ევროპის საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის საბჭო − პოლიტიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, 1949 წელს დაარსდა. მისი მუდმივი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). ევროპის საბჭო წარმოადგენს 46 დემოკრატიულ ქვეყანასა და 5 დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოს (კანადა, წმინდა საყდარი, იაპონია, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები).

სარჩევი

მიზნები

  • ყველა წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვა;
  • ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება პოლიტიკურ, სამართლებრივ და საკონსტიტუციო რეფორმათა მხარდაჭერის გზით ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე;
  • ისეთ სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება, როგორიცაა შეუწყნარებლობა, უმცირესობათა დისკრიმინაცია, ადამიანის კლონირება, ნარკოტიკები, ტერორიზმი, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული;
  • ევროპის კულტურული თვითმყოფადობის განვითარების ხელშეწყობა, სადაც განათლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება;
  • სოციალური ინტეგრაციისა და სოციალურ უფლებათა მხარდაჭერა.

სტრუქტურა

მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან; საპარლამენტო ასამბლეა არის ორგანიზაციის სათათბირო ორგანო. ის აერთიანებს 315 წევრს და ამავე რაოდენობის შემცვლელს, რომლებიც წარმოადგენენ 46 ეროვნულ პარლამენტს. ასამბლეაში ასევე შედის არაწევრი ქვეყნების დელეგაციები; ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი შედგება ერთი ადგილობრივი და მეორე რეგიონალური თვითმმართველობის პალატებისაგან; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მდებარეობს სტრასბურგში. ის მუდმივმოქმედია და მოიცავს პროცედურათა სრულ სპექტრს, სარჩელის მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე. საპარლამენტო ასამბლეა მოსამართლეებს ირჩევს ექვსი წლის ვადით.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წარმართავს და კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას.

ევროპის საბჭოს 1800 თანამშრომლისგან შემდგარი სამდივნოს საქმიანობა განაწილებულია შემდეგ დირექტორატებში:

  • პოლიტიკურ საქმეთა;
  • სამართლებრივ საქმეთა;
  • ადამიანის უფლებათა;
  • სოციალური ინტეგრაციის;
  • განათლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ახალგაზრდობისა და სპორტის;
  • ადმინისტრაციისა და მატერიალური უზრუნველყოფის.

ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. ასევე გამოიყენება გერმანული, იტალიური და რუსული ენები. სხვადასხვა ენებზე არსებული ტექსტების მოძიება შესაძლებელია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.coe.int

საქმიანობა

ევროპის საბჭოს საქმიანობა წარიმართება მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს შორის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების საფუძველზე.

მთავრობათაშორისი პროგრამა ყოველწლიურად მტკიცდება მინისტრთა კომიტეტის მიერ და სრულად ასახავს ორგანიზაციის პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეული შედეგები სხვადასხვა ფორმას იღებს, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ თემატიკაზე

  • კონვენციები და საერთაშორისო შეთანხმებები, სავალდებულო იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც მოახდინეს მათი რატიფიცირება;
  • რეკომენდაციები წევრი ქვეყნების საყურადღებოდ საერთო პრობლემებთან დაკავშირებით;
  • შეხვედრები და კონფერენციები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დარგობრივ ჯგუფებს შორის;
  • დემოკრატიისა და სამართლებრივი რეფორმების განვითარების მიზნით წარმოებული ტრეინინგები, ტექნიკური დახმარება და პარტნიორული პროგრამები;
  • ანგარიშები და კვლევა, რომლებსაც ცალკეული ქვეყნების სამოქმედო გეგმა ემყარება;
  • საინფორმაციო კამპანიები და ევროპული მნიშვნელობის მოვლენები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

2022 წლის 25 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრით მხარი დაუჭირა ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის რეკომენდაციას რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო. 16 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხა.

2022 წლის 17 მარტს ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიზეზად ასახელებს ბელარუსის აქტიურ ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში.


წყარო

ევროპის საბჭო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები