გუდანის ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდანის ჯვარიხევსურეთის მთავარი თემთაშორისი სალოცავი; რელიგიურ-საზოგადოებრივი ცენტრი.

გუდანის ჯვარი

გუდანის ჯვარი ხევსურთა ცხოვრების ყველა საცილო, სადავო საქმის მომწესრიგებელი იყო, იქნებოდა ეს სისხლის თუ ჩვეულებითი სამართლის საქმე – მიწაზე დავა, ქალის გამო ამტყდარი უთანხმოება, მესისხლეობა, მეზობლებს შორის ცილობა, ლაშქრობის საქმე თუ სხვა. ღვთისშვილის (ჯვარ-ხატის) ნების ამსრულებელი კი იყო ხევისბერი, რომელიც ქადაგის პირით იგებდა „ხატის“ ნებას და შესაბამისად მოქმედებდა. ხატში მიღებული გადაწყვეტილება იყო ურყევი და აუცილებელი მთელი ხევსურეთის მოსახლეობისთვის. „წე-იწადის (ახალი წელი) დილას ქადაგი იქადაგებდა სად, რომელ სოფელში რა ხდებოდა... ქადაგი იქადაგებდა გუდანის ჯვარის ბრძანებას, რომ ბჭე-ხევისბერთ მოდავეები იქ დაიბარონ და მოუღონ ბოლო ამ სადავო საქმეს“. იქვე, ხატის კარზე, დღეობების წინ „რჯულის“ (ზეპირკანონები, ხალხური ადათ-წესები) საკითხები მუშავდებოდა ხევისბერთაგან და ჯვარიონთაგან. იქ მიღებული წესები შემდეგ სასოფლო (სათემო) სალოცავებში ვრცელდებოდა.

გუდანის ჯვარს „მოძმეობა“ ჰქონდა ასევე ფშაველთა მთავარ სალოცავთან, ლაშარის ჯვართან. არაგვის ხეობის მთიელების, მათ შორის ხევსურების, დამოკიდებულება სამეფო, ცენტრალური ხელისუფლებისდმი, სამხედრო ბეგარით, ანუ ვასალიტეტით, პატრონყმური ურთიერთობებით შემოიფარგლებოდა. ისინი ფეოდალურად უშუალოდ მეფეზე იყვნენ დამოკიდებულნი და სამეფო, ანუ სახელმწიფო ყმებს წარმოადგენდნენ და მეფის პირად მცველ რაზმს ქმნიდნენ. ხევისბერს, როგორც სამეფო კარის დარბაზის მიერ დანიშნულ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეს, ხევსურთა ჯარის ორგანიზება და მეთაურობა ევალებოდა. ის გუდანის ჯვარის სალაშქრო დროშით წინ უნდა გაძღოლოდა ხევსურთა ჯარს, ამიტომ უწოდებდნენ გუდანის ჯვარს ხევსურები „მოლაშქრე ჯვარს“.

გუდანის სალოცავი ქრისტიანული მხედრობის მფარველის, წმ. გიორგის სახელზე იყო აგებული და მისი მეორე, ფარული სახელი არის ბერი ბაადური. ქრისტიანობის გავრცელება კი მთის ფეოდალიზაციის პროცესის იდეოლოგიური გამოხატულება იყო. ხევსურები ომში ისე არ ჩაებმებოდნენ, თუ ქადაგის პირით გუდანის წმ. გიორგის ნებას არ გაიგებდნენ.

საქართველოს მეფეები გუდანის ჯვარს თავის „მოძმედ“ თვლიდნენ. გადმოცემით, დიდი ბრძოლების წინ მეფე ერეკლე ხშირად ადიოდა გუდანში ლაშქრის შემოსაკრებად და გუდანის ჯვარის მოსალოცად. მასვე თავის მოძმე გუდანის წმ. გიორგისთვის შეუწირავს განთქმული საბრძოლო დროშა „გაჟეკაური“.

ტოპონიმ „გუდანის“ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით არსებობს ხალხური თქმულება: კახეთიდან სანადიროდ ამოსულ მონადირეს ამ ადგილებში მსუქანი ჯიხვი მოუკლავს, რაც ადგილის გამორჩეული ნაყოფიერების მინიშნებად მიუღია და საცდელად ერთი მუჭა ქერი დაუთესავს. მეორე წელს ისეთი მოსავალი აუღია, ერთმა დიდმა გუდამ ვერ დაიტია; მონადირე იქ თავისი ოჯახობით დასახლებულა და მთელი ხევსურეთი მისი შთამომავლობისგან გამრავლებულა. ამ ადგილისთვის კი გუდანი დაურქმევიათ. მალე სალოცავიც დაარსებულა.

გუდანის წმ. გიორგი, როგორც ხევსურეთის „შუაგული“ და წმ. ადგილი, დიდი სატაძრო მეურნეობითაც გამოირჩეოდა; მას ეკუთვნოდა ვრცელი საზაფხულო საძოვრები (იალაღები) პირიქითა ხევსურეთში და მეფეთაგან შეწირული ზვრები კახეთში.

გ. ჩინჩალაძე

ლიტერატურა

  • გოგოჭური დ., ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები, თბ., 1977;
  • თონიშვილი ვახ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა XIV-XVIII საუკუნეებში, თბ., 2000;
  • კიკნაძე ზ, ქართული მითოლოგია, 1, ჯვარი და საყმო (ნაწ. 9), ქუთაისი., 1996;
  • ოჩიაური ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, ხევსურეთი (არხოტის თემი), თბ; 1988;
  • ხოშტარია - ბროსე ე., ცაგარეიშვილი ე., ფეოდალური ხანის საქართველოს მთისა და ბარის ურთიერთობის საკითხები, თბ; 1984.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები