ბოჭორმა (ციხე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოჭორმა - დიდი ციხესიმაგრე კახეთში (ახლანდელი თიანეთის რაიონი), გომბორის ქედის კალთაზე.

X საუკუნეში ბოჭორმა კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი იყო. სამხედრო დანიშნულებას ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნის ბოლომდე ინარჩუნებდა.

ვახუშტი ბატონიშვილი საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ბოჭორმის ციხის მდებარეობას, მისი შექმნისა და სახელდების ისტორიას. მისი თქმით ბოჭორმა აუგია ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის, მეუღლეს და მისთვის დედაციხე უწოდებია. შემდგომ, როცა კუხოსი ჩელეთს აშენებდა, მას მშენებლობაში თავისი ძმა კახოსი მიხმარებია. ამის სანაცვლოდ კუხოსს ძმისთვის ბოჭორმა დაუთმია. ამის მერე ბოჭორმას ვეჭორმა უწოდეს, რაც ნიშნავს: „ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა. მერმე უწოდეს ბოჭორმა“ თუ ამ ცნობას ვერწმუნებით, ბოჭორმა გვიანდელი სახელი ყოფილა. მაგრამ მისი გაზიარება ჭირს, რადგან უძველესი ქართული საისტორიო ძეგლები მას იმთავითვე ბოჭორმად იცნობენ, ბოჭორმისათვის ვეჭორმას შერქმევის ამბავი ან თვით ვახუშტი ბატონიშვილის შექმნილია, ან მას გამოუყენებია ხალხში მოარული რაღაც ვერსია სათანადო ეტიმოლოგიით.

სახელწოდება ბოჭორმის მეცნიერული ეტიმოლოგია დღესდღეობით არ მოგვეპოვება. მართალია, უკანასკნელ ხანს გამოითქვა ვარაუდი მისი ბოჭორ- („გადასახადების ამკრეფი“) სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე, მაგრამ შემოთავაზებული ვარაუდი („ვინ ააშენა ასეთი ციხე? – „ბოჭორმა (ანუ გადასახადების ამკრეფმა ააშენა) ოდნავადაც ვერ უპასუხებს თანამედროვე ენათმეცნიერული კვლევის დონეს: ქართულ ენაში ჩვენ ვერ დავადასტურებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა ტოპონიმი წარმოქმნილია მოთხრობით ბრუნვაში დასმული საკუთარი, ან თუნდაც ხელობის აღმნიშვნელი საზოგადო სახელის მიხედვით. სხვანაირად რომ ვთქვათ, არ შეიძლება გვქონდეს ამ რიგის ტოპონიმები: მეფემ ააგო, ვაჭარმა იყიდა, მდინარემ გაკვალა და მისთ. მაშასადამე, შეუძლებელია ბოჭორმა წარმომდგარი იყოს შესიტყვებისაგან:„ბოჭორ-მა ააგო“.

როგორც უკვე ვთქვით, ტოპონიმ ბოჭორმის ეტიმოლოგიური კვლევა სამომავლო საქმეა.


Logo1.JPG ბოჭორმა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები