დეპერსონალიზაციური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპერსონალიზაციური აშლილობისთვის დამახასიათებელია უსიამოვნო მდგომარეობა, რომლის დროსაც პიროვნება გარეთ არსებულ საგნებს ან სხეულის ნაწილებს დეფორმირებულად აღიქვამს და ისეთი განცდა აქვს, თითქოს ისინი არარეალური ან მისგან დისტანცირებულია. დეპერსონალიზაციის ხანმოკლე სიმპტომები, როგორც მეორეხარისხოვანი ნიშნები, საკმაოდ ხშირად გვხვედება სხვა სინდრომების დროს და ამ აშლილობის სიმპტომები ხანდახან სხვა ფსიქიკური აშლილობის დროსაც იჩენს თავს. პირველადი დეპერსონალიზაციური აშლილობა იშვიათია. მისი გავრცელების სიხშირე არ არის ზუსტად დადგენილი, რადგან არსებული მონაცემები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა (იხ. Hunter et al., 2004).

მიუხედავად იმისა, რომ DSM-IV-ში ასეთი მდგომარეობები კლასიფიცირებულია, როგორც დისოციაციური აშლილობა, ზუსტად არ არის დადგენილი, წარმოადგენს თუ არა დისოციაცია დეპერსონალიზაციური აშლილობის გამომწვევ მექანიზმს. ICD-10-ში ამგვარი გაურკვევლობა გათვალისწინებულია და დეპერსონალიზაციურ აშლილობას ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი.

სარჩევი

კლინიკური სურათი

მთავარ ნიშანს წარმოადგენს საკუთარი თავისა და აღქმული სამყაროს არარეალურობის შეგრძნება. პაციენტს ისეთი განცდა აქვს, რომ მისი ემოციები დაჩლუნგებულია, ხოლო ქმედებები - მექანიკური, რაც მისთვის (რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს) უკიდურესად უსიამოვნოა. პაციენტს შენარჩუნებული აქვს საკუთარი განცდების სუბიექტური გაცნობიერების უნარი. ასეთი სიმპტომები შეიძლება ინტენსიური იყოს და თან ახლდეს déjà vu და ცვლილებები დროის აღქმაში. ზოგიერთი პაციენტი უჩივის სენსორულ დარღვევებს სხეულის ერთ რომელიმე ნაწილში (მაგ., თავის, ცხვირის ან კიდურის დეფორმაციას). მას ისეთი განცდა აქვს, თითქოს სხეულის ეს ნაწილი ბამბისგანაა გაკეთებული.

პაციენტების ორი მესამედი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ავადმოყოფობა ხშირად მოზარდობის პერიოდში ან ზრდასრული ცხოვრების ადრეულ წლებში იწყება. შემთხვევების დაახლოებით ნახევარი 30 წლის ასაკამდე იჩენს თავს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, უეცრად ვლინდება - ზოგჯერ მაშინ, როდესაც პიროვნება აქტიურია, ზოგჯერ კი - დაძაბული ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ რელაქსაციის მდგომარეობის დროს (Shorvon et al., 1946). დეპერსონალიზაციური აშლილობა, ხშირად, მრავალი წლის მანძილზე გრძელდება, თუმცა მას ნაწილობრივი ან სრული რემისიის პერიოდები ახლავს თან.

ეტიოლოგია

პირველადი დეპერსონალიზაციური აშლილობის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შიზოიდურ პიროვნულ აშლილობასთან მისი შესაძლო კავშირის გარდა ზუსტად განსაზღვრული კონსტიტუციური ფაქტორები არ არის დადგენილი. სიერამ და მისმა კოლეგებმა ((Sierra et al., 2002) დაადგინეს, რომ დეპერსონალიზაციური აშლილობის მქონე პაციენტები მოულოდნელ ხმებზე უფრო ადრე რეაგირებენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები, რაც საშიშროების მიმართ მათ მომატებულ სიფხიზლეზე მიუთითებს. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ მათ დაქვეითებული აქვთ ვეგეტატიური რეაქციები უსიამოვნო სტიმულებზე, რაც, სავარაუდოდ, ემოციების გადამუშავების პროცესის სელექციური ინჰიბიციით არის გამოწვეული. ფუნქციური მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფიიის გამოყენებით (Phillips et al., 2001), ერთმანეთს შეადარეს დეპერსონალიზაციური აშლილობის მქონე პაციენტების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე პაციენტებისა და ჯანმრთელი ადამიანებისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფის რეაქციები ემოციურად დატვირთულ სტიმულებზე. აღმოჩნდა, რომ დეპერსონალიზაციური აშლილობის მქონე პაციენტებს ინსულასა და საფეთქელ-კეფის ქერქში შესუსტებული, ხოლო მარჯვენა ვენტრალურ პრეფრონტალურ კორტექსში გაძლიერებული აქტივობა აღენიშნებოდათ. კვლევის ასეთი შედეგები (თუ ისინი შემდგომი გამოკვლევებით დადასტურდა) შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც რეაქციის დაქვეითება თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც ემოციის რეპრეზენტაციასთან არის დაკავშირებული და რეაქციის გაძლიერება იმ უბნებში, რომლებიც ემოციის რეგულაციას უკავშირდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დეპესონალიზაციური აშლილობის დროს ხდება ემოციური რეაქციების ინჰიბიცია. თუმცა, მოცემული კვლევის შედეგები ვერ გვიხსნის იმას, თუ რატომ აღინიშნება დეპერსონალიზაცია ადამიანების უმრავლესობასთან ხანმოკლე პერიოდის მანძილზე, მაშინ როდესაც პაციენტების მცირე ნაწილთან ის სტაბილურ დეპერსონალიზაციურ აშლილობად ყალიბდება.

პროგნოზი

მეორადი, სხვა ფსიქიკური აშლილობების ფონზე, განვითარებული შემთხვევების პროგნოზი პირველადი აშლილობების გამოსავალზეა დამოკიდებული. პირველადი დეპერსონალიზაციური აშლილობის გრძელვადიანი კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შემთხვევებს, რომლებიც ერთ წელზე დიდხანს გრძელდება, ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები