დათვის კენკრა
Fam. Ericaceae – ოჯ. მანანასებრნი Arctostaphylos caucasica Lipsch. – დათვის კენკრა.
მარადმწვანე, მრავალწლიანი, დატოტვილი, მიწაზე გართხმული, პატარა ზომის, 35-80 სმ-მდე სიგრძის ბუჩქია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მუქი მწვანე ფერისაა, ტყავისებრი, უკუკვერცხისებრ წაგრძელებული. ყვავილები ვარდისფერია, კენწეროზე მოკლე მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი წითელი ფერისაა, 6-8 მმ დიამეტრის, მრგვალი კურკიანაა. Yყვ. V; ნაყ. VII-IX.
იზრდება სუპალპურ და ალპურ სარტყელში ფიჭვნარებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, ბუჩქნარში, ღორღიან ადგილებში. ნაყოფები საჭმელად ვარგისია. სამკურნალო მიზნებისათვის ფოთლები გამოიყენება; აგროვებენ გაზაფხულზე (თოვლის გადნობის შემდგ). შეიცავს 8-25 მგ% არბუტინს, 30-35 მგ% მთრიმლავ ნივთიერებებს, მცირე რაოდენობით ეთერზეთებს.
ხასიათდება შარდმდენი, ანტისეპტიკური მოქმედებით, ძირითადად შარდგამყვან სისტემაზე; ახდენს მადეზინფიცირებელ და დიურეზულ მოქმედებას. მედიცინაში იყენებენ ქრონიკული ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის დროს.
დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გულისრევას, კუჭის აშლილობას და სხვა გვერდით მოვლენებს.