გუბაზოული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუბაზოული – ცნობილი მდინარეა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სუფსის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სიგრძე 47 კმ, მდინარის აუზის ფართობი 371 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

ზოგჯერ გუბაზოული გუბაზეულ- ფორმითაც გვხვდება, მაგრამ უპირატესობა გუბაზოულს უნდა მიეცეს, რადგან ამ კუთხიდან გამოსული დიდი პოეტის ანა კალანდაძის, აგრეთვე ნოდარ დუმბაძის ნაწერებში ეს მდინარე გუბაზოულის სახით არის დადასტურებული:

„თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ჩემეულ მთათა...
მცირე წისქვილი გუბაზოულზე,
ჩემს ეზოს კართან...“ (ანა).

„ჩემს სოფელს მარჯვნივ გუბაზოული ჩაუდის, მარცხნივ – ლაშის ღელე, რომელიც სავსეა კიბორჩხალებით, ღორჯოებით და შარვალაკაპიწებული ბიჭებით“. (ნ. დუმბაძე)

ჰიდრონმი გუბაზრული (გუბაზეული) თანამედროვე ქართველ სპეციალისტთა (ალ. ღლონტი, ზ. ჭუმბურიძე, შ. გოგატიშვილი...) მიხედვით უკავშირდება ძველი კოლხეთის (ლაზიკის) ლეგენდარული მეფის გუბაზის სახელს. მაშასადამე გუბაზოული|გუბაზეული უნდა გავიგოთ როგორც „გუბაზ მეფის მდინარე“, „გუბაზისეული წყალი, ხევი. თვალსაზრისი ახალი არ არის. თვით დიდი ივანე ჯავახიშვილი ჰიდრონიმ გუბაზეულს ზანური (მეგრული) წარმოშობის სახელად თვლიდა, რაკი მასში ლაზიკის მეფის გუბაზის საკუთარ სახელს მოიძიებდა ანალოგიურ თვალსაზრისს ავითარებდა შემდგომ ი. მეგრელიძეც.

მდინარის სახელწოდების გუბაზ მეფესთან დაკავშირების ცდას, ჩვენი აზრით, არსებითი ხასიათის დაბრკოლებანი ახლავს. რაც მთავარია, ჰიდრონიმი გუბაზოული ახალი წარმონაქმნია; მას არ იცნობს არც ქართული საისტორიო წყაროები და არც ვახუშტი ბატონიშვილი. არადა ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ ასახელებს გურიის თითქმის ყველა, იმ დროისათვის მეტნაკლებად ცნობილ, გეოგრაფიულ ობიექტთა საკუთარ სახელებს, ვახუშტი იცნობს ისეთ ტოპონიმებს და ჰიდრონიმებს, როგორიცაა: ლანჩქუთი, ჯუმათი, სუფსა („მდინარე სუფსეი"), ბახვის წყალი, ბაილეთი, აკეთის წყალი, ხინო, ხინოსწყალი, ლეხეური, ჩაქვისწყალი და სხვ. მრ., მაგრამ არ იცნობს გუბაზოულს. ეს მდინარე დასახელებული არა აქვს არც იოანე ბატონიშვილს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პიდრონიმი გუბაზოული მომდინარეობს არა ძველი კოლხეთის (ლაზიკის) მეფის გუბაზის სახელისაგან, არამედ რომელიმე აქაური მცხოვრების პიროვნული სახელისაგან, რაზედაც კუთვნილების -ოულ სუფიქსიც ნათლად მიგვანიშნებს. საფიქრებელია, რომ გუბაზოული თავდაპირველად ეწოდებოდა ვინმე გუბაზის კუთვნილ ადგილ-მამულს, ხოლო შემდგომ ეს სახელი შეერქვა ამ ობიექტის შორიახლო ჩამომდინარ მდინარე-ხევსაც და საბოლოოდ ჰიდრონიმად (მდინარის სახელად) იქცა. ადგილობრივ გავრცელებული ხალხური გადმოცემის მიხედვითაც მდ.გუბაზეულის ხეობა ძველად რომელიღაც ფეოდალის (გუბაზის) საკუთრება ყოფილა, რაც ტრადიციული ისტორიული ვერსიის ანარეკლად შეიძლება მივიჩნიოთ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები