დისტრიბუტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისტრიბუტორი - (distributor <ინგლ. distributor - გამანაწილებელი), ფირმის აგენტი, რომელსაც ევალება ამ ფირმის პროდუქციის რეალიზაცია განსაზღვრულ რეგიონში. იგი მუშაობს შესაბამისი საქონლის მწარმოებელ ფირმასთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების საფუძველზე. ბროკერისაგან განსხვავებით, დისტრიბუტორი არ არის შუამავალი, იგი ბირჟასთან არ არის დაკავშირებული და მუშაობს არა კლიენტის სახელით ან მისი ანგარიშით, არამედ თავისი სახელით და თავისი ანგარიშით. როგორც წესი, მწარმოებელი ფირმა აძლევს თავის დისტიბუტორს საქონელს გარკვეული ფასდაკლებით, რაც ამ უკანასკნელის შემოსავლის წყაროა. მაგრამ ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით დისტიბუტორს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ დაადგინოს საბოლოო სარეალიზაციო ფასი.

ფირმის შეთანხმება ამ სახის აგენტთან გრძელვადიანია და ითვალისწინებს ორივე მხარის მიერ საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ფუნქციების შესრულებას: მოცემულ რეგიონში რეკლამის ორგანიზაციას, მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევას, ბაზრის კონიუნქტურისა და მყიდველთა გამოხმაურებების ანალიზსა და სხვ. ამ ფუნქციების შესრულებისათვის ფირმა უზრუნველყოფს დისტრიბუტორს საჭირო სარეკლამო პროსპექტებით, აწვდის სათადარიგო ნაწილებს და ა.შ. მსხვილ ფირმებს თავიანთი დისტრიბუტორები ჰყავთ არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ ფირმებში დისტრიბუტორებთან კავშირის დასამყარებლად შექმნილია სპეციალური განყოფილებები.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები