ბიჭეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიჭეხი – საკულტო (რიტუალური) ადგილია თუშეთში. ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ბიჭეხის წარმოშობას ერთი უცნაური ამბავი დასდებია საფუძვლად: ოდესღაც ამ ეხში (გამოქვაბულში) შესულა უქმროდ დაორსულებული, სოფლისგან მოკვეთილი და შერისხული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ამ ეხში გაუჩენია ბიჭი. ეს ბიჭი შემდგომ ძლიერი და სახელოვანი ვაჟკაცი გაზრდილა. „იმის გამო ხქვიანო ბიჭეხივ, ეხში დაბადებული რო არისავ, ეხის ბიჭივ… იმის სახელზედ არის ჯვარიც, ასე მაქვ გაგებული“…

ჩვენი ვარაუდით შეუძლებელია სალოცავი ხატის, წმიდა ადგილის სახელს საფუძვლად დასდებოდა თემ-სოფლისაგან მოკვეთილი და შერისხული ქალის მიერ ვაჟიშვილის ეხში გაჩენის ამბავი. უბრალოდ ხალხურმა ეტიმოლოგისტმა სახელწოდებაში მისთვის გასაგები და ნაცნობი ორი სიტყვა (ბიჭი და ეხი) ამოიკითხა და ლეგენდასაც ეს სიტყვები დაუდო საფუძვლად. ფაქტიურად აქ სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ამოსავალია ფიჭვ(თ)-ენი: „ეხი, გამოქვაბული, რომლის სიახლოვესაც ფიჭვის ხე დგას“. იმავე მთქმელის, გაბრო ქითიძის, სიტყვებიდან ირკვევა, რომ ამ ეხის თავზე მართლაც მდგარა ფიჭვის ხე, რომელთაც თუშები წმინდა ხედ თვლიდნენ და ლოცულობდნენ კიდევაც: „მაღალ, წამოხურულ კლდეია და მაღლ ერთ ფიჭვ დგას, დიდი ჯღარდალა ფიჭვი… წინავე იმ ფიჭვსთან გლოცულობდეთ“.

მაშასადამე, აშკარაა, რომ ტოპონიმი ბიჭეხ-ი მომდინარეობს ფიჭვ(თ)ეხი-საგან ფიჭვ- სიტყვის ბიჭ-ად გააზრიანების გზით.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები