გეოდეზიური გუმბათი
გეოდეზიური გუმბათი − ფუტურისტული სფერული არქიტექტურული ნაგებობა, აწყობილი ცალკეული ღეროებისაგან, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან გეოდეზიურ სტრუქტურას, რის გამოც ასეთი ნაგებობა გამოირჩევა მაღალი მზიდუნარიანობით.
გეოდეზიური გუმბათი არის მზიდი ბადისებრი გარსი. გუმბათის ფორმას განსაზღვრავს სტრუქტურის კვანძებში თავმოყრილი, ოდნავ განსხვავებული სიგრძის ღეროების მიერ შექმნილი მრავალწახნაგები, რომლებიც მოხაზულობით ახლოს არიან სფეროს სეგმენტის ფორმასთან. ღეროებად გამოყენებულია ძირითადად წრიული და კვადრატული განივკვეთის ფოლადისა და ალუმინის პროფილები. გეოდეზიურ გუმბათს ხშირად ფულერის გუმბათებსაც უწოდებენ (ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის რიჩარდ ფულერის პატივსაცემად). ასეთი კონსტრუქციებით შესაძლებელია გადაიხუროს დიდი ფართობები დამატებითი შუალედი საყრდენების გარეშე, რაც უზრუნველყოფს მათ ფართოდ გამოყენებას ისეთი ნაგებობების მშენებლობაში, როგორებიცაა: ორანჟერეა, პლანეტარიუმი, აუდიტორია, ანგარი, საწყობი, საგამოფენო პავილიონი და სხვ.