სკალა.
ვასკულური დემენციის ეტიოლოგია
ფოკალური იშემიით გამოწვეული ვასკულური დემენცია ნეირონული დისფუნქციისა და ნეირონების კვდომის შედეგად ვითარდება. ბუნებრივია, ვასკულური დემენციის რისკ-ფაქტორია ცერებრო-ვასკულური დაავადებები. უკანასკნელი წლების კვლევებით ნაჩვენებია მისი კავშირი და მსგავსება ალცჰაიმერის ტიპის დემენციასთან. მაგ., ითვლება, რომ მათ საზიარო რისკ-ფაქტორები და პათოფიზიოლოგიური მახასიათებლები აქვთ.