ეროვნულ ანგარიშთა სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეას-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - (ეას) (System of National Accounts), მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის ეკონომიკისა და „დანარჩენ მსოფლიოსთან“ მისი ეკონომიკური კავშირების შესწავლას. იგი ეკონომიკის განვითარების მახასიათებელ ინდიკატორთა გაანგარიშებისა და სისტემატიზაციის უნივერსალური მეთოდია, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკის კონსოლიდირებულ ეროვნულ ანგარიშებს, არამედ დარგობრივ, სექტორულ და ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ანგარიშებსაც.

ეას-ის პირველი ვარიანტი შეიქმნა 1953 წელს. პრაქტიკული გამოცდისა და სრულყოფის შემდეგ, 1968 წელს დამტკიცდა მისი მეორე ვარიანტი, ხოლო „ცისფერი წიგნის“ სახელწოდებით სახელმძღვანელოდ გამოვიდა 1969 წელს. ეს გამოცემა მსოფლიოში აღიარებულ იქნა როგორც ურთულესი სისტემა. მის პარალელურად ევროპის რიგ ქვეყნებში მოქმედებდა შედარებით გამარტივებული და დეტალიზებული ევროსტატის ეგიდით გამოცემული „ინტეგრირებული ეკონომიკური ანგარიშების ევროპული სისტემა“. 1993 წლიდან მსოფლიოში სტანდარტულ სახელმძღვანელოდ დაინერგა ეას-ის III ვარიანტი (ეას-93), რომელიც გაეროს სტატისტიკური დეპარტამენტის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სტატისტიკური დირექტორატის, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სტატისტიკური სამსახურების ერთობლივი ნამუშევარია.

ეას-ის ძირითადი პრინციპებია: მთელი ეკონომიკის ერთ მთლიანობაში წარმოდგენა; ეკონომიკის სექტორებად დაყოფა; ანგარიშებზე ორმაგი ჩაწერა; შიდა და ეროვნული ეკონომიკის გამიჯვნა; შემოსავლებისა და ხარჯების მიმდინარე და კაპიტალურად დაყოფა, მსოფლიოს ქვეყნების მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფა. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა იყოფა ეროვნული ეკონომიკის ანგარიშებად და საზღვარგარეთის სექტორის ანგარიშებად. თავის მზრივ, ეროვნული ეკონომიკის ანგარიშებში შედის: საქონლისა და მომსახურების ანგარიში, წარმოების ანგარიში, შემოსავლების ფორმირების ანგარიში, შემოსავლების განაწილების ანგარიში, შემოსავლების გამოყენების ანგარიში, კაპიტალის ანგარიში, ფინანსური ანგარიში. საზღვარგარეთის სექტორის ანგარიშებში შედის: საქონლისა და მომსახურების ანგარიში, პირველადი შემოსავლებისა და მიმდინარე ტრანსფერების ანგარიში, ფინანსური ანგარიში, აქტივების სხვა ცვლილებების ანგარიში, გადაფასების ანგარიში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები