დიდი თურქობა
დიდი თურქობა - ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში.
თურქ-სელჩუკების მიერ ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციების დაპყრობის შემდეგ საქართველო ერთადერთი დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფო დარჩა წინა აზიაში. ამიტომ 1070-იანი წლების ბოლოდან სელჩუკთა მთავარი დარტყმები მის წინააღმდეგ იქნა მიმართული.
1080 წელს თურქები მთელ საქართველოს მოედვნენ ქართლიდან ოდიშამდე და აჭარამდე. მათ გადაწვეს ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნოები, რბევა-აკლება დაზამთრებამდე არ შეწყვეტილა. ამ გამანადგურებელ შემოსევას ქართველებმა „დიდი თურქობა“ უწოდეს. ამის შემდეგ სელჩუკებმა წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში. გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ, არბევდნენ, რისი წაღებაც შეიძლებოდა, მიჰქონდათ, დანარჩენს ანადგურებდნენ.