დერმაცენტორი
დერმაცენტორი - (Dermarcentor; ბერძნ. derma კანი + kentein ჩხვლეტა, დანესტვრა) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Ixodoidea-ს ზეოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს.
Dermarcentor marginatus (ლათ. მოვარაყებული) – სამმასპინძლიანი ტკიპი. ზრდასრული (იმაგო) ფორმები პარაზიტობენ ძროხეულის, ცხვრის, ცხენის სხეულზე, ლარვები და ნიმფები – მცირე მღრღნელებსა და ზღარბებზე. არის Piroplasma caballi-ს, Nuttallia equi-ს, Anaplasma marginale-ს, A.ovis- ის გადამტანი;
Dermarcentor pictus (ლათ. ლაქებიანი) – სამმასპინძლიანი ტკიპი. უპირატესად გავრცელებულია ტყიან ზონებში. იმაგო ფორმები პარაზიტობენ მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ცხენის, ღორის სხეულზე, ხოლო ლარვები და ნიმფები – მცირე ძუძუმწოვრებზე. არის P.caballi-ს, P.cani-ს, N.equi-ს, A.marginale-ს, ცხენის ენცეფალომიელიტის აღმძვრელის გადამტანი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობა გააჩნია დერმაცენტორის გვარის 12 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.