დანელია კორნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორნელი დანელია

კორნელი დანელია – (დ. 15 აპრილი 1934, სოფ. ნაჯახაო, მარტვილის რ-ნი, – გ. 27 სექტემბერი 1997, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1980).

1957 დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება, I960-63 სწავლობდა თსუ ასპირანტურაში ა. შანიძის ხელმძღვანელობით. 1967-80 მუშაობდა თსუ-ში ძვ. ქართული ენის კათედრის დოცენტად, 1980-იდან – პროფესორად, ხოლო I1987-იდან – ამავე კათედრის გამგედ. 1986-იდან შეთავსებით მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახელობის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. 1988-იდან იყო თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

დანელია ავტორია 170-მდე შრომისა, მათ შორის 10 ფუნდამენტური მონოგრაფიის. მისი კვლევის სფეროა ძვ. ქართული ენა, უძველესი წერილობითი ძეგლების კრიტიკული პუბლიკაცია, ქართული სამწერლობო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ისტორიის შედარებითი გრამატიკისა და პოეტური ენის საკითხები, ქართველოლოგიის ისტორია და სხვ. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია ქართული ქრისტიანული-კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლების ენობრივი, ლიტერატურულ და წყაროთმცოდნეობითი ასპექტების, ძვ. ქართული ენის სტრუქტურის პრობლემათა კვლევას. მისი სამეცნიერო გამოცემებიდან აღსანიშნავია „პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები“ (თანაგამომცემელი პროფ. ქ. ძოწენიძე, 1974), „ევთალეს სტიქომეტრიის ძველი ქართული რედაქციები“ (1976), „ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი“ (ტ,. I, 1987; ტ. II, 1997), „იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები" (1992). იკვლევდა ბიბლიურ წიგნთა ქართულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. ნაშრომისათვის „ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი“ და მისი მნიშვნელობა ქართული სამწერლობო ენის ისტორიისათვის“ 1988 მიენიჭა ი. ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფია „ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები" (1983), რომელშიც კომპლექსურად არის განხილული ქართული ლიტერატურის ისტორიის საკვანძო საკითხები, გამოვლენილია უცხო ენებიდან მომდინარე ლექსიკური და გრამატიკული ელემენტები ქართულ თარგმანში.

დანელიას აქვს საყურადღებო შრომები ძვ. ქართულსა და „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის შესახებ, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ წყაროებსა და მასში ასახულ კოლხურ ლექსიკურ შრეებზე, ჩახრუხაძისა და შავთელის ხოტბათა პოეტურ ენაზე. წერილების მთელი სერია უძღვნა ქართული სალიტერატურო ენის უცხო ენებთან კონტაქტის პრობლემას. გამოსცა „ქართული ხალხური ზეპირსიტყვაობის“ II ტომი (ავტორი პროფ. ა. ცანავა, 1992); თსუ-ში საფუძველი ჩაუყარა ახ. სასწავლო კურსს – „ქართველოლოგიის შესავალი“, დაგვიტოვა ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მონოგრაფიული ნაშრომები: „იოსებ ყიფშიძე – ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა“ (1985), „აკაკი შანიძე – ცხოვრება და მოღვაწეობა“ (პროფ. ზ. სარჯველაძის თანაავტორობით, I987), ასევე აღსანიშნავია ი. ყიფშიძის თხზულებათა პუბლიკაცია (1994) დანელიას რედაქტორობით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით. 1997 გამოსცა „ქართული პალეოგრაფია“ (ზ. სარჯველაძის თანაავტორობით).

ზ. სარჯველაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები