გობრონის წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გობრონის წამება – (X ს.), სტეფანე მტბევარ-ეპისკოპოსის თხზულება „წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყველის ციხით“, ისტორიულ ფაქტს ემყარება. 914 წ., ყველისციხის აღებისას, დაატყვევეს მამაცობით გამორჩეული ქართველი დიდებული მიქელ-გობრონი. მაცდუნებელ დაპირებათა, მუქარისა და სასტიკი ტანჯვა-წამების მიუხედავად, ნეტარმა გობრონმა არ მიიღო სარკინოზთა სჯული. ავტორი კონკრეტულ, რეალურ ამბავს გადმოსცემს ქრისტიანულ სააზროვნო სივრცეში, რაც თხზულებას ამაღლებულ პათოსს ანიჭებს, ხოლო მთავარ პერსონაჟს ზნესრულ, განწმენდილ პიროვნებად წარმოაჩენს. სტეფანე მტბევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წმ. გობრონი ეწამა, ვითარცა ქრისტე.

გობრონის წამების იდეური კონცეფცია ბოროტისა და კეთილის ურთიერთშედარება-შეპირისპირებაზეა აგებული. სათანადო თეოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ჰაგიოგრაფი ბოროტების საბოლოო დამარცხების გარდაუვალობასა და კეთილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს.

ღვთის ურჩ ბიბლიურ პირთა ხსენებითა და მათზე მოწევნული სასჯელის შეხსენებით, კიდევ ერთხელ აფრთხილებს მსმენელს, თუ რა მოელის არაჭეშმარიტი სარწმუნოებით ცხოვრების შემთხვევაში. ჰაგიოგრაფის თქმით, სომხეთის აკლების მთავარი მიზეზი სომეხთა ურწმუნოებაა. მათი მეფე სუმბატიც სიკვდილით იმიტომ ისჯება, რომ მას, როგორც ურწმუნოს, ღვთის შეწევნა განეშორა.

გობრონის წამების არაერთი ეპიზოდი მქადაგებლური სულისკვეთებისაა, თხზულების ბოლო ნაწილი – მრევლისადმი მიმართვა – ჰომილეტიკურია.

გობრონის წამების კომპოზიციაში პერსონაჟთა თანმიმდევრული აღწერა შუა საუკუნეების ტაძართა მოხატულობასა და ფრესკათა იერარქიული ანსამბლურობის პრინციპებს შეესაბამება. ნაწარმოებში ხაზგასმულია წმ. მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელთა ცვლილების მსგავსად, მოწამისთვის მეორე სახელის წოდება.

შემონახულია გობრონის წამების 8 ნუსხა. ექვსი XVIII ს-შია გადაწერილი, ხოლო ორი XIX ს. I ნახ-ში. თხზულების შემოკლებული ვარიანტი გამოსცა დ. ჩუბინოვმა 1863 წ. სანქტ-პეტერბურგში. მ. საბინინმა ტექსტი გამოაქვეყნა 1882 წ. „საქართველოს სამოთხეში“, სადაც შეინიშნება ენობრივი შეცდომები; 1946 წ. ს. ყუბანეიშვილმა თხზულების შემოკლებული ვარიანტი დაბეჭდა წიგნში „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“. მისი ასევე შემოკლებული ვერსია დაიბეჭდა „ქართული პროზის“ I ტომში 1981 წ., ხოლო აკადემიური გამოცემა განხორციელდა 1963 წ. აკად. ი. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით „ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ I ტომში, სადაც იგი სრული სახითაა დაბეჭდილი.

გობრონის წამების ტექსტის შესწორებული ვარიანტი გამოიცა 2005 წ.

ი. გრიგალაშვილი


ლიტერატურა

  • აბდალაძე ა., ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, თბ., 1988;
  • გრიგალაშვილი ი., სტეფანე მტბევარის „წმინდა გობრონის წამება“, თბ., 2005;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • ფარულავა გ., მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში, თბ. 1982;
  • ცაგარეიშვილი ე., მიქელ-გობრონი ქართულსა და სომხური საისტორიო მწერლობაში, საქ. სსრ მეცნ. აკადემია, აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, 1, 1959;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები