დატირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დატირება – ქართული ზეპირსიტყვიერების სახეობა, მიცვალებულის სიტყვიერი გლოვა, სამგლოვიარო ცერემონიალის აუცილებელი ელემენტი.

დატირებასთან დაკავშირებულია: მოთქმა, ხმით ტირილი, ძახილით ტირილი, მოხსენება. მოთქმა გარდაცვლილის თვისებების ჩამოთვლაა. ხმით ტირილი და ძახილით ტირილი ხმამაღლა გოდებით ტირილს აღნიშნავს. მოხსენება დატირების ტექსტში მიცვალებულის დადებით თვისებათა ჩამოთვლას ნიშნავს. დატირება შეიძლება იყოს ჯგუფური და ინდივიდუალური. ინდივიდუალურია თუ დამტირებელს, მომთქმელს გუნდი არ აყვება. გუნდურია დატირება თუ მას ახლავს ზარი, გვრინი, ბანი თუ ზრუნი. ამ დროს მომთქმელს გუნდი გაბმით ბანს, ე. ი. საბას სიტყვით, „საგლოელ ხმა“ აყოლებს.

დატირების შემსრულებელს ძველ წერილობით ძეგლებში „გლოვის მგოსანი“ ეწოდება. შინაარსით მრავალგვარია. იგი ძირითადად ჭირისუფალთა და მახლობელთა ღრმა მწუხარების გამომხატველია. ვაჟკაცის დატირება საგმირო ხასიათისაა. ქალის დატირებაში ხაზგასმულია გამრჯეობა და პატიოსნება. დატირების შინაარსი განსაზღვრავს პოეზიის ამ ჟანრის დიდ საზოგადოებრივ ფუნქციას, რაზედაც ა. წერეთელი ამახვილებდა ყურადღებას.(დროება 1875, № 85). ალ. ყაზბეგის „ელგუჯამი“ აღწერილი დატირება ახლაც დასტურდება ხევში (ქართ. ხალხ. სიტყვ. ქრესტომათია, I გვ. 80).

დატირებასთან გენეტიკურ კავშირშია პოეტური ფოლკლორის ჟანრები (საგმირო, სატრფიალო ლექსები, ქებანი და სხვ). დატირების ტექსტები ხშირ შემთხვევაში პატრიოტული ხასიათისა. დატირებამ გავლენა მოახდინა ლიტერატურაზე. კ. კეკელიძის მოსაზრებით ლიტერატურულ „გოდების, ჟანრს წინ უსწრებდა და თან ახლდა ხალხური „მოთქმა“ (ეტიუდები, I, 1956) დატირების გავლენა იგრძნობა თანამედროვე ქართულ პოეზიაშიც (გ. ლეონიძის „არ დაიდარდო დედაო“). დატირებას ასრულებდნენ ქალებიც და მამაკაცებიც. იყვნენ პროფესიული შემსრულებლები. დატირებას თავისი პოეტიკა აქვს. დატირება იმპროვიზაციულია, თუმცა მასში ხშირად გამოყენებულია ტრადიციული ლექსები ან ფრაგმენტები. დატირებას მიუხედავად სევდიანი შინაარსისა დიდი შთამაგონებელი ძალა აქვს. დატირების ეს წესი კვლავ განაგრძობს არსებობას და ვითარდება ფოლკლორსა და ლიტერატურაში.

ქს. სიხარულიძე


ლიტერატურა

  • აკაკი, მოთქმით ტირილი, „დროება“, 1875, №85;
  • ი. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • ქს. სიხარულიძე, სამგლოვიარო ლექსები, „ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, 1960.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები