ემინეჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემინეჟ-ი (ადიღ. Емынэжъ) – ჩერქეზული დემონოლოგიური პერსონაჟი, ნართების მტერი, განუზომელი ძალის მქონე მრისხანე არსება, რომელსაც მკვეთრად გამოხატული სახე არა აქვს. გააჩნია ბლაღოსა და ინიჟის ატრიბუტები. სწორედ ამიტომ ა. შორთანოვი მას „ბლაღოს თავისებურ დუპლეტად“ მიიჩნევს. სხვა აზრით ემინეჟს გაცილებით მეტი აქვს საერთო ინიჟთა (დევთან), ვიდრე ბლაღოსთან (ა. კუიოკი), რადგან ეპოსში ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის ზოომორფული ურჩხულია, რომელსაც მეტყველების უნარი არ გააჩნია. ემინეჟი კი მეტყველებს და შეუძლია ადამიანის სახეც მიიღოს.

ემინეჟი ცდილობს ავნოს ნართების მოდგმას, მიისწრაფის მათ ფეტვის თესლი მოპაროს. ვიდრე ნაყოფიერების ღმერთი თჰაღალეჯი ძლიერი იყო, ემინეჟს თესლთან მიახლოების ეშინოდა, მაგრამ იგი დროთა განმავლობაში დაბერდა; ნართებს უხმო, ფეტვის თესლი ადამიანებს გადასცა და თან გააფრთხილა, რომ იგი არც ემინეჟისთვის ეჩვენებინათ და არც ცეუნეჟისთვის. მაგრამ ყოვლისმცოდნე დედაბერი ცეუნეჟი მიხვდა, სად უნდა ყოფილიყო ფეტვის თესლით სავსე ბეღელი და ემინეჟს შეატყობინა. „ნართების სიძულვილით შეპყრობილმა" ემინეჟმა ბეღელი გატეხა, დარაჯები დახოცა და ფეტვი გაიტაცა.

ემინეჟის ციხე-სიმაგრე დედამიწის უკიდურეს ნაწილში მდებარეობს, იქ, სადაც მზე ცას ეხება და ჩადის. ემინეჟამდე რომ მიაღწიო „შვიდი მთა, შვიდასი მდინარე, სამი პატარა და სამი დიდი ზღვა უნდა გადალახო“. ურჩხულის ეზოში ერთადერთი შესასვლელია, მაგრამ იქ ვერავინ შედის, რადგან ამის მსურველს ორი დიდი მახვილი თავს წააცლის. მოკვეთილ თავებს ემინეჟი ბოძებზე კიდებდა. ასე შეაგროვა მან შვიდას ერთი თავი. როცა ნართი სოსრუყო ფეტვის დასაბრუნებლად ემინეჟთან წასასვლელად გაემზადა, სათანაჲ გუაშემ უთხრა: „ემინეჟი არ გავს იმათ, ვინც შენ აქამდე შეგხვედრია. თუ მას სურს, ბლაღოდ იქცევა, როგორც უნდა, ისე იცვლება, აკეთებს იმას, რაც უნდა. ამ მიწაზე არავინაა მისი დამმარცხებელი და მნახველი“. დედამ ვაჟს უთხრა, სად მდებარეობდა ემინეჟის საცხოვრებელი. „რატომ ცხოვრობს იგი მზის დასალიერში?" – ჰკითხა სოსრუყომ. „ემინეჟი ხარბია და გაუმაძღარი, ყლაპავს ყველაფერს, რაც გზად შეხვდება, მზის ჩაყლაპვაზეც ოცნებობს, ეს რომ შეძლებოდა, დიდი ხნით ადრე იზამდა. მზის ჩასვლისას მცირედით ბნელდება, მზე მიწას უახლოვდება და ემინეჟი მის ჩაყლაპვას ცდილობს. ამიტომ ცხოვრობს იგი იქ, სადაც მნათობი ჩადის“, – უპასუხა ვაჟს დედამ.

ემინეჟ ჰყავს განსაცვიფრებელი ცხენი – ყარა თლეყუში (Къарэ лъэкъуищ – „შავი სამფეხა“), რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გადაასწრებს. ასეთი ცხენის მოპოვებისთვის ემინეჟი სამი ღამე ნაჟღუშიძას ცხენებს მწყემსავდა. ემინეჟის ბრძოლაში დამარცხება შეუძლებელია, რადგანაც მისი სული სხეულს გარეთ იმყოფება. ურჩხული ძალზე ფრთხილია. როცა მისი მოახლე სულის ადგილსამყოფლით დაინტერესდა, ორჯერ მოატყუა იგი და თან შეამოწმა. მესამეჯერ ემინეჟმა თქვა, რომ მისი მოკვდინება მხოლოდ დაუმარცხებელ ყარა თლეყუშს შეუძლია, ნაჟღუშიძასგან კი მასზე უკეთესი ცხენის მოპოვებას ვერავინ შეძლებს. მაგრამ სოსრუყომ ეს მოახერხა, ემინეჟი დაამარცხა და ნართებს ფეტვის თესლი დაუბრუნა.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. I. Мыекъуапэ, 1968; Т. VII. Мыекъуапэ, 1971;
  • Шортанов А. Т. Адыгская мифология. Нальчик, 1982;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Налшык-Мейкъуапэ. 2012;
  • Куёк А. С. Мифические образы Еминежа, Нэгучицы, Усэрэжа и ЦэIунежа в адыгском героическом эпосе «Нартхэр» // Вестник науки Адыгейского республиканского института гуманитарных исследований им. Т. М. Керашева. № 3 (27), Майкоп, 2013.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები