ეკლარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლარი – საქვეყნოდ განთქმული დეკორატიული ქვის კარიერი ზემო იმერეთში (სოფ. ბორი, ხარაგაულის რ.). აქ მოიპოვება და მუშავდება ძვირფასი სამშენებლო (მოსაპირკეთებელი) ფილაქვა, რომელიც ეკლარის ქვის სახელწოდებით არის ცნობილ.

ტოპონიმი ეკლარი ეკლ-ნარ-ი-საგან მომდინარეობს. იმერულ და, საერთოდ, ქართულ კილოებში, როცა -ნარ სუფიქსი ფუძისეულ თანხმოვანს მოსდევს, მაშინ სუფიქსისეული ხშირად იკარგვის. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ფუძის ბოლოკიდური ლ სონორი ჩავარდება, სუფიქსი კი მთლიანად შემოგვრჩება. ამ შემთხვევაში სუფიქსისეული ნარი დაკარგულა და შედეგად ეკლ-არ-ი მიგვიღია. მოსალოდნელი იყო ეკ-ნარ-ის-ს მიღებაც, რაც ფაქტიურად დასტურდება კიდეც.

გამჭვირვალე შინაარსის მიუხედავად, ადგილობრივ მოსახლეობას ტოპონიმი ეკლარი თავისებურად გაუაზრებია. თქმულების მიხედვით ამ ადგილებში ერთ განთქმულ ხელოსანს სოფლის ტაძრისათვის საპერანგე ქვა უმზადებია, მაგრამ მოხუცებულობის გამო ხელობა თავისი უფროსი ვაჟიშვილისათვის მიუნდვია. მამა ტაძრის შემოსვას შესდგომია, შვილი კი ჭრის ქვას და ხარებით გზავნის მშენებლობის ადგილზე. განთქმულ მშენებელს შეუმჩნევია, რომ ზოგი ფილაქვა „იბრიცად“ იყო გაჭრილი. გამწყრალა, ქვები ძირს გადმოუყრია და ვაჟიშვილი თავისთან უხმია. შვილი მიმხვდარა მამის საყვედურს, მაგრამ თავი მაინც უმართლებია: „ეგ ლარი რომ მქონოდა (მამის იარაღზე უთქვამს), მეც სწორად გავჭრიდი ქვასო“. ამ ამბის შემდეგ იმ ეკლესიისათვისაც და ადგილისთვისაც ეგლარი ანუ ეკლარი შეურქმევიათო, – მოგვითხრობს ხალხური თქმულება.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები