განწმენდის რიტუალი (ეგვიპტეში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განწმენდის რიტუალი – „განწმენდას“ ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ქურუმების საერთო სახელი „სუფთა, წმინდა“ იყო. ყოველი ღვთაების მსახურება განწმენდის რიტუალით იწყებოდა. განწმენდა იწყებოდა სხეულის განბანვით. ამ დროს გამოიყენებოდა ნატრონის სოდა, განსაკუთრებით პირის გასუფთავებისას. ამის შემდეგ ხდებოდა საკმეველის შეკმევა და არაცხოველური წარმოშობის ქსოვილის ჩაცმა, რადგან ცხოველი უსუფთაო იყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საკულტო ინვენტარის და თითების სისუფთავეს, რადგან საკრალური ქმედება ხელით უნდა ჩატარებულიყო. ჭურჭელს, რომლითაც განბანვა ხდებოდა, სიცოცხლის ნიშნის ფორმა ჰქონდა. მეფის რიტუალური განწმენდისათვის ტაძარში განსაკუთრებული სენაკიც კი არსებობდა, რომელსაც „დილის სახლი“ ერქვა. განწმენდა მნიშვნელოვანი იყო გარდაცვლილთათვისაც. როგორც ცოცხალი ქურუმი ტაძარში შესვლის წინ, გარდაცვლილი საიქიოში გადასვლისას უნდა განწმენდილიყო. ითვლებოდა, რომ მუმიის დამზადების შემდეგ მასზე „განწმენდის რიტუალის“ ჩატარების გარეშე გარდაცვლილი ვერ მიაღწევდა სამუდამო ნეტარებას. პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ, როგორ ხვდებიან გარდაცვლილ ფარაონს განსაბანად ოთხი ჭურჭლით, ან როგორ ბანაობს ის რასთან ერთად წმინდა ტბაში. ამ სისუფთავეს სიცოცხლე მოჰქონდა, რადგან გარდაცვლილის განწმენდის სცენებს ყოველთვის სიცოცხლის ნიშანი ახლავს თან. ითვლებოდა, რომ განწმენდის შემდეგ გარდაცვლილი აღსდგებოდა სამარხიდან. ტაძრის და სამარხის შესასვლელთან ჩვეულებრივ ათავსებდნენ წარწერას, რომ აქ უსუფთაოს შესვლა ეკძალებოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები