გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (XVIII-XIX სს.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის ტაძარი – არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებია მიჯნით.

ეკლესია დარბაზულია (8,2x5,5მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და მოყვითალო ფერის კირის დუღაბით. კუთხეებში შედარებით უფრო მოზრდილი ქვებია გამოყენებული. კარ-სარკმლების წირთხლები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები მთლიანად აგურისაა. წყობა ირეგულარულია, ტლანქი.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. იგი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნით კი ხის მსხვილი ძელით იყო გადახურული (შემორჩენილია კვალი და ძელის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჭრილია დაბალი, ბრტყლად გადახურული სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, თითო თაღოვანი ნიშია მოწყობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშიცაა. სამივე სარკმელი თითქმის ერთ დონეზეა განლაგებული.

ეკლესიის დარბაზი მოკლეა და გეგმით კვადრატს უახლოვდება (დარბაზის სიგრძე 50-ოდე სმ-ით სჭარბობს მის სიგანეს). გრძივი კედლები და კამარა წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. თაღის ქუსლებთან მოთეთრო ქვის, ტლანქად დამუშავებული, თაროსებრი იმპოსტებია. ასეთივე იმპოსტებია სატრიუმფო თაღის და დასავლეთი კედლის მიმდებარე, შეკიდული, საბჯენი თაღების ქუსლებთანაც.

დამახასიათებელია კამარის წყობა. კამარის ორივე მონაკვეთი შეკრული კამარის მსგავსადაა ნაწყობი – ორივე შედგება ოთხი სამკუთხა ნაწილისგან, რომელთა წვეროები თავს კამარის ცენტრში იყრის. კამარის მსგავსად, არც კონქია ჩვეულებისამებრ ნაწყობი. მისი ზედა ნაწილი კვერცხისებრი ფორმისაა, გამოყვანილია წრისებრად განლაგებული აგურების წყობით და რამდენადმე შემაღლებულია სატრიუმფო თაღის მიმართ. შიგნით ეკლესია შეთეთრებული ყოფილა.

შენობის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებია მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახული იყო საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი. რესტავრაციის დროს მის ნაცვლად ახალი ჯვარი გამოუსახავთ, ოღონდ გაცილებით დაბლა – სარკმლის თავზე.

სამხრეთ ფასადზე შესასვლელი საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც სამსაფეხურიანი ფრიზი აგვირგვინებს. სამივე საფეხური აგურის თითო რიგითაა გამოყვანილი. აქედან ორში აგურები კბილანისებრად, კუთხითაა გამოშვერილი, ხოლო მესამეში – ჩვეულებრივადაა დაწყობილი. კარის ორივე მხარეს, ერთიმეორის ზემოთ, ორ-ორი რომბია განლაგებული. ეკლესიის ლავგარდანი და კედლების ზედა ნაწილები განახლებულია. თავდაპირველი ლავგარდანი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე იყო შემორჩენილი. იგი შედგებოდა ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით წინწამოწეული აგურებით გამოყვანილი ოთხი რიგის მონაცვლეობით.

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები