ექსკავატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ექსკავატორი – (ლათ. excavātus ამოტეხილი. ამოთხრილი < excavāre ამოტეხა, ამოთხრა < ex- -გან, -დან, მიღმა, გაღმა, იქით და cavāre ღრმულის, სიცარიელის გაკეთება), თვითმავალი (პნევმატურთვლიანი, მუხლუხა და მაბიჯი სვლით) მიწასათხრელი მანქანა, რომლის დანიშნულებაა გრუნტის ამოღება ან ამოთხრა და განტვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში ან ნაყარში. გამოიყენება სამშენებლო, საკარიერო, ჰიდროტექნიკური და მელიორაციული სამუშაოების შესასრულებლად. ძალური დანადგარი საბრუნ ბაქანზეა დაყენებული.

ექსკავატორი არის ერთ- და მრავალციცხვიანი, უნივერსალური და სპეციალური, პერიოდული და უწყვეტი მოქმედების. უნივერსალური ექსკავატორი აღჭურვილია სხვადასხვა საცვლელი სამუშაო ორგანოებით მოსაპირკეთებელი, სამონტაჟო, ხიმინჯჩასასმელი და სხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის, სპეციალური კი – ერთი სახის სამუშაო ორგანოთი. უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის სამუშაო მოწყობილობაში შედის: პირდაპირი და უკუნიჩაბი, დრაგლაინი, გრეიფერი, ამწე, ურნალი და სხვ. დანიშნულების მიხედვით ერთციცხვიანი ექსკავატორი, რომლებიც პერიოდული მოქმედებისაა, იყოფა შემდეგ ჯგუფებად: სამშენებლო და სამშენებლო-საკარიერო; სამშენებლო ძირითადად გამოიყენება სახცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და დაშლაზე; საკარიერო – ძირითადად მძიმე გრუნტების კარიერებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობებზე სამუშაოდ; გადასახსნელისასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან ღია სამთო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობებზე სამუშაოდ; საგვირაბე და საშახტე – მიწისქვეშა საინჟინრო ნაგებობების სამუშაოებზე და სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებაზე.

ექსკავატორი არის ერთ- (დიზელის ტიპის) და მრავალძრავიანი (ელექტრული და დიზელ-ელექტრული) მექანიკური, ჰიდრომექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული და შერეული ამძრავებით. საბრუნი ბაქნის მობრუნების საშუალების მიხედვით ერთციცხვიანი ექსკავატორი არის სრულადსაბრუნი (360°) და არასრულადსაბრუნი (მობრუნების შეზღუდული კუთხით). სავალი მოწყობილობის მოხედვით – მუხლუხა, პნევმატიკური თვლებით და მაბიჯი; სამუშაო მოწყობილობის დაკიდების მიხედვით: მოქნილი დაკიდების ელემენტებით (ბაგირული) და დაკიდების ხისტი ელემენტებით, უმეტესად ჰიდრავლიკური ცილინდრებით. ერთციცხვიანი ექსკავატორი გრუნტს ამუშავებს სადგომის დონეზე მაღლა (პირდაპირი ნიჩაბი) და სადგომის დონეზე დაბლა (უკუნიჩაბი). ამ უკანასკნელს იყენებენ წყალსადენისა და საკანალიზაციო ტრანშეების, შენობის საძირკვლისა და თხრილების მოსაწყობად. დრაგლაინს იყენებენ სადგომის დონეზე გაცილებით დაბლა განლაგებული შედარებით მსუბუქი და ფხვიერი გრუნტების დასამუშავებლად. მისი სამუშაო მოწყობილობაა წამწისებრი ისარი, ციცხვი მოსაჭიმიანი ბაგირით და ბაგირების სისტემა. მრავალციცხვიანი ექსკავატორი აღჭურვილია აქტიური სამუშაო ორგანოებით (ჯაჭვური ან როტორული) და აწარმოებს შედარებით სუსტი და ერთგვაროვანი გრუნტის დამუშავებას უწყვეტი სამუშაო ციკლით ერთდროულად მისი ტრანსპორტირებით ნაყარში ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებში. ჯაჭვური ექსკავატორის სამუშაო ორგანოა ჩარჩოზე დამაგრებული უსასრულო ჯაჭვი მასზე თანაბრად განაწილებულად დამაგრებული ციცხვებით. ასეთი ექსკავატორი არის გრძივი (სატრანშეო) და განივი (არხების ფერდობების) თხრის. როტორული ექსკავატორის სამუშაო ორგანოს წარმოადგენს როტორი მასზე დამაგრებული ციცხვებით. გრუნტის გატანა თხრის ზონიდან ორივე ტიპის ექსკავატორის მუშაობისას წარმოებს ტრანსპორტიორებით. მათი სავალი მოწყობილობა მუხლუხა ან სარკინიგზო სვლისაა.

ექსკავატორის ძირითადი პარამეტრები

ექსკავატორის ძირითადი პარამეტრები ექსკავატორის მახასიათებლების ერთობლიობაა, რომელიც განსაზღვრავს მისი გამოყენების მიზნობრიობას. ესენია: ციცხვის ტევადობა, სამუშაო ციკლის ხანგრძლივობა, ძრავის სიმძლავრე, თხრის რადიუსი, სიმაღლე, სიღრმე, განტვირთვის რადიუსი, გზის ქანობი, ექსკავატორის მშრალი ანუ კონსტრუქციული მასა (სამუშაო მოწყობილობით და საპირწონე ტვირთით საწვავის გარეშე), ექსკავატორის სამუშაო მასა (სამუშაო მოწყობილობით და საპირწონე ტვირთვით საწვავის გათვალისწინებით), საშუალო დაწნევა გრუნტზე, ექსკავატორის ლიანდი (მანძილი სავალი მოწყობილობის საყრდენი ზედაპირების შუაში გამავალ გრძივ ღერძებს შორის), ბაზა (თვლებიანი ექსკავატორისას – მანძილი წინა და უკანა სავალი ურიკების ან თვლების ვერტიკალურ ღერძებს შორის; მუხლუხა ექსკავატორისას – მანძილი სავალი მოწყობილობის წინა და უკანა თვლების ან საგორავების ვერტიკალურ ღერძებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ დატვირთვების გრუნტზე გადაცემაში).

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები