დავით III დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით III დიდი, კურაპალატი

დავით III დიდი, კურაპალატი - ქართველთა მეფე X საუკუნის II ნახევარი (გ. 1001). 978 წელს მიიღო კურაპალატის ტიტული 994 წელს კი – ქართველთა მეფობა. ადარნასეს ძე (ადარნასე – ბაგრატ I ქართველთა მეფის, მაგისტროსის ძე). დავით III წყაროებში იხსენიება ტიტულებით: „ტაოს მეფე“, „მაგისტროსი“, „კურაპალატი“, „აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“, „მეფეთა მეფე“, „ერისთავთ-ერისთავი“, „ქართველთა მეფე“. ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თმებს. X საუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დაამყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, აღსდგა საქართველოში არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა.

დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი ჩართვით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სუმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშელს შორის. 979 წელს იგი დაეხმარა ბიზანტიის იმპერიას ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. აჯანყებულებმა საფრთხე შეუქმნეს ბასილი II მაკედონელს (976-1025) ხელისუფლებას. გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, სკლიაროსმა „ჴმელით კერძი დაიპყრო და მეფენი და დედოფალი შეწყუდეულად იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა“. სამეფო ლაშქარი ზედიზედ სასტიკ მარცხს განიცდიდა. ომი მთელ იმპერიას მოედო. ბასილის დედამ (შვილის მცირეწლოვნების გამო ფაქტობრივად იგი მართავდა იმპერიას) დავით III -თან ყოფილი მხედართმთავარი, უკვე ბერად აღკვეცილი, თორნიკე ერისთავი გამოგზავნა და „წიგნები ვედრებისაჲ“ გამოატანა, სადაც მას სთხოვდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. დავითის ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით სკლიაროსი დაამარცხა, რისთვისაც დავითმა საიმპერატორო კარისაგან მიიღო სამმართველოდ „ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი“ მისი სიცოცხლის მანძილზე. XI ზუკუნის ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ეს ქვეყნები მდებარეობდნენ მდინარე ჭოროხის სათავეებთან, მარდალიის კანტონში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში. ნაბოძები ტერიტორიები დავითმა მაჰმადიანებისაგან გაათავისუფლა. იქ ქართველები და სომხები დაასახლა, ჩანს, დავითს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გამოწვეული 988 წელს მისი ლაშქრობა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეს. 989 წელს აბიდოსთან ბრძოლაში ფოკა დამარცხდა. 990 წელს იმპერატორმა ბასილიმ დავითის დასასჯელად გამოილაშქრა. დავით III იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა და პირობა დადო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიას გადასცემდა, თუმცა ქართლის აზნაურთა წინაშე მას ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. შემდგომში ბიზანტიამ ტაოს ტერიტორიაზე „იბერიის თემი“ შექმნა. მიუხედავად პოილიტიკური მარცხისა დავითი განაგრძობდა მოკავშირეებთან (ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები გაგიკ I და აბასი) ერთად ბრძოლას ქართული და სომხური მიწების მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებისათვის.

990 წელს დავით III-მ ქ. მანასკერტი აიღო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ ფაქტმა სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მბრძანებლები აღაშფოთა და მათ ქალაქის დაბრუნება მოითხოვეს. როდესაც მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ადარბადაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები გაერთიანებული ლაშქრით მის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითმა დასახმარებლად მოუხმო ბაგრატ II ქართველთა მეფეს, გაგიკ სომხთა მეფეს და აბასს. ლაშქარი ქ. ვალაშკერტში დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებმა შებმა ვერ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. დავით III-მ 997 წელს ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წელს მის წინააღმდეგ ისევ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო. დავითმა გაიმარჯვა.

დავით დიდის დროს აიგო ოშკის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ხახულის მთავარი ტაძარი, პარხალის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა.

დავით III დიდის მონაწილეობით განხორციელდა მისი შვილობილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა.



წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები