გიორგი ჭყონდიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ჭყონდიდელი – (გ. 1118) საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი. წმ. (ხსენ. დღე 12/25.09). რუის-ურბნისის საეკლესიო კრების აქტიური მონაწილე. კრების მოსახსენებელში იწოდება „ღირს მეუფედ“, „თუალად“ კრებისა და მწიგნობართუხუცესად. მისი მოხსენიება მეუფედ ცხადყოფს, რომ გიორგი ჭყონდიდელი უკვე კრების დროს ან კრებამდე, ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრის მღვდელმთავარი იყო და მწიგნობართუხუცესის სახელო (თანამდებობა) ეკავა. უარსაყოფია ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული აზრი, რომ გიორგი ჭყონდიდელმა ეპისკოპოსობა რუის-ურბნისის კრების შემდეგ მიიღო.

გიორიგი ჭყონდიდელ დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი და გამტარებელი იყო. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს მასზე, რომ იგი იყო „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა განმზრახი, სვიანი და ფრთხილი... თანაგამკაფელი ყოველთა გზათა მისთა“. გიორგი ჭყონდიდელ მონაწილე იყო ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, რომელსაც ატარებდა დავით IV. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს სამეფოს შემოუერთდა სამშვილდე (1102) და რუსთავი (1115). თან ახლდა დავით IV-ს ჩრდილო კავკასიაში და სწორედ ამ მოგზაურობის დროს გარდაიცვალა ოსეთში. საქართველოში ორმოცი დღე იგლოვეს და დაკრძალეს გელათში.

ზ. აბაშიძე

წყაროები და ლიტერატურა

  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955. ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3, ი. დოლიძის გამოც. თბ., 1970.
  • აბაშიძე ზ., კიდევ ერთხელ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს შესახებ, რელიგიის ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ., 2013;
  • ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII სს., თბ., 1983;
  • ბერძენიშვილი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966;
  • მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წ. 1., თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები