ერქომაიშვილი არტემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემ ერქომაიშვილი

ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე (26 ოქტომბერი 1887, სოფ. მაკვანეთი - 2 თებერვალი 1966, ოზურგეთი) - ლოტბარი, მომღერალი, სრული მგალობელი, ხალხური სიმღერების ავტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სიმღერა მას და მის ძმებს, ანანიასა და ვლადიმერს, მამამ - გიგომ და დედის ძმამ - გიორგი ბაბილოძემ შეასწავლეს. 19 წლისა თვითონაც სიმღერის მასწავლებლობას შეუდგა. 1911 წლიდან სამეგრელოში - სენაკში, მარტვილსა და აბაშაში - სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1917 წელს გურიაში დაბრუნდა 155 და მშობლიურ სოფელში მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 12-კაციან ანსამბლში გაერთიანებულნი იყვნენ ძმები ერქომაიშვილები, პატარავები და ვარშალომიძეები. გუნდს თავიდან გიგო ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.

1918 წელს, მელიტონ ბალანჩივაძისა და კოტე ფოცხვერაშვილის ინიციატივით, თბილისში ერთი თვით მიიწვიეს ნესტორ კონტრიძის მგალობელთა გუნდი, ერქომაიშვილებისა და გიორგი ბაბილოძის საოჯახო ანსამბლი და ძუკუ ლოლუას გუნდი. დამოუკიდებელ საქართველოში ეს კოლექტივები „სობოროში“ გალობდნენ (ტაძარი მდებარეობდა რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე) და ქართულ კლუბებში, წითელი ჯვრის სასარგებლოდ, ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე კონცერტებს ატარებდნენ.

1921 წელს გასაბჭოების შემდეგ, ახალი ანსამბლი შექმნა, რომელშიც, ოჯახის წევრებთან ერთად, მისი ახალი ნათესავები და მეზობლებიც გაერთიანდნენ. 1924 წელს ეს გუნდი, სიმღერების ნოტებზე ჩასაწერად, მ. ბალანჩივაძემ, დ. არაყიშვილმა, ი. კარგარეთელმა, კ. მეღვინეთუხუცესმა, კ. ფოცხვერაშვილმა და ა. ბალანჩივაძემ თბილისში მიიწვიეს. ანსამბლი დედაქალაქში 40 დღით დარჩა. 1925 წელს ბათუმში, აჭარელი და გურული მომღერლებისაგან, ნავსადგურის მტვირთავ მუშათა ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1927 წელს აღნიშნულმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებულ პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო, ასევე წარმატებით გამოვიდა 1929 წელს თბილისში გამართულ მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ფულადი პრემია - 500 მანეთი მიიღო. იმავე წელს კონცერტები ჩაატარა მოსკოვსა და ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1934 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში, ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის მესამე ოლიმპიადაზე. 1936 წელს აჭარის მთავრობამ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გუნდს ყოველწლიური დოტაცია დაუნიშნა. 1925 წლიდან 1942 წლამდე, აჭარის მომღერალთა გუნდის გარდა, სხვადასხვა დაწესებულებებში თვითმოქმედ ანსამბლებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა. 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთი) კულტ. სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1951 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1963-65 წლებში პროფ. გ. ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით მივლინებულ მუსიკალურ ექსპედიციას ასამდე სიმღერა და საგალობელი ჩააწერინა.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • გ. გაბისონია, „ხალხური სიმღერის მეხოტბენი“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, ბათ., 1979;
  • თ. კომახიძე, „არტემ და ანზორ ერქომაიშვილები“;
  • „აჭარის კულტურის ისტორია“, გამომცემლობა „აჭარა“, ბათ., 1999;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ა. ერქომაიშვილი, „ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი“, გამომცემლობა „უსტარი“, თბ., 2015.


იხილე აგრეთვე

არტემ ერქომაიშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები