გრემის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრემის წმ. გიორგის ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები). არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გრემის სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია (8 X 4,5 მ). სამხრეთიიდან და ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე გვიანდ. მინაშენები ეკვრის. სამივე ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით კირის ხსნარზე.

ნაგებობა დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიისა და სამხრეთი მინაშენის საბურავი და ჩრდილო მინაშენის გადახურვა, მორღვეულია ჩრდილოეთ მინაშენის ჩრდილოეთ კედლის გარეთა წყობის დიდი ნაწილი და ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, მონგრეულია სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის ნაწილი.

ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან – სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თარაზულად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიში, კედელზე მიშენებულია სამწახნაგა ტრაპეზი. თითო სარკმელი ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. გრძივ კედლებში თითო ოთხკუთხა ნიშია. კონქის თაღი და დარბაზის გადამხურავი კამარა შეისრული ფორმისაა.

მინაშენებს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. სამხრეთ მინაშენი, ჩრდულოეთ მინაშენთან შედარებით, უფრო ვიწროა (შიგნით სიგანე 1,75 მ-ია), აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ორი სარკმელია გაჭრილი. ერთი მათგანი აფსიდის ღერძზეა, მეორე – სამხრეთ გვერდშია და სამხრეთ ფასადზე გადის. აღმოსავლეთი სარკმლის ქვემოთ ძევს მრგვალი ტრაპეზი.

ჩრდილოეთ მინაშენი უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. მინაშენი განათებული იყო ორი სარკმლით. მათგან ერთი აღმოსავლეთ კედლშია, მეორე – ჩრდილოეთ კედლში. აღმოსავლეთ სარკმელი თაღოვანია და პარალელური წირთხლები აქვს. მეორე – სწორკუთხაა, გარეთკენ ოდნავ შევიწროებული. ჩრდილოეთ კედელში ორი ოთხკუთხა ნიშია მოწყობილი.

კ. გიორგობიანი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები