გურიანთის გულანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურიანთის გულანი (XVIII ს.)

გურიანთის გულანი- (XVII ს.), ქართული ხელნაწერი, შესრულებლია ქაღალდზე, აქვს ტვიფრული ყდა, ტექსტი ნაწერია ლამაზი ნუსხურით და შემკულია მინიატიურებით. ხელნაწერი ორ ნაწილად არის გაყოფილი A-104 A და A-104 B, ინახება სხეც-ის კოლექციაში (A-104). გურიანთის გულანის მომგებელნი არიან ბეჟან და გიორგი ნაკაშიძეები, გადამწერი – დიაკონი საბა.

გურიანთის გულანი (XVIII ს.)

ხელნაწერი ნაკლულია და შემდეგი შედგენილობისაა: სადღესასწაულო, საბაწმინდის საეკლესიო ტიპიკონი, თორმეტი თვის ტიპიკონი, მარხვათა განგება. გულანის მეორე ნაწილში გრძელდება: დავითნი, ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი, ჭრელის ნუსხა (საგალობელთა სახეობა), სახარებანი და გამოავლინენი, პარაკლიტონი, მარხვანი და ზატიკი, თორმეტი საუფლო მეტაფრასი, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია ხარებისათვის, ანდრია იერუსალიმელის (კრეტის მთავარეპ.) ჰომილია მკვდრეთით აღდომილი ლაზარესათვის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია ბზობისათვის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია დიდი ხუთშაბათისათვის, გრიგოლ ნიკომიდელი ეპისკოპოსის ჰომილია უფლის ჯვარცმისათვის, ეპიფანე კვიპრელის ჰომილია მაცხოვრის ჯვარცმისათვის, გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილია აღდგომისათვის, იოანე ოქროპირის ჰომილია აღდგომისათვის, ეფრემ ასურის ჰომილია უფლის ფერისცვალებისათვის, იოანე დამასკელის ჰომილია ღვთისმშობლისათვის.

გურიანთის გულანი ტექსტობრივი თვალსაზრისით ტიპური გულანია, სადაც თავმოყრილია ლიტურგიკული დანიშნულების სხვადასხვა ტექსტი, საკითხავები საუფლო და წმინდანთა დღესასწაულებზე და სხვ. გურიანთის გულანს თავდაპირველად გააჩნდა თავსამკაულები წარწერებით, შემდეგ თავსამაკაულებზე დაუკრავთ მინიტიურები. ხელნაწერს დართული აქვს ანდრეზები და მოსახსენებლები.

გურიანთის გულანი (XVIII ს.)

გურიანთის გულანი საინტერესოა საგალობლების სახეობით, ე.წ. „ჭრელების“ რეპერტუარით, იოანე ბატონიშვილის, პ. კარბელაშვილის, ივ. ჯავახიშვილის, ო. ჩიჯავაძის, ვ. გვახარიას და სხვა მკვლევართა შრომები მეტად საინტერესო დაკვირვებებს შეიცავს „ჭრელებზე“, თუმცა მის განმარტებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. მეცნიერთა აზრით, „ჭრელი“ არაერთგვაროვანი ტერმინია და გულისხმობს:
ა) კილოს ანუ მოდუსს,
ბ) ამ კილო-მოდუსებისგან შემდგარ საგალობელს,
გ) ნევმატურ ნიშანს.
აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება „ჭრელთა ნუსხის“ წარმოშობის დროისა და მიზეზთან დაკავშირებითაც. მკვლევართა ნაწილი მას მიაკუთვნებს XVIII- XIX სს. ძეგლებში არსებულ გვიანდელ ტრადიციას, ნაწილი კი (გ. ჩხიკვაძე) პალეობიზანტიურისა და ძველქართული ნევმური სისტემის თანადროულად მიიჩნევს. ამ მხრივ საინტერესოა სწორედ გურიანთის გულანი სადაც ამ ჭრელთა ნუსხას ახლავს ვერბალური განმარტებანი. წითელი ფერის მელნით საგალობლის სიტყვიერ ტექსტებზე მიწერილი განმარტებანი, მკვლევართა დაკვირვებით (მ. ანდრიაძე), „ჭრელი“ – არის დამოუკიდებელი სისტემა, სადაც საგალობელი აკინძულია მგალობელთათვის ცნობილი ინტონაციური ბლოკების – მოდუსების ვარიანტებისგან. ეს არის მუსიკალური აზროვნების განსაკუთრებული სახე, სადაც უკვე მზა მელოდიურ-ჰარმონიული სტრუქტურების შეკავშირებით იქმნება საგალობლის მუსიკალური ტექსტი. ასეთი სისტემის შექმნა სრულიად ლოგიკურად გამოიყურება ზეპირი გადაცემის ტრადიციის ფონზე. ჭრელის სისტემა ნევმური დამწერლობის პარალელურად არსებობს და მის ძირითად პრინციპს იზიარებს.

ე. დუღაშვილი

ლიტერატურა

  • ანდრიაძე მ., გულანებში დაცული ჭრელების შესახებ (სასულერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები): ქრისტესშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოს 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენებები, თბ., 2001;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • კოჭლამაზაშვილი ე., „გულანი“ ლიტერატურული ძიებანი, 2002, №22;
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციის, ტტ. 1-4, ე. მეტრეველის გამოც., თბ, 1985.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები